თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა mRNA-1273-ს ამერიკული კომპანია Moderna 3 ათას ბავშვზე გამოცდის აშშ-ის ექვს შტატში, იუწყება CNN.
„Moderna-მ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მიწვევა დაიწყო მის მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოსაცდელად“, — ნათქვამია განცხადებაში.
ირკვევა, რომ ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში 12-დან 18 წლამდე ასაკის მოხალისეები იქნებიან ჩართული აიდაჰოს, მინესოტის, ნიუ-იორკის, ოკლაჰომის, ტეხასისა და იუტის შტატებიდან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Moderna-ს კოვიდ–ვაქცინამ კლინიკური კვლევებისას კორონავირუსული დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში ასპროცენტიანი ეფექტურობა გამოავლინა. პრეპარატის კვლევის პროცესში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც პლაცებოს ჯგუფში შედიოდა.
მანამდე ინგლისის მთავარი ექიმის მოადგილემ ჯონათან ვან ტამმა განაცხადა, რომ კაცობრიობა ვერასდროს შეძლებს კორონავირუსის სრულ განადგურებას და ის სეზონური დაავადების სახით დარჩება ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი.