თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარიმ ფედერალურ პროკურორებს დაავალა, საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოსავლენად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარონ გამოძიება, იუწყება სააგენტო Associated Press იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით.
ბარის თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „მკაფიო და სანდო მტკიცებულებები დარღვევების შესახებ“ და ასევე იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები გავლენას ახდენს კენჭისყრის შედეგებზე რომელიმე შტატში.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა შაბათს უკვე გამოაცხადა თავი არჩევნებში გამარჯვებულად. მანამდე იგივე განცხადება გაავრცელა ამერიკულმა მეინსტრიმულმა მედიამაც.
რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი თქმით, არჩევნები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ის მზად არის დაიცვას საკუთარი გამარჯვება სასამართლოში.
ტელეარხი Fox News წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მზად აღიაროს დამარცხება, თუ მისი შტაბის მიერ წამოწყებული იურიდიული პროცესები წარუმატებლად დასრულდება.