თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნებს COVID-19-ის ტესტირების სისტემის უნიფიცირება შესთავაზა.
მიშელმა ფრანგულ რადიოსადგურ RTL-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საუბარია ექსპრეს–ტესტებზე, რომლებიც სწრაფად გამოავლენს ვირუსს და ინფიცირებულების იზოლირებაც ასევე სწრაფად მოხდება.
„მკვლევარები ამ დროისათვის სწრაფი ტესტის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ნერწყვის ანალიზით დაადგენს ვირუსის არსებობას და რაც დაეხმარება ხელისუფლებებს, სწრაფად გამოავლინონ ინფიცირებულები და სწრაფად გადაიყვანონ ისინი იზოლაციაში“, — აღნიშნა ევროსაბჭოს მეთაურმა.
მისი თქმით, ევროპა, ევროკავშირის შიგნით საზღვრების ჩაკეტვით, ვერ გაუმკლავდება კორონავირუსის მეორე ტალღას, ვინაიდან „ვირუსზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით და ის გამოცანად რჩება“.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, ახლა ევროკავშირის ბევრი ქვეყანა განიხილავს განმეორებითი ლოკდაუნის — საყოველთაო თვითიზოლაციის გამოცხადების საკითხს, რასაც „სერიოზული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს“.
მიშელის აზრით, ლოკდაუნის ალტერნატივა შეიძლება იყოს ტესტირების ეფექტური სისტემის გავრცელება საერთო ევროპულ დონეზე, რისთვისაც სწრაფი ტესტების არსებობაა აუცილებელი.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის ტესტების უნიფიცირების საკითხის განხილვა ხუთშაბათს იგეგემება ევროპელი ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე.