თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. COVID-19-ის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინის გაყიდვა შესაძლოა წლის ბოლომდე დაიწყოს, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.
კომიტეტის ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი ჩინური ვაქცინა უკვე გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას უცხოეთში, რაც მსოფლიოში მიმდინარე ყველა კლინიკური კვლევის 44%-ია.
„თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ ჩინური ინაქტივირებული ვაქცინის გაყიდვა უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყება“, — აცხადებენ ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტში.
სულ ქვეყანა ამ დროისათვის 11 ვაქცინის კლინიკურ გამოცდას აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა ვირუსის აფეთქებისთანავე დაიწყეს ერთდოულად ხუთი მიმართულების ვაქცინებზე მუშაობა: რეკომბინანტული ცილების, ადენოვირუსული ვექტორის, ნუკლეინური მჟავების საფუძველზე დამზადებულ და ასევე ინაქტივირებულ და ატენუირებულ გრიპოზულ ვაქცინებზე.
მანამდე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ვან ციუნჩჟიმ განაცხადა, რომ ადგილობრივი ვაქცინების კლინიკურმა კვლევებმა მხოლოდ მსუბუქი და მისაღები გვერდითი მოვლენები გამოავლინა.