01:25 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (532)
234 0 0

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში განსხვავებული სიმპტომატიკით ვლინდება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბავშვებში COVID-19 ზრდასრულებისგან განსხვავებულად იჩენს თავს, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა შრომაც გამოქვეყნებულია სპეციალიზებულ პორტალზე Frontiers Media.

მკვლევარების თქმით, კორონავირუსს, გრიპსა და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს ბევრი რამ აქვთ საერთო და მსგავსი, თუმცა მათი გარჩევა მაინც შესაძლებელია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ასახელებს COVID-19-ის 11 უმთავრეს სიმპტომს. ესენია: ცხელება ან სიცივის შეგრძნება, ხველება, ჰაერის უკმარისობა ან გაძნელებული სუნთქვა, დაღლილობა, კუნთების ან სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვა, ცხვირის გაჭედვა ან სურდო, პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება, დიარეა.

სწავლულების თქმით, ეს სიმპტომები შესაძლოა მაინცდამაინც COVID-19-ით დაავადებაზე არ მეტყველებდეს და სეზონური გრიპისა თუ ჩვეულებრივ მწვავე რესპირატორულ ინფექციაზე მიუთითებდეს.

„მთავარი განსხვავება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს, კორონავირუსით ინფიცირებასთან გვაქვს საქმე თუ სხვა დაავადებასთან — სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობაა“, — მიაჩნიათ ნაშრომის ავტორებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 57 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და სიმპტომების ის თანმიმდევრობა დაადგინეს, რომელიც უტყუარად მიუთითებს COVID-19-ით დაავადებაზე. თანმიმდევრობა ასე გამოიყურება: 

  1. მაღალი ტემპერატურა;
  2. ხველება (უპირატესად მშრალი) და კუნთების ტკივილი;
  3. პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება;
  4. დიარეა.

სეზონური გრიპის შემთხვევაში კი სიმპტომების თანმიმდევრობა ასეთია:

  1. ხველება და კუნთების ტკივილი;
  2. თავისა და ყელის ტკივილი;
  3. მაღალი ტემპერატურა;
  4. დიარეა, პირღებინება და გულისრევის შეგრძნება.

ანუ, გრიპის შემთხვევაში ცხელება მაშინვე არ იწყება.

როგორც ნიუ-იორკელი ექიმი რობერტ გლატერი წერს გამოცემა Healthline-ში, ახალ კორონავირუსს ასევე აქვს უნიკალური სიმპტომები: გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვა, გამონაყარი კანზე, ფეხის თითების გაწითლება და შეშუპება. 

გარდა ამისა, მედიკოსები გვირჩევენ, სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ: სუნთქვის პრობლემა, ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, დეზორიენტაცია, რთულად გაღვიძება და საწოლიდან ადგომის პრობლემა, სახის ან ტუჩების სილურჯე.

კორონავირუსის სიმპტომები ბავშვებში

წამყვანი ბრიტანელი ექსპერტი, პროფესორი ტიმ სპექტორი აცხადებს, რომ ბავშვები, რომლებსაც ცხვირი გაჭედილი აქვთ და აცემინებენ, გამორიცხულია, რომ კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებული.  

პროფესორი სპექტორი მონაწილეობდა კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში COVID-19-ის ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომები ასე გამოიყურება:

  • დაღლილობა (55%-ში);
  • თავის ტკივილები (55%-ში);
  • მაღალი ტემპერატურა (49%-ში).

ამასთან, როგორც Covid Symptom Study-ს მასალებიდან ირკვევა (სწორედ ეს დანართი დაეხმარა ბრიტანელ მკვლევარებს ინფიცირებულებზე დაკვირვებაში), 18 წლამდე ასაკის ინფიცირებული ბავშვები და მოზარდები, როგორც წესი, არ ახველებენ და არ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა.

გარდა ამისა, დადებითი ტესტის მქონე ბავშვებიდან ყოველ მესამეს საერთოდ არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი. ხოლო იმ ბავშვებში, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები გამოუვლინდათ, ყველაზე ხშირი იყო ყელის ტკივილი (38%) და მადის დაკარგვა (35%). ამასთან, ყოველ მეექვსეს აღენიშნებოდა გამონაყარი კანზე.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (532)

მთავარი თემები