ქირურგებმა დასაკეცი დანასავით მოხრილ პაციენტს ძვლები დაუმტვრიეს და წელში გამართეს – ვიდეო

© Pixabay / Engin_Akyurtქირურგიული ინსტრუმენტები
ქირურგიული ინსტრუმენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაცმა 25 წლის შემდეგ პირველად დაინახა დედის სახე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საოცრად დაბერებულიყო და გაჭაღარავებულიყო...

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. პაციენტს, რომელიც წელში დასაკეცი დანასავით იყო მოხრილი და ამის გამო მისი სიმაღლე მხოლოდ 90 სმ-ს შეადგენდა, ჩინელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს, იუწყება გამოცემა daily mail. 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 46 წლის ლი ჰუაზე, რომელსაც 18 წლის ასაკში „ბეხტერევის დაავადების“ სახელწოდებით ცნობილი მაანკილოზებელი სპონდილიტი დაეწყო. ეს პათოლოგია უფრო ხშირად ხერხემალს ეხება: მალები ერთმანეთს ეზრდება, მოძრაობის უნარს კარგავს და ხერხემალი ძლიერ მრუდდება.  

​მაგრამ ლი ჰუას შემთხვევაში ავადმყოფობა იმდენად აგრესიული გამოდგა, რომ კაცი ზუსტად შუაზე მოხარა და დასაკეც დანას დაამსგავსა. მისი სახე თეძოებს დაებჯინა ისე, რომ პირსა და ფეხებს შორის ორ სანტიმეტრამდე მანძილიღა დარჩა. ლი ჰუას მხოლოდ საწრუპის მეშვეობით შეეძლო წყლის დალევა და საკვების მიღება.

მთელი 28 წლის განმავლობაში კაცს დედა უვლიდა, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში ურიცხვი სამედიცინო დაწესებულება მოიარა, მაგრამ ამაოდ: მისი შვილის ხერხემლის დეფორმაცია ძალიან მძიმე იყო.

სინათლე გვირაბის ბოლოს მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლი ჰუას შენჩჟენის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის სპეციალისტებმა მიაქციეს ყურადღება.

ირკვევა, რომ „პაციენტი–დასაკეცი დანა“ ქირურგ ტაო ჰიურენთან გასული წლის ივნისში მოხვდა. მკურნალობის გეგმას ექიმები ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. დადგინდა, რომ შველა მხოლოდ ოთხი ოპერაციის სერიით შეიძლებოდა, რა დროსაც თავდაპირველად ძვლები უნდა დაემტვრიათ პაციენტისთვის, მერე კი თავიდან აეწყოთ მისი ჩონჩხი.

პირველი ოპერაცია შარშან, 15 აგვისტოს ჩატარდა და სამი საათი მიმდინარეობდა. ამ დროს ექიმებმა პაციენტის პირი და თეძოები დააშორიშორეს, რათა ლი ჰუას სამედიცინო აპარატურაზე მიერთება გამხდარიყო შესაძლებელი — უფრო ხანგრძლივი და რთული ოპერაციებისთვის.   

მეორე ოპერაციის დროს ქირურგებმა პაციენტის ხერხემლის კისრის განყოფილება დაამტვრიეს და თავიდან ააწყეს, რასაც 6 საათი მოანდომეს. ამ დროს ლი ჰუამ ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ოპერაცია მაინც წარმატებით დასრულდა და, პირველად 25 წლის განმავლობაში, კაცმა თავი ასწია.

„ოპერაციის შემდეგ, როგორც იქნა, დედაჩემის სახე დავინახე. დაბერებულა და გაჭაღარავებულა ჩემზე ზრუნვისგან. ძალიან შემეცოდა. მთელი ცხოვრება ჩემი მოვლის მეტი არაფერი გაუკეთებია. იმედი მაქვს, მალე გამოვჯანმრთელდები და ტვირთს შევუმსუბუქებ“, — ამბობს ლი ჰუა.

მკურნალობის მესამე ეტაპი ყველაზე რთული გამოდგა. ექიმები 10 საათის განმავლობაში ამტვრევდნენ და თავიდან აწყობდნენ ლი ჰუას წელის ძვლებს. ამის შემდეგ კაცი, პირველად ყმაწვილობის შემდეგ, წელგამართული დაწვა საწოლში.

ბოლო, მეოთხე ოპერაციის დროს ექიმებმა პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრები შეუცვალეს, რათა მას ადგომა და სიარული შეძლებოდა. ამ მანიპულაციას შვიდი საათი დასჭირდა, რითიც 31 ოქტომბერს მკურნალობის ქირურგიული ნაწილი დასრულდა.

დაიბადა ბავშვი ორი პირითა და ორი ენით – ვრცელდება ფოტოები>>

ამის შემდეგ კი დაიწყო სამკურნალო ფიზკულტურისა და ფიზიოთერაპიის მრავალთვიანი კურსები, რათა ატროფირებული კუნთები აღდგენილიყო. მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ლი ჰუა საავადმყოფოდან გამოწერეს და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ისევ ყავარჯნებით დადის, ექიმები ირწმუნებიან, რომ ის დაახლოებით სამ თვეში დამოკიდებლად მოძრაობას შეძლებს.

ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე ბედნიერ დედას სჯერა, რომ მისი შვილი, რომელმაც დასაკეცი დანის პოზაში 25 წელი გაატარა, მალე დაქორწინდება და შვილიშვილების გაზრდასაც მოასწრებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0