18:17 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (493)
73001

გრძელი ფეხებისა და ხელის თითების სიგრძის გავლენას ჯანმრთელობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოწინავე უნივერისტეტების მეცნიერები წლების განმავლობაში სწავლობდნენ.

ადამიანის აღნაგობისა და სხეულის ზოგი ნაწილის თავისებურებები ხშირად მიანიშნებს ისეთი სერიოზული დაავადებების ჩამოყალიბების რისკზე, როგორებიცაა: ინფარქტი, ინსულტი, დიაბეტი და კიბოს ზოგი სახეობაც კი. მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რა დაავადებაზე მეტყველებს სხეულის ნაწილების სიდიდე თუ სიმცირე.

საჩვენებელი თითი

ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც გულის შეტევების მქონე მამაკაცებს აკვირდებოდნენ, შენიშეს, რომ მათ შორის ბევრს მოკლე არათითი ჰქონდა. და რაც უფრო დიდი იყო სხვაობა საჩვენებელი თითის სიგრძესთან, მით უფრო ადრეულ ასაკში ჩნდებოდა გულის პრობლემები — როგორც წესი, დაახლოებით 30 წლის ასაკში.

იმ პაციენტებს, რომლებსაც ეს ორი თითი (საჩვენებელი და არათით) ტოლი სიგრძისა ჰქონდათ, ინფარქტი, როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ემართებოდათ. ხოლო მათ, ვისაც საჩვენებელი თითი სულ უმნიშვნელოდ ჰქონდათ არათითზე მოკლე, გულთან დაკავშირებული პირველი პრობლემები მხოლოდ 70 წლის შემდეგ ეწყებოდათ.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველაფერ ამაში ტესტოსტერონია დამნაშავე, რომელმაც ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში თითების სიგრძეზე მოახდინა გავლენა. ხოლო როცა ორგანიზმში ბევრი ტესტოსტერონია, ადამიანს უფრო ხშირად წარმოექმნება თრომბი და გულის დაავადებებიც ხშირად ემართება. სწორედ ამიტომ დაასკვნეს ლივერპულელმა მეცნიერებმა, რომ მოკლე არათითი შესაძლოა ახალგაზრდა ასაკში ინფარქტებისა და ინსულტების მანიშნებელი იყოს.

გარდა ამისა, საჩვენებელ თითთან შედარებით მოკლე არათითი ასევე შეიძლება იყოს მამაკაცებში პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მაუწყებელიც. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც პროსტატის კიბოთი დაავადებული 1500 პაციენტი 3000 ჯანმრთელ მამაკაცს შეადარეს.

გაირკვა, რომ შედარებით გრძელი საჩვენებელი თითის მქონე მამაკაცებს პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი 33%-ით მაღალი ჰქონდათ.

რაც შეეხება ქალებს, მათ შემთხვევაში გრძელი საჩვენებელი თითი (არათითთან შედარებით), როგორც წესი, გვიან მენოპაუზაზე მეტყველებს; ხოლო მოკლე — არის ნიშანი იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკი მცირეა, ხოლო ხელების ოსტეოართრიტის შანსი — შედარებით მაღალი.

გრძელი ფეხები

გერმანელი მეცნიერების მონაცემებით, გრძელი ფეხები — ეს უდიაბეტო სიცოცხლის გარანტიაა. ექსპერტებმა საშუალო ასაკის 2 500 ადამიანს შეუმოწმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუზომეს სიმაღლე, ფეხების სიგრძე, წელის გარშემოწერილობა და  წონა.

გაირკვა, რომ: სიმაღლის ყველაზე მცირე მაჩვენებელზე დამატებითი ყოველი ათი სანტიმეტრი (ანუ მამაკაცებში 169,7 სმ-დან და ქალებში 157,8 სმ-დან) მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკს მამაკაცებში საშუალოდ 41%-ით ამცირებს, ხოლო ქალებში — 33%-ით. ანუ, მეცნიერების განმარტებით:

რაც მაღალია ადამიანი, მით ნაკლებია მისი დიაბეტით დაავადების რისკი, ოღონდ ერთი პირობით: სხეულის სიმაღლეს ორივე სქესის წარმომადგენლებში უნდა განსაზღვრავდეს ფეხების სიგრძე და არა ტორსისა.

თუმცა, როგორც ამერიკელი ონკოლოგები ამბობენ, გრძელფეხება ადამიანები შედარებით ხშირად ავადდებიან კუჭ–ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეებით.  

ეს დასკვნა მათ 45-დან 64 წლამდე ასაკის 15 ათასი ადამიანის ანთროპოლოგიური მონაცემებისა და სამედიცინო ისტორიების შესწავლის შემდეგ გააკეთეს. მათი თქმით, ყველაზე გრძელი ფეხების მქონეებს კოლორექტალური კიბოთი დაავადების რისკი 36%-ით მაღალი ჰქონდათ, ვიდრე ყველაზე მოკლე ფეხების მქონეებს. ხოლო კუჭ-ნაწლავის სისტემის კიბოთი დაავადების რისკი 51%-ით მაღალი იყო.   

გარდა ამისა, ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე დაადგინეს, რომ გრძელფეხება ადამიანებს 50 წლის შემდეგ იშვიათად ეწყებათ მახსოვრობისა და კონცენტრაციის პრობლემები.

როგორც ირკვევა, ლონდონელმა მკვლევარებმა 1677 ახალშობილი შეარჩიეს და მათ 53 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ცოტა ხნის წინ მათ ამ ექსპერიმენტის მონაწილეების კოგნიტიური უნარები შეამოწმეს და აღმოაჩინეს რომ ქულათა მაქსიმუმი სწორედ გრძელფეხება ადამიანებმა დააგროვეს.

მეცნიერების თქმით, გრძელი ფეხები — ეს სწრაფი ჰორმონალური ზრდის ნიშანია, ხოლო მოკლე — სიცოცხლის პირველ წლებში არასაკმარის კვებასა და ერთფეროვნებაზე მიანიშნებს, რასაც, თავის მხრივ, გრძელვადიანი პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს: ინსულინისადმი მგრძნობელობა, მეორე ტიპის დიაბეტის მაღალი რისკი და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (493)

მთავარი თემები