10:29 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (529)
445 0 0

ზოგ ადამიანს ძალიან უყვარს „მუცლის დღეობის“ მოწყობა და ნორმაზე მეტი საკვების მირთმევა, რის შემდეგაც უარყოფითი შედეგების გასანეიტრალებლად საათობით ვარჯიშობს. მაგრამ ირკვევა, რომ ეს აუცილებელი არ ყოფილა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმი კარგად უმკლავდება კალორიების ერთჯერად გადაჭარბებას, ანუ, თუ თავს უფლებას მისცემთ, რომ ერთჯერადად კარგად დანაყრდეთ, წონაში არ მოიმატებთ, ასკვნიან ბატას (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა ახალი კვლევა Cambridge.org-ზეა გამოქვეყნებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობდნენ 22-დან 37 წლამდე ახალგაზრდა, ჯანმრთელი მამაკაცები, რომლებიც ჩვეულებრივზე ბევრად მეტ პიცას მიირთმევდნენ. ერთ კვებაზე მათ 3000 კალორიაზე მეტი მიიღეს, რითიც მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი სტანდარტული სადღეღამისო კალორიულობა.

აღმოჩნდა, რომ ასეთი გადამეტებული ჭამა მხოლოდ უმნიშვნელოდ აისახა კვლევაში მონაწილე პირების ძირითად მეტაბოლურ მაჩვენებლებზე. მამაკაცებში ინსულინისა და ჰორმონების დონე გაიზარდა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დანაყრების შეგრძნებაზე, მაგრამ სისხლში შაქრისა და ლიპიდების მკვეთრი ნახტომი არ მომხდარა — ეს მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში დარჩა. „მუცლის დღეობის“ ერთადერთი მინუსი — მოთენთილობა და ძილიანობა აღმოჩნდა, რაც მონაწილეებმა რამდენიმე საათის შემდეგ იგრძნეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი კარგად უმკლავდება კალორიების ერთჯერად გადაჭარბებას და ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია თავს უშიშრად მისცეს ზედმეტის უფლება, მაგალითად, სადღესასწაულო ვახშამზე. მკვლევარების თქმით, ამას არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება დაუყოვნებელი ნეგატიური შედეგი.

„ჩვენი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ადამიანს შეუძლია საჭიროზე ორჯერ მეტი მიირთვას ერთჯერადად, ჩვენი ორგანიზმი ამაზე კარგად არის ადაპტირებული“, — ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯეიმს ბეტსი.

ამასთან, მეცნიერები განმარტავენ, რომ თუ მიღებული კალორიების ნორმას რეგულარულად გაზრდით, მაშინ სიმსუქნე და მისი თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემები (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.) დიდხანს არ გალოდინებთ.

სამომავლოდ მკვლევარები გეგმავენ შეამოწმონ საკვების ერთჯერადი გადაჭარბებული მოხმარების გავლენა არა მხოლოდ ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცების ორგანიზმზე, არამედ ქალებზე, ჭარბი წონის ადამიანებსა და ხანდაზმულებზეც.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (529)

მთავარი თემები