როგორ გახასიათებთ სელფით გატაცება: ფსიქოლოგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს

გამოწერა
ამერიკელი მეცნიერების კვლევამ სელფის მოყვარული ადამიანების რეალური ფსიქოლოგიური პორტრეტი დახატა და აჩვენა, როგორი აზრი ექმნებათ მათზე სოციალურ ქსელებში.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თუ სოციალურ ქსელებში აქამდე განაგრძობთ სელფი-ფოტოების გამოქვეყნებას, იცოდეთ, რომ ვერასდროს გახდებით „ინსტაგრამის“ დედოფალი, აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი კრის ბარი, რომელიც უკვე ხუთი წელია სწავლობს, თუ როგორ აისახება ადამიანის პიროვნული შტრიხები მის ქცევაზე სოციალურ ქსელებში. 

აღსანიშნავია, რომ ადრე სამეცნიერო საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, სელფი-ფოტოების დიდი რაოდენობა ადამიანის ნარცისულ-ნევრასტენიკულ მიდრეკილებებზე მეტყველებდა. კრის ბარიმ გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს პოპულარული თეორია პრაქტიკაზე, რისთვისაც კვლევა ჩაატარა და... უარყოფითი პასუხი მიიღო.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში დიდი რაოდენობით ფოტოებს აქვეყნებდნენ, რეალურ ცხოვრებაში არ გამოირჩეოდნენ გადაჭარბებული თვითშეფასებითა და ამპარტავნებით.

მაშინ მეცნიერმა გადაწყვიტა, გამოეკვლია, როგორ აღიქვამდნენ ირგვლივ მყოფები ამა თუ იმ ადამიანის გატაცებას სელფებით და რა შთაბეჭდილება ექმნებოდათ მათ შესახებ.

კრის ბარიმ და მისმა კოლეგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ სტუდენტების ორი ჯგუფი შეკრიბეს: 30 კაცი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და 119 – სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტიდან. მეცნიერებს შემთხვევით არ შეურჩევიათ ქვეყნის საპირისპირო ნაწილებში განთავსებული სასწავლო დაწესებულებები — ეს იმისთვის გაკეთდა, რომ გამოერიცხათ პირადი ნაცნობობა პირველი და მეორე ჯგუფის წევრებს შორის. 

სელფი - Sputnik საქართველო
ამერიკელმა ფსიქიატრებმა „სელფი“ ოფიციალურად აღიარეს ფსიქიკურ აშლილობად

ვაშინგტონელმა სტუდენტებმა სწავლულებს თავიანთი ინსტაგრამ-გვერდები წარუდგინეს ექსპერიმენტისთვის. ფსიქოლოგებმა აკაუნტებიდან რამდენიმე ათეული პოსტი შეარჩიეს ერთმანეთის მსგავს თემებზე — მაგალითად, სადაც ახალგაზრდები მოგზაურობებზე, წვეულებებზე, სპორტულ ღონისძიებებსა თუ მათ ცხოვრებაში მომხდარ სხვა მოვლენებზე „საუბრობდნენ“. ამასთან, ზოგი სტუდენტი ამისთვის სელფის ამჯობინებდა, ზოგი კი პოზირების ჟანრს, ანუ როცა სხვა უღებდა ფოტოებს.

​ამის შემდეგ ვაშინგტონელი სტუდენტების პროფილები მისისიპელ თანატოლებს გადასცეს, რომლებსაც ისინი 13 კრიტერიუმით უნდა შეეფასებინათ: ნარცისიზმი, წარმატება, ექსტრავერსიისადმი მიდრეკილება, დაბალი ან მაღალი თვითშეფასება და ა.შ.

გაირკვა, რომ ერთი და იმავე მოვლენის მიწოდების ფორმა ძლიერ გავლენას ახდენდა მომხმარებლების აღქმაზე.

„იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აკაუნტს ერთნაირი შინაარსი ჰქონდა, იმ ადამიანისადმი დამოკიდებულება, რომელიც სელფებს აქვეყნებდა, უარყოფითი იყო. ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც პოზირებას არჩევდნენ, შეფასდნენ როგორც უფრო საზრიანები, კომუნიკაბელურები, საიმედოები და წარმატებულები. გარდა ამისა, იუზერები მიიჩნევდნენ, რომ ეს მაღალი თვითშეფასების მქონე და კარგი სამეგობრო ადამიანები იყვნენ. სელფის მოყვარულები ყველა პოზიციაში ჩამორჩებოდნენ“, — ამბობს პროფესორი კრის ბარი.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ვიზუალური სიგნალები, რომლებიც, კონტექსტის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს ან გაღიზიანებას იწვევს. სწავლულების ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ადამიანი ბევრად ბუნებრივად გამოიყურება, როდესაც პოზირებს, ანუ სხვა უღებს სურათს. ამიტომ სოციალური ქსელების მომხმარებლები გულწრფელ და გახსნილ ადამიანად აღიქვამენ ასეთებს, ხოლო სელფის მოყვარულებს მანერულ, საკუთარ თავზე შეყვარებულ და ამპარტავან ეგოისტებად აფასებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0