03:44 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (392)
1231 0 0

ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თუ ამ სანელებლების გემო მოგწონთ, შეგიძლიათ ცხიმიანი და ნახშირწყლების შემცველი საკვები ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოდ გადააქციოთ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. დიდი რაოდენობით ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებში სანელებლების დამატება ამცირებს მის მავნებლობას ორგანიზმისთვის, დაასკვნეს პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა, რომელთა შრომაც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში The Journal of Nutrition

მეცნიერების თქმით, მაღალკალორიული საკვების ერთ-ერთი საკვანძო თავისებურება, რის გამოც არის კიდეც მავნებელი, ისაა, რომ მისი მიღება ორგანიზმში ანთებითი პროცესის პროვოცირებას ახდენს. ხოლო ქრონიკული ანთების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმი გაძლიერებულად იწყებს ზედმეტი წონის აკრეფას და მოწყვლადი ხდება გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

„ოქროს სტანდარტი — ეს, რაღა თქმა უნდა, ჯანმრთელი კვება, ფიზიკური ვარჯიში და, როგორც შედეგი, წონის დაკლებაა. მაგრამ ასეთი ქცევითი ცვლილებები რთულია და დროს მოითხოვს. ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, იძლევა თუ არა დადებით ეფექტს საკვებში ჩვეული სანელებლების ნარევის დამატება“, — აცხადებს კვლევის თანაავტორი კონი როჯერსი.

ირკვევა, რომ ექსპერიმენტის დროს, რომელშიც 40-დან 65 წლამდე ასაკის 12 (ძირითადად ჭარბწონიანი) მოხალისე იღებდა მონაწილეობას, მეცნიერებმა გამოიყენეს დაფნის ფოთლის, შავი პილპილის, რეჰანის, დარიჩინის, ქინძის, ძირის, ჯანჯაფილის, თავშავის, ოხრახუშის, წითელი წიწაკის, როზმარინის, ქონდრისა და კურკუმის ნარევი.

თითოეულ მონაწილეს სამი დღის განმავლობაში მაღალკალორიული საკვების სამი ვარიანტის გასინჯვა მოუხდა: სანელებლების გარეშე, ორი გრამის და ექვსი გრამის სანელებლის დამატებით.

ყოველი ექსპერიმენტული სადილის შემდეგ მეცნიერები მონაწილეებს ოთხჯერ უღებდნენ სისხლის ანალიზს, რათა ზუსტად მიედევნებინათ თვალი, რამდენად ძლიერ იმოქმედებდა საკვები ორგანიზმში ანთებების მარკერებზე. 

მონაცემების გაანალიზების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ანთებითი ციტოკინების რაოდენობა ყველაზე მეტად მაშინ მცირდებოდა, როდესაც მონაწილე ექვსი გრამი სანელებლით შეკმაზულ კერძს მიირთმევდა. ეს დაახლოებით ერთი ჩაის კოვზს უდრის.

„თუ სანელებლების გემო მოგწონთ, შეგიძლიათ ცხიმიანი და ნახშირწყლების შემცველი საკვები ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოდ გადააქციოთ. ჩვენ არ ვიცით, ერთი სანელებელი აგებს ამაზე პასუხს თუ რამდენიმე, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ მიერ შესწავლილმა ნარევმა დადებითი ეფექტი გამოავლინა“, — აცხადებს კონი როჯერსი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მკვლევარების ჯგუფმა მარკ მოსის ხელმძღვანელობით ადამიანის ტვინზე სურნელოვანი მცენარეული ეთერზეთების არომატების ზემოქმედება შეისწავლა. მათი დასკვნით, როზმარინის არომატის შესუნთქვა ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს, განსაკუთრებით, აღადგენს მეხსიერებას.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (392)

მთავარი თემები