თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მწეველ ქალებს უფრო უჭირთ სიგარეტისთვის თავის დანებება, ვიდრე მამაკაცებს, ვინაიდან ძლიერი სქესი ამას მხოლოდ ნიკოტინის მორიგი დოზის მისაღებად აკეთებს, ხოლო სუსტი სქესი — ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოსახსნებლად, ირწმუნებიან ამერიკელი მეცნიერები.
სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლულთა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნერვოზულ ვითარებაში ქალები უფრო მეტ სტრესს განიცდიდნენ, ვიდრე მამაკაცები, შესაბამისად, მათ მყისიერად უჩნდებოდათ მოწევის სურვილი.
მეცნიერები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალი სიგარეტს მხოლოდ „ნიკოტინური შიმშილის“ დასაკმაყოფილებლად ეწევა, მას მარტივად შეუძლია უარი თქვას მავნე ჩვევაზე, რაშიც ნიკოტინის შემცვლელი თერაპია დაეხმარება: პლასტირები, საღეჭი რეზინები თუ ინჰალატორები.
„მაგრამ თუ სიგარეტი ქალისთვის „სულის მოთქმის“ საშუალებაა, მაშინ ამგვარი მეთოდი შედეგს ვერ გამოიღებს — მსგავსი თერაპია უშედეგო იქნება“, — აღნიშნავენ მეცნიერები და განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევაში უპირველესი ამოცანა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაა.
იმისათვის, რომ მწეველ ქალებს მავნე ჩვევაზე უარის თქმა გაუადვილდეთ, მეცნიერებმა კვლევებზე დაყრდნობით რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს.
მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც მოწევას მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 15 დღით ადრე, ან მისი დასრულებიდან 15 დღის შემდეგ ანებებენ თავს, უფრო წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას, ვიდრე ისინი, ვინც ამას ციკლის პერიოდში აკეთებს.
ამასთან სწავლულები მოუწოდებენ ქალებს, არავითარ შემთხვევაში არ თქვან უარი სიგარეტისთვის თავის დანებებაზე წონაში მომატების შიშით. საქმე ისაა, რომ ამ დროს აკრეფილი ჭარბი კილოგრამები, როგორც წესი, მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში ისევ ქრება.
პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორის კენეტ პერკინსის თქმით, მოწევისთვის თავის დანებების პერიოდში კარგი იქნება, თუ დაბალკაროლიული საკვებს მოიმარაგებთ, განსაკუთრებით ისეთს, რომლითაც მოწევის იმიტირება შეგიძლიათ. მაგალითად, სტაფილო, ნიახური და სხვა მსგავსი ფორმის ბოსტნეული.
საგანგაშო დასკვნა: ვეიპების მოწევა დნმ-ს სახიფათოდ ცვლის>>
გარდა ამისა, პერკინსი ირწმუნება, რომ ქალებს აუცილებლად სჭირდებათ ოჯახის წევრების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მამაკაცებს უფრო მარტივად შეუძლიათ ამის გარეშეც იოლად გავიდნენ.
ამასთან, პროფესორი ურჩევს სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომ დროებით თავი შეიკავონ მწეველ მეგობრებთან ურთიერთობისა და წვეულებებზე სიარულისგან, სადაც შეიძლება ალკოჰოლის მიღების შემდეგ სიგარეტი მოუნდეთ.
„კარგი იქნება, თუ შეადგენთ ჩამონათვალს, თუ რამ შეიძლება გაგიჩინოთ მოწევის სურვილი, და შეეცდებით თავი აარიდოთ მათ“, — ამბობს პროფესორი პერკინსი.
ამასთან, კარგი იქნება, თუ ყოველდღე ისეირნებთ სწრაფი ნაბიჯით ან იცურავებთ — ერთიცა და მეორეც, ფსიქიატრის თქმით, მოწევას გამორიცხავს.