თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ჩინეთის გამოცდილი ჰაკერები და მზვერავები ცდილობენ მოიპარონ ამერიკული კვლევა კორონავირუსის ვაქცინისა და ასევე ინფექციის მკურნალობის მეთოდების შესახებ, იუწყება გამოცემა New york Times აშშ-ის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მის განკარგულებაშია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის ასლი, რომელიც უკვე მზადდება გამოსაქვეყნებლად.
საჯარო განცხადების პროექტში, რომელიც, ჩინოვნიკების თქმით, სავარაუდოდ, მალე გამოქვეყნდება, ნათქვამია:
„ჩინეთი არაკანონიერი მეთოდებით ეძებს ფასეულ მონაცემებს ინტელექტუალური საკუთრებისა და ჯანდაცვის სფეროში კორონავირუსის ვაქცინებთან, მკურნალობასთან და ტესტირებასთან დაკავშირებით“.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ათზე მეტმა ქვეყანამ უკვე ჩართო თავისი სამხედრო და მზვერავი ჰაკერები იმ მონაცემების მოპოვების საქმეში, რომლებიც სხვა ქვეყნებს გააჩნიათ კორონავირუსთან დაკავშირებით, „რათა უპირატესობას მიაღწიონ პანდემიის საკითხში“.
„ამერიკის ისეთმა მოკავშირეებმაც კი, როგორიცაა სამხრეთ კორეა, და ასევე ქვეყნებმა, რომლებიც არ გამოირჩევიან კიბერ-შესაძლებლობებით, როგორიცაა ვიეტნამი, მოულოდნელად გადართეს სახელმწიფო ჰაკერები ვირუსებთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვებაზე“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ამერიკული სპეცსამსახურები, კიბერდანაშაულის გარდა, ყურადღებას ასევე ამახვილებენ „არატრადიციულ სუბიექტებზე“. საუბარია მკვლევარებსა და სტუდენტებზე, რომლებიც აკადემიურ და კერძო ლაბორატორიებში არიან დასაქმებული.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ არაერთხელ დაადანაშაულეს ჩინეთი როგორც ვირუსის უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებაში, ისე ინფორმაციის დამალვაში, რამაც დიდი ზარალი მიაყენა არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე არაერთხელ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ უჰანის ლაბორატორიას დაცვის უმაღლესი, მრავალსაფეხურიანი სისტემა აქვს, რაც ვირუსის „გამოქცევას“ გამორიცხავს, ხოლო ხელისუფლება ყოველთვის ღიად და მყისიერად აწვდიდა ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის შესახებ.