თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. როგორ უნდა მოვექცეთ ახალშობილს, თუ ის კორონავირუსით ინფიცირებული დედისგან დაიბადება — მისი იზოლირება ჯობს თუ დედასთან დატოვება? ამერიკელმა მეცნიერმა ამ პრობლემის დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Breastfeeding Medicine.
აღსანიშნავია, რომ ჯანმოსა და ჯანდაცვის ზოგი ეროვნული ორგანიზაციის რეკომენდაციები ახალშობილების COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებული დედების გვერდით ყოფნას ითვალისწინებს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის აზრით კი დედები და შვილები დროებით უნდა განცალკევდნენ, მანამ, სანამ დედა გადამდებია.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამეანო და გინეკოლოგიური მედიცინის სკოლის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალისონ სტუბე ამტკიცებს, რომ თუ ახალშობილები კორონავირუსით ინფიცირებულ დედებთან დარჩებიან, ამ შემთხვევაში სარგებელი მეტი იქნება, ვიდრე რისკი.
„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩვილებისა და დედების (რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ან უკვე დაუდასტურდათ COVID-19) ადრეული განცალკევება შედეგებს აუმჯობესებს. მართალია, განცალკევებამ შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს დედისგან ბავშვზე ვირუსის გადაცემის რისკი საავადმყოფოში ყოფნისას, მაგრამ ამას შეიძლება პოტენციურად ნეგატიური შედეგები ჰქონდეს როგორც დედის, ისე ბავშვისთვის“, — წერს მეცნიერი.
აღწერს რა რისკებს, რომლებიც ბავშვის დედისგან გამიჯვნის დროს წარმოიშვება, ექიმი სტრუბე ხაზს უსვამს კრიტიკულ საათებსა და დაბადების პირველ დღეებში ძუძუთი კვებისა და სხეულით კონტაქტის დარღვევებს დედასა და შვილს შორის. არგუმენტის სახით მას სამედიცინო სტატისტიკა მოჰყავს, რომელიც მიუთითებს, რომ ახალშობილებს, რომლებიც საკუთარ დედასთან ფიზიკურ კონტაქტს მოკლებული არიან, აღენიშნებათ გულისცემისა და სუნთქვის უფრო მაღალი სიხშირე და ასევე გლუკოზის დაბალი დონე. გარდა ამისა, განცალკევებული ბავშვი მოკლებულია დედის რძეს. დედის რძე კი ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებისთვის.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ ძუძუთი კვების არარსებობა ბავშვებში ზრდის სერიოზული რესპირატორული ინფექციების, მათ შორის პნევმონიისა და COVID-19-ის განვითარების რისკს. მისი თქმით, ძუძუთი კვება ბავშვისთვის პირველი ვაქცინაა, ვინაიდან დედის რძე შეიცავს ბევრ ოლიგოსაქარიდს და თანდაყოლილ იმუნურ ფაქტორებს, რომლებიც ამსუბუქებს ვირუსული ინფექციების მოქმედებას.
ალისონ სტუბე განმარტავს, რომ შვილისგან განცალკვების შემთხვევაში დედისთვისაც არსებობს ნეგატიური შედეგები. ფსიქოლოგიურმა სტრესმა შესაძლოა გააძნელოს ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ მისი ბრძოლა, მით უმეტეს, რომ, ექიმის თქმით, „განცალკევება ვერ აღკვეთს ინფექციას“.
„მარტის ბოლოს გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ უჰანში COVID-19-ით ინფიცირებული დედებისგან დაბადებული 33 ბავშვიდან მხოლოდ სამს ჰქონდა SARS-CoV-2-ზე დადებითი პასუხი. მაშინაც კი, თუ განცალკევება ხელს შეუშლის ინფიცირებას მშობიარობის პირველ დღეებში, არ არის გამორიცხული, რომ ეს გაწერის შემდეგ მოხდეს“, — წერს სტრუბე.
ექიმის თქმით, სოციალური დისტანცირებისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე ცოტა ოჯახს თუ აქვს სახლში რესურსები ბავშვის იზოლაციისთვის. ამავე დროს არ გამოირიცხება ისიც, რომ ოჯახის რომელიმე წევრი ინფიცირებული იყოს. გამომდინარე აქედან, დასაშვებია, რომ საავადმყოფოში დედისა და ბავშვის გამიჯვნა ინფექციას უბრალოდ გადაავადებს, მაგრამ ვერ აღკვეთს.
ავტორი მტკიცე რეკომენდაციას უწევს ბავშვის დედასთან დატოვებასა და მისი ძუძუთი გამოკვებას, ხოლო დედებს ურჩევს, ხშირად დაიბანონ ხელები, ატარონ პირბადე და გამუდმებით ჩაუტარონ დეზინფექცია ზედაპირებს, რომლებსაც ეხებიან. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ახალშობილი დედას შეიძლება დაშორდეს, შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როცა დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ბავშვის მოვლის საშუალებას.