თბილისი, 25 მარტი — Sputnik. გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის სიმცირეს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლოტარ ვილერმა, რომელმაც პრესკონფერეციაზე ეს ფაქტორები ჩამოთვალა.
#COVID-19 Pressebriefing jetzt Mo, Mi, Fr, 10 Uhr. Vor Ort nur noch Pool-Teams. Mit #RKI-Präsident Lothar H. Wieler https://t.co/EGU67PwIfm
— Robert Koch-Institut (@rki_de) March 23, 2020
რობერტ კოხის ინსტიტუტი – გერმანიაში ინფექციური დაავადებების შემსწავლელი ფედერალური ინსტიტუტია. ის ქვეყნის მასშტაბით დაავადების საკუთარ სტატისტიკას აწარმოებს და დღე-ღამეში ერთხელ აქვეყნებს.
„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რატომ ხდება ეს (იგულისხმებს ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მცირე შემთხვევები - რედ.), მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებმაც ამაში დიდი როლი შეასრულა“, — განაცხადა ვილერმა.
მისი თქმით, გერმანიაში თავიდანვე შედარებით ფართოდ ტარდებოდა ტესტები, რის შედეგადაც აღმძვრელები ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდა. ეს დაავადების მსუბუქი ფორმები იყო, რომლებიც „სხვა პირობებში, შესაძლოა, საერთოდაც არ დაფიქსირებულიყო“.
გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, გერმანიაში დაავადებულთა შორის ამ დრომდე მცირედ არიან ასაკოვანი ადამიანები. ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 45 წელია, რაც, ვილერის აზრით, ქვეყანაში დაბალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულია 34 009 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 172 და განიკურნა 3 532 პაციენტი.