თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ჩინეთში საკუთარი ძაღლის გამო დარჩენილი უკრაინელი ანასტასია ზინჩენკოს ევაკუაცია ნებისმიერ დღესაა შესაძლებელი, თუმცა მისი ძაღლის წამოყვანა ამ დროისათვის შეუძლებელია ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო კორონავირუსთან დაკავშირებით, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.
მანამდე ჩინეთში უკრაინის საელჩო იუწყებოდა, რომ უკრაინელმა ქალმა უარი თქვა ჩინეთიდან ევაკუაციაზე ძაღლის გამო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად დაურეკა და დაპირდა, რომ მოძებნიდა სამშობლოში მისი დაბრუნების გზას. ამის დამადასტურებელი ვიდეო ზინჩენკომ საკუთარ Instagram-ზე ატვირთა.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, შეგვიძლია შევთავაზოთ [ზინჩენკოს] უფრო მეტი, ვიდრე სხვებს: თქვენ თუნდაც ხვალ წამოგიყვანთ, ძაღლს კი საელჩოში გადავიყვანთ და არა თავშესაფარში ან სასტუმროში. მერე კი, როცა ჩინეთი უფლებას მოგვცემს, წამოიყვანთ მას“, — განაცხადა ზელენსკიმ ტელაეარხ НАШ-ის ეთერში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ჩინეთიდან უკვე გამოიყვანა 45 უკრაინელი და 27 უცხოელი. ამ დროისათვის უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ერთი მეორეზე უფრო გადამდებია: მეცნიერებმა კორონავირუსში ორი ქვეტიპი აღმოაჩინეს>>
ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.