თბილისი, 5 მარტი — Sputnik. სამხრეთკორეულმა სექტა სინჩხონჩჟიმ, რომლიდანაც დაიწყო COVID-2019-ის მასიური ინფიცირება ქალაქ ტეგუში, 12 მლრდ ვონი (10,1 მლნ აშშ დოლარი) გაიღო კორონავირუსთან ბრძოლისთვის, იუწყება სააგენტო „რიონჰაპი“ რელიგიურ ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
Shincheonji donates 12 bln won for coronavirus fight https://t.co/yVp2tSzQtx
— Yonhap News Agency (@YonhapNews) March 5, 2020
სააგენტოს ინფორმაციით, სექტამ თანხა სამხრეთ კორეის უმსხვილეს არაკომერციულ ორგანიზაცია Community Chest of Korea-ს გადაურიცხა, რომლის საქმიანობაც ქვეყნის მთავრობის მიერაა სანქცირებული.
„ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ვირუსით ინფიცირებულთა უზარმაზარი რაოდენობის გამო და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მთავრობას დაავადებასთან ბრძოლაში“, — განაცხადეს სინჩხონჩჟიში.
მანამდე სექტის დამფუძნებელმა ლი მან ჰიმ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას მის მიმდევართა შორის კორონავირუსის გავრცელების გამო.
შეგახსენებთ, რომ სექტის დაახლოებით 3,5 ათასი მიმდევარი მთელი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაავადდა, რაც მისი 61 წლის წევრი ინფიცირებული ქალი რამდენჯერმე ეწვია ქალაქ ტეგუში მდებარე სექტა სინჩხონჩჟის იესოს ტაძარს. ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში COVID-2019-ით ინფიცირებულია 5 766 ადამიანი.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.