08:12 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (626)
529 0 0

ორსულებმა უარი უნდა თქვან ვაშლის ჯემზე, მურაბასა თუ წვენზე, ვინაიდან გამორიცხული არ არის, ეს პროდუქტები დაზიანებული ხილით იყოს დამზადებული და ნაყოფისთვის სახიფათო პატულინს შეიცავდეს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ლაქებიანი და დაზიანებული ვაშლი, ასევე მისგან დამზადებული ჯემები, წვენები თუ მურაბები ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან არაჯანსაღი ვაშლი ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერება პატულინს შეიცავს, ირწმუნებიან მეცნიერები, რომელთა კვლევას NCBI აქვეყნებს. 

მკვლევართა თქმით, იგივე ეხება სხვა ხილსაც, თუმცა ნაკლები ხარისხით. 

სწავლულთა განმარტებით, ვაშლზე წარმოქმნილი ყავისფერი ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება სიგანესა და სიღრმეში და გულამდე აღწევს, ყურადღებას იმსახურებს.

საქმე ისაა, რომ ვაშლის ამგვარ დაზიანებას პენიცილინის სოკოს ერთ-ერთი სახეობა იწვევს. ამ დროს წარმოიქმნება პატულინი — ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება. მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ პატულინი მაღალი კონცენტრაციით თაგვებისა და ვირთხებისთვის სასიკვდილოა. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი ასეთი დოზებით პატულინს კვების გზით ვერ მიიღებს, მეცნიერებმა ყურადღება მის ქრონიკულად, მცირე დოზებით მიღებაზე გაამახვილეს. 

მკვლევარები შეშფოთებული არიან პატულინის მუტაგენური თვისებებით — გენების დაზიანებით. იმის გამო, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს კიბოს განვითარებას, მეცნიერები პატულინს კანცეროგენად მიიჩნევენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ხნის განმავლობაში და რა რაოდენობით უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში ეს ნივთიერება იმისთვის, რომ კიბო გამოიწვიოს. 

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ქვეყნების უმეტეს ნაწილში კონტროლდება წვენებში პატულინის კონცენტრაცია. დასაშვები ზედა ზღვარია 50 მკგ/კგ. ზოგ ქვეყანაში ასევე აკონტროლებენ ვაშლის ჯემებს, მურაბებსა თუ ხილფაფებს. ამ პროდუქტებში პატულინის დასაშვები დოზა ორჯერ ნაკლებია: 25 მკგ/კგ ზრდასრული ადამიანებისთვის, ხოლო ბავშვებისთვის — 10 მკგ/კგ. თუმცა ხშირად ამ ნივთიერების კონცენტრაცია დასაშვებზე მაღალია. 

ცნობილია, რომ პატულინი ტოქსიკურია განვითარებადი ნაყოფისთვის. ამიტომ ორსულობის დროს ქალმა სრულად უნდა აარიდოს თავი ლაქებიანი და ოდნავ დაზიანებული ხილის, მათ შორის, ვაშლის მიღებას. აღსანიშნავია, რომ უფრო მცირე რაოდენობით პატულინი შეიძლება იყოს მსხალში, ყურძენში, ბანანში, ქლიავსა და კენკროვნებში. 

გარდა ამისა, ორსულებმა უარი უნდა თქვან ვაშლის ჯემზე, მურაბასა თუ წვენზე, ვინაიდან გამორიცხული არ არის, ეს პროდუქტები ხიდან ჩამოვარდნილი, დაზიანებული ხილით იყოს დამზადებული. დაზიანების ადგილზე კი მაშინვე იწყება პენიცილინის სოკოს მოქმედება და პატულინის ფორმირება. ეს უკანასკნელი გაცხელებისას არ იშლება. ამიტომ სასურველია, ორსულმა ცოცხალი, საღი ხილი მიირთვას. 

პატულინი ასევე შეიძლება შეგვხვდეს ყველის ზოგ სახეობაში, განსაკუთრებით, ობიან ყველში. თუმცა როკფორში, კამამბერსა თუ სხვა ობიან ყველში პატულინი ისეთი აქტივობით არ წარმოიქმნება, როგორც ეს დაზიანებული ვაშლის შემთხვევაში ხდება. ასეთ ყველში პატულინი სახიფათო არ არის. მართალია, ეს მავნე ნივთიერება მდგრადია ტემპერატურისა და მჟავების მიმართ, მაგრამ ყველში შემავალი ამინომჟავა ცისტეინის ზემოქმედებით (გოგირდის ნაერთი), ის იშლება და არააქტიური ხდება. 

ესპანელი ექსპერტების რჩევით, თუ ვაშლზე დაზიანებები ნაყოფის მესამედზე მეტს შეადგენს, ის უნდა გადავაგდოთ, ხოლო თუ სიდამპლის ზონა ნაკლებია, მაშინ შეგვიძლია დაზიანებული ნაწილი ამოვჭრათ, ოღონდ ღრმად და განივრად — მინიმუმ 1 სანტიმეტრი ჯანსაღი რბილობის მიყოლებით. 

გახსოვდეთ: პატულინი მხოლოდ ყავისფერ, დაზიანებულ ნაწილში კი არ არის, არამედ ვაშლის ჯანსაღ რბილობშიც გაიწოვება!

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (626)

მთავარი თემები