თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანის ხასიათსა და ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს სისხლის ჯგუფი.
მათი აზრით, მე-4 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ყველაზე გაწონასწორებულები და მშვიდები არიან. მათ შეუძლიათ ემოციების შეკავება და ამიტომაც ახერხებენ კრიტიკულ სიტუაციებთან შეგუებას. ისინი რაციონალისტები არიან და ყველაფერს წინასწარ გეგმავენ.
თუმცა, ხასიათის ამ სიკეთეების გარდა, მათ აქვთ ნაკლოვანებებიც. ამ ჯგუფის ადამიანები ზედმეტად თვითკრიტიკულები არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რაც ხელს უშლით კარიერულ კიბეზე წინსვლაში, მაღალ თანამდებობებზე მუშაობაში.
წაიკითხეთ აქ: რომელია „ფინანსური კეთილდღეობის“ სისხლის ჯგუფი: იაპონური კვლევა
იაპონელების გარდა, ჯანმრთელობაზე სისხლის გავლენის თემა შეისწავლეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სწავლულებმაც, რომლებმაც ასევე გაამახვილეს ყურადღება მეოთხე ჯგუფზე. მათი კვლევის შედეგები „დეილი მეილიმ“ გამოაქვეყნა.
მედიკოსების თქმით, მე-4 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები რისკის ჯგუფში შედიან. ისინი მიდრეკილი არიან ონკოლოგიური დაავადებებისადმი, ხშირად ემართებათ პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) კიბო; ქალებში ხშირია საკვერცხის კიბო. ამ ჯგუფის ორსულებში არსებობს პრეეკლამფსიის განვითარების, მაღალი არტერიული წნევისა და სისხლში ცილის მაღალი დონის რისკები.
წაიკითხეთ აქ: სიმსუქნე, პიროვნების ტიპი და სტრესზე რეაქცია – დამოკიდებულია სისხლის ჯგუფზე
აღსანიშნავია, რომ ვერმონტის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ მე-4 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ მეხსიერებასა და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები, მიდრეკილნი არიან დემენციისკენ. სისხლის ეს ჯგუფი წარმოადგენს დემენციის განვითარების რისკ-ფაქტორს (ზრდის დემენციის რისკს 82%-ით).