საქართველომ საბერძნეთს დახმარება შესთავაზა

© REUTERS / Alkis Konstantinidisადამიანები აკვირდებაინ ხანძარს საბერძნეთის ქალაქ რაფინში
ადამიანები აკვირდებაინ ხანძარს საბერძნეთის ქალაქ რაფინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ათენის გარეუბნებში ხანძრების დროს დაღუპული ადამიანების გამო საბერძნეთს სამძიმარი გამოუცხადა

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის დაეხმაროს საბერძნეთს ათენის გარეუბანში მიმდინარე ხანძრებთან ბრძოლაში, ნათქვამია სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის წერილში, რომლითაც მან საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს, იანის კაპაკისს მიმართა.

ბოლო მონაცემებით, ხანძრების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია 156 დაშავებულის შესახებ, საიდანაც 16 ბავშვია, ხოლო 11 —კრიტიკულ მდგომარეობაშია. საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე რაიონებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 

„ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს. გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, — ნათქვამია წერილში, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

ალმოდებულ ათენში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა თანამემამულე გადაარჩინეს >>

ბერძენ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„შეძრული ვარ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, — ნათქვამია კობახიძის სამძიმარში, რომელიც მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

საელჩომ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ მათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ცხელი ხაზის მეშვეობით +306995779793, მიაწოდონ მათ ინფორმაცია თანამემამულეებთან დაკავშირებით რთული სიტუაციების შესახებ, რაზეც საელჩო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

ათენი საფრთხის ქვეშაა. ქალაქის მიმართულებით ყველა მხრიდან ხანძარი ვრცელდება - Sputnik საქართველო
ჯოჯოხეთური ცეცხლი: უკონტროლო ხანძარი ათენში ყველაფერს ანადგურებს

„შემძრა ინფორმაციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას. საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობასა და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

სამშაბათს დილიდან ქართულ მედიაში საბერძნეთში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილზე დაყრდნობით იუწყებოდნენ საქართველოს ორი მოქალაქის გაუჩინარების შესახებ, თუმცა მოგვიანებით ისინი იპოვეს და ამჟამად ისინი უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.


ყველა ახალი ამბავი
0