თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ლაოსში დამბის ნგრევით გამოწვეულმა წყალდიდობამ იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანი, ხოლო ასეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
კატასტროფა ორშაბათს ლაოსის სამხრეთით მოხდა. წყალმა მშენებარე ჰიდროენერგეტიკული დამბის რამდენიმე ადგილი გაარღვია, მოხდა წყალდიდობა, რომლის შედეგად რაიონის 42 სოფლიდან (სოფელი ლაოსში მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ჰქვია) 6 დაზარალდა.
უსახლკაროდ დარჩა 1,3 ათასზე მეტი ოჯახი (დაახლოებით 6,6 ათასი ადამიანი)
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციას ადგილზე, სტიქიური უბედურების ადგილზე აკონტროლებს.
როდესაც ნათელი გახდა, რომ დამბის ნგრევის ალბათობა ძალზე დიდია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაცია შეძლო. დანარჩენებს სასწრაფოდ სახლების დატოვება და მაღალ ადგილზე ასვლა შესთავაზეს, სადაც წყალი ვერ მიწვდებოდა. მოსახლეობის ევაკუაცია დღესაც გრძელდება.
ელექტროსადგურის მშენებლობამდე ლაოსის მთიან პროვინციებში წყალდიდობა არ ყოფილა ძლიერი წვიმის სეზონშიც კი, როდესაც ვაკე ადგილებზე ლაოსში წყალდიდობა რეგულარად ხდება. ჰესის მშენებლობის ობიექტებზე ავარიებმა ბოლო წლებში არაერთხელ გამოიწვია წყალდიდობა.