თბილისი, 12 მარტი — Sputnik. უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთთან სახელმწიფო საზღვართან უკრაინელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე, „კანონიერი ქურდი" სუმბათ აბასოვი, ზედმეტსახელად „სუმბატ ტბილისკი" დააკავეს, ნათქვამია უკრაინის ნაციონალური სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
აბასოვი 11 მარტს, ღამით დააკავეს, როდესაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდა.
„მამაკაცი უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იძებნებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის გამო. უკრაინული მართლმსაჯულებისგან გაქცევის მიზნით უცხოელი შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი", — ნათქვამია განცხადებაში.
სუმბათ აბასოვი კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია.
„კანონიერი ქურდი" — სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ სსრკ-სთვის არის დამახასიათებელი. „კანონიერ ქურდებს" დანაშაულებრივი სამყაროს იერარქიაში მაღალი მდგომარეობა უკავიათ.