ტრამპი: მიგრანტებს მეორე 11 სექტემბრის მოწყობა შეუძლიათ

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენი წინააღმდეგია, რომ აშშ-მ სირიელი ლტოლვილები მიიღოს, რადგანაც ისინი, შესაძლოა, პოტენციური ტერორისტები იყვნენ.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ აშშ-ში მიგრაციას, შესაძლოა, 2001 წლის 11 სექტემბრის მასშტაბის თავდასხმა მოჰყვეს, როდესაც დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ამერიკელი მესაზღვრეების პროფკავშირების რადიოსადგურის ეთერში ტრამპს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ საზღვრებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის „გაღვიძებისთვის“ მეორე 11 სექტემბერი იქნება საჭირო. „ფაქტობრივად, კი“, — უპასუხა ტრამპმა.

„ბევრი ცუდი რამ მოხდება. იქნება თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ახლა ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან… ამაში ეჭვი არ მეპარება“, — დასძინა მან.

ტრამპის განცხადებით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მოთხოვნის განხილვისას ის მკაცრი და ყურადღებიანი იქნება. როგორც მან აღნიშნა, ის სირიელი ლტოლვილების მიღების წინააღმდეგია.

„ჩვენს ქვეყანას ისეც საკმარისი სირთულეები აქვს, რომ სირიელების ნაკადი მიიღოს და თან, კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვიცით, რომ ისინი სირიელები არიან, არ ვიცით, საიდან არიან, წარმოდგენა არა გვაქვს. იქნებ, „ისლამური სახელმწიფოდან“ არიან“, — განაცხადა ტრამპმა.

მისი განცხადებით, აშშ-ში ჩამოდიან ადამიანები, რომელთა მობილურ ტელეფონებზე „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკაა გამოსახული. „და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის და უნდა მივიღოთ ისინი?“ — განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი ცნობილია, როგორც მიგრაციის წინააღმდეგი პოლიტიკოსი. კერძოდ, ის აშშ-ში მუსლიმანების შესვლის აკრძალვისა და მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების მოწოდებებით გამოდის.

ყველა ახალი ამბავი
0