მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტოლტენბერგმა და ბრიდლავმა რუსეთი აღმოსავლეთში ნატოს საფრთხედ შერაცხეს

© photo: Sputnik / Александр Астафьев / გადასვლა მედიაბანკშიიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალმა სტატიაში, რომელიც „უოლ სთრით ჯორნალმა“ გამოაქვეყნა, ევროპაში ალიანსის სამხედრო სწავლებების გახშირება „სწრაფად ცვალებადი მსოფლიოთი“ ახსნეს, რომლის ცივი ომისშემდგომი წესრიგი ახლა „გამოწვევის წინაშე დგას“.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალმა ფილიპ ბრიდლავმა სტატიაში, რომელიც „უოლ სთრით ჯორნალმა“ გამოაქვეყნა, რუსეთი და „ისლამური სახელმწიფო“ იმ საფრთხეებად დაასახელეს, რომლებსაც ნატომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„ჩვენგან სამხრეთით „ისლამური სახელმწიფო“ და ექსტრემისტთა სხვა დაჯგუფებები ქაოსს თესენ და საკუთარ მიმდევრებს პარიზიდან ტექსასამდე ტერორისტული შეტევების განხორციელებას შთააგონებენ. ჩვენგან აღმოსავლეთით რუსეთი საკუთარ ნებას ახვევს თავს მეზობლებს და უგულებელყოფს მათ სუვერენიტეტს“, — წერენ ისინი. 

მათი აზრით, ალიანსის მრავალრიცხოვანი სამხედრო სწავლებები ევროპაში სწორედ ამ საფრთხეებითაა გამართლებული. „ეს სწავლებები აუცილებელია, ვინაიდან მსოფლიო იცვლება“, – ამბობენ ალიანსის ხელმძღვანელები და აღნიშნავენ, რომ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც ცივი ომის შემდეგ დამყარდა, გამოწვევის წინაშე დგას. 

სტოლტენბერგისა და ბრიდლავის განცხადებით, ამ „სწრაფად განვითარებად ვითარებაში“ ნატო „გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და განხორციელებისთვის“ უნდა იყოს მზად, რათა „რეალური საფრთხისგან თავდაცვა შეძლოს“. ამასთან, მათ იმედი აქვთ, რომ დღე, როდესაც ალიანსი ასეთ საფრთხეს შეეჯახება, „არასდროს დადგება“. 

სტოლტენბერგმა და ბრიდლავმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროპაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაორმაგდება და 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს მიაღწევს. გარდა ამისა, ნატო შეიარაღებული ძალებისთვის შექმნის „მცირე ცენტრების“ ქსელს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. 

მანამდე ცნობილი გახდა  ნატოს იმ გეგმების შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების, სხვა მძიმე ტექნიკისა და ასევე არმიის განთავსებას ითვალისწინებს, რათა „რუსეთის სავარაუდო საფრთხესთან“  ბრძოლა შესაძლებელი იყოს.   

ასევე ცხადდებოდა ისიც, რომ აშშ–ის ასობით საზღვაო ქვეითი ევროპულ ხომალდებზე გადასხდომას გეგმავდა რუსეთის მხრიდან „შესაძლო ქმედებების“ საპასუხოდ. ამის თაობაზე გაზეთი „თაიმსი“ იუწყებოდა. 

ვლადიმირ პუტინის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატოს ქმედებებმა, რომლებიც ძალთა სტრატეგიული ბალანსის შეცვლისკენაა მიმართული, შეუძლებელია არ შეაშფოთოს რუსეთი. ამასთან, რუსეთი სამხედრო სფეროში არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ვინმეს საგონებელში უნდა აგდებდეს. 

თავად ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებისკენ მიიწევს, თუმცა, მოცემული მომენტისთვის სანერვიულო არაფერია. 

 


ყველა ახალი ამბავი
0