19:27 23 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7545
  • 100 RUB4.3140
  • USD3.1566
რა-დიაცია
მოკლე ბმულის მიღება
104 0 0

რძალ-დედამთილის თანაცხოვრებისას წარმოშობილი პრობლემები არასდროს კარგავს აქტუალობას. მნიშვნელოვანია, ვისი პოზიციიდან შევხედავთ პრობლემას, ვინაიდან იშვიათად თუ წააწყდებით ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ საკითხში საკუთარ თავს ამტყუნებს და შეცდომას აღიარებს.

დავიწყოთ რძლის პოზიციით, რომელიც ახალ გარემოში ხვდება, სადაც თავისი ადგილი უნდა იპოვოს. შეგუების მომენტი მეტად რთულია მისთვის, ამიტომ ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მეუღლის თანადგომა სჭირდება. მაგრამ ხშირად არც დედამთილებს უიოლდებათ ოჯახში „უცხო“ ადამიანის მიღება, რაც კონფლიქტებს იწვევს.

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვესმინა როგორც რძლებისთვის, ისე დედამთილებისთვის და გაგვერკვია, რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე ხშირად და როგორ ახერხებენ მათ მოგვარებას.

რძლების პოზიცია

თეო: მე და ჩემი დედამთილი ერთად ვცხოვრობთ. ის საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. მიყვარს, ვუყვარვარ და პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრებს. დილით ყავით მაღვიძებს. მესიჯს მწერს, ადექი, გაცივდა ყავაო.

ნატა: რომ გაიგონოთ, თქვენი დედამთილი და მული ზურგს უკან როგორ გლანძღავენ და საშინლად გწყევლიან, თანაც საკუთარი ყურით, როგორ მოიქცეოდით? ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთი არაფერი დამიშავებია მათთვის, ასე რომ გამიმეტონ. შესაბამისად, თქმა არ უნდა, რომ ამის მერე ვერც მე ვიქნები მოსიყვარულე რძალი.

თაკო: თავიდან თქვენობით ველაპარაკებოდი. მაინც არ მოვწონდი. მერე ამომასხა და „დავცხე“. სხვათა შორის, ჩხუბი ძალიან მოუხდა ურთიერთობას, ახლა „ჯიგრულად“ ვართ. სახელით მივმართავთ ერთმანეთს და დისტანციასაც ვინარჩუნებთ. ერთმანეთს აღარ ვერჩით.

ია: ჩემთვის ძალიან უცხოა, რომ ამბობენ, დედამთილთან ცუდი ურთიერთობა გვაქვსო. ჩემი ქმრის დედის დახასიათება რომ დავიწყო, ვერ გავჩერდები. მისნაირი დედამთილი ძალიან იშვიათია. ისეთ დროს და ისეთ საკითხში მედგა გვერდში, ყველა სხვა რომ ცხვირს აიბზუებდა. ცალკე კი ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენს ოჯახში შორიდანაც ჩაერეოდა, რომ უნდოდეს. პირიქით, თავის შვილს ხშირად აძლევს შენიშვნას, ასწავლის, ასეთი და ისეთი ქმარი უნდა იყოო, ცოლს ეს უხარია, ეს უნდა გააკეთოო და ა.შ.

თამუნა: გითხრათ რაზე მიყვირა დედამთილმა ორი დღის წინ? რაზე და გავაპროტესტე, რომ მამამთილმა შვიდი წლის ბავშვი სიგარეტზე გაგზავნა მაღაზიაში. საკმაოდ მკაცრი ტონით გამოვაცხადე, ვერ მივაღწიე, რომ ბავშვი სიგარეტზე არ გაუშვას, ეთქვა და მე წავიდოდი–მეთქი. აი, ამას მოაყოლა ყვირილი, რეებს იგონებ ხოლმეო. ანუ მიაჩნია, რომ მე არასწორად ვუდგები საკითხს. შეიძლება მართალიცაა, მაგრამ ვითხოვ, რომ ჩემ აზრს, არასწორიც რომ იყოს, პატივი სცენ. ესაა დღევანდელობის ძირითადი პრობლემა — სხვისი აზრის უპატივცემულობა.

ნათია: 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. დედამთილმა საკუთარი შვილივით მიმიღო და უკვე რვა წელია ასეა. შვილებისგან მართლა არ მანსხვავებს. ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს. იმხელა ტკივილი და სადარდებელი აქვს თავად, რამე მოვთხოვო კი არა, პირიქით, ძალიან ვუფრთხილდები და სულ ვცდილობ ტკივილი შევუმსუბუქო.

მაკო: არ უყვარს რამეს რომ ადგილს ვუცვლი სახლში. მივა და მაინც ისე დადებს, როგორც თავიდან იყო. არადა, მე მიყვარს სიახლეები. მაგრამ ახალ ნივთებს ხშირად ვერ ვყიდულობ და ამიტომ რაღაცებისთვის ადგილის შენაცვლებით ვცდილობ ხოლმე ბინის გახალისებას. მაგრამ თითს არაფერზე მადებინებს. და კიდევ, მისი ქალიშვილი რომ მოდის, ოთახში შეიკეტებიან და გარეთ აღარ გამოდიან. ერთი, რასაც ვერ დავუკარგავ, ისაა, რომ ძალიან უყვარს შვილიშვილები და მეხმარება მათ გაზრდაში.

დედამთილების პოზიცია

მანანა: ეს ნამდვილად არ არის მარტივი თემა. არ არსებობს ურთიერთობა წყენის გარეშე, მაგრამ სერიოზულ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს. საჭიროა ცივილიზებულად, საუბრით მოგვარდეს ყველაფერი.

ჩემს რძალს ძალიან უყვარს მეგობრებში დროის გატარება, შეუძლია შუაღამემდე მათთან იჯდეს და ბავშვები არც გაახსენდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ მომწონს და ერთხელ დედაშვილურად ვუსაყვედურე. ორ დღეში, ვფიქრობ, ჩემ ჯიბრზე, ბარში წავიდა მეგობრებთან ერთად და შინ გვიან, თანაც ნასვამი დაბრუნდა. ჩემი შვილი ძალიან ეჩხუბა. ალბათ ეგონა, ქმარი მე გავუქეზე. დილით საშინელი სიტყვებით გამომლანძღა, მოკიდა ბავშვს ხელი და დედამისთან წავიდა...

ნინო: მართალია, დედამთილობის მხოლოდ ორი წლის სტაჟი მაქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს. ძალიან კარგი რძალი მყავს. რას ვერ ვაპატიებდი? ალბათ ფეთხუმობას. კიდევ ბევრი რამეა ოჯახში ისეთი, რაც კონფლიქტს იწვევს. მაგალითად, როცა რძალი შვილს უბრაზდება და დედამთილი კიდევ ექომაგება. არ მომწონს ასეთი სიტუაციები. თუ ბავშვი აშავებს და მშობელი უბრაზდება, ყველას ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

მაია: 16 წლის იყო ჩემი რძალი, როცა ჩემმა შვილმა მოიყვანა. 16 წლის ბავშვს რა საქმე უნდა სცოდნოდა? არც არაფერს ვავალებდი. როცა თავად გამოთქვამდა სურვილს, მაშინ ალაგებდა, რეცხავდა. თუმცა ქმარს ძალიან კარგად უვლიდა, მისი ტანსაცმელი და ნივთები სულ მოწესრიგებული ჰქონდა. იყო შემთხვევები, რომ რაღაცაზე მივუთითებდი, მაგრამ არასდროს გაბრაზებულა ამაზე. თუ ქმარი აწყენინებდა რამეს, მე მეუბნებოდა და მტყუანიც რომ ყოფილიყო, ჩემს შვილს ვსაყვედურობდი. უკვე 15 წელია ერთად ვართ, პრაქტიკულად ჩემ ხელში გაიზარდა. დაქალებივით ვართ. ზოგჯერ ვკამათობთ, მაგრამ ამას გულში წყენად არ ვიტოვებთ, მეორე წუთში ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ურთიერთობას.

რძალ-დედამთილს შორის წარმოქმნილი პრობლემების, მათი მოგვარების გზებისა და გამოსავლის შესახებ ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრა.

— რძალ-დედამთილის თემა მუდმივად აქტუალური საკითხია. რძალი იქნება თუ დედამთილი, მთავარია, განსაზღვრული იყოს პირადი სივრცე, სცენ პატივი ერთმანეთის პირად სივრცეს, ინტერესებს და შეხედულებებს.

დედამთილის კეთილგანწყობა, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს პოზიტიურ ურთიერთობას, თუმცა პასუხისმგებლობა ორივე მხარეს თანაბრად უნდა გააჩნდეს.

ემოციები აუცილებლად უნდა გაზიარდეს კონსტრუქციული ფორმით. თავიდან ორივე მხარე იკავებს თავს მათი გამოხატვისგან, მაგრამ მერე ხშირად რძალიცა და დედამთილის დესტრუქციული ფორმით გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ ემოციას, რაც მწვავე კონფლიქტებს იწვევს.

ვიმეორებ: ემოციები კი არ უნდა დაიბლოკოს, არამედ კონსტრუქციულად უნდა გაზიარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგროვილი გაუზიარებელი ემოციები უფრო მწვავე კონფლიქტებს გამოიწვევს. 

ზოგადად ურთიერთობისას გარკვეულ როლს თამაშობს როგორც რძლის, ისე დედამთილის ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების დონე, თვითშეგნება და კულტურა. თუ ინდივიდი არ ცნობს სხვა ადამიანის პირად ინტერესებს, საჭიროებებს, შესაძლებლობებს, შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახება მათ ურთიერთობაზე.

და, კიდევ, ნეგატიურის გარდა, ნაკლები კომუნიკაცია ასევე მოქმედებს ურთიერთობებზე და ძირითადად აქედან იწყება პრობლემა.

მთავარი თემები