12:12 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
მეზოთერაპია

გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდი: რა უნდა იცოდეთ მეზოთერაპიის შესახებ

CC0 / Pixabay
რა-დიაცია
მოკლე ბმულის მიღება
154 0 0

ყველა ქალის სურვილია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს სასურველი სილამაზე. საბედნიეროდ, დღეს ბევრი საშუალება არსებობს ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად.

ერთ-ერთი გამოცდილი და ეფექტური მეთოდია მეზოთერაპია, რომელზეც თანამედროვე სამყაროში მოთხოვნა ყველაზე მაღალია. ეს გახლავთ გაახალგაზრდავების არაქირურგიული, სრულიად უსაფრთხო და, რაც მთავარია, ეფექტური მეთოდი. დღეს ბევრი ქალი მიმართავს კოსმეტოლოგიურ კლინიკებს აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად, ამიტომ გადავწყვიტეთ დაწვრილებით მოგვეთხრო თქვენთვის პროცედურის როგორც დადებით მხარეებზე, ის უკუჩვენებებზე, რაც მას ახლავს თან.

რა არის მეზოთერაპია

მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად. პროცედურის დროს კანის ზედაპირულ შრეში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები. ინექციები კეთდება წვრილი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე, ან ლაზერით. ამ დროს საჭირო კომპონენტები – ჰიალურონის მჟავა, ფოსფოლიპიდები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, მჟავები აღწევს კანის იმ ფენებში, საიდანაც მათი ათვისება მოხდება. პროცედურის შედეგად კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ჯანმრთელ იერს იძენს.

მეზოთერაპიის პროცედურებს იტარებენ ასაკობრივი ნაოჭების, ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანის, პიგმენტური ლაქების, აკნეს, დაკიდებული ღაბაბის, ცელულიტის, ზედმეტი ცხიმის, თვალის ირგვლივ შავი წრეების არსებობის და თმის ცვენის შემთხვევაში. მეზოთერაპიის საშუალებით ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების და ზედაპირული ნაოჭების კორექცია.

მეზოთერაპიის ჩატარება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. სახეზე მეზოთერაპია არა მხოლოდ გაახალგაზრდავებისთვის, არამედ ასაკობრივი ცვლილებებისთვის, მაგალითად, ნაოჭების, ლოკალური ცხიმების, კანის სიმშრალის შემცირებისთვის ტარდება. მეზოთერაპია ეფექტურად ებრძვის კანის დაბერებას, ცელულიტს და ლოკალურ ცხიმებს.

რამდენი პროცეურის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი

ეფექტი მეორე პროცედურიდან ხდება შესამჩნევი. სრული კურსის დასრულებისას კი კანი ხავერდოვანი და ელასტიკურია, შესაბამისად, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მიღებული ეფექტი ექვსი თვიდან ერთ წლამდე გრძელდება. თუმცა ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის ტიპზე, ასევე შეყვანილი პრეპარატების ხარისხზე.

როგორ შევარჩიოთ მკურნალობის კურსი

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს, რომელიც ინდივიდუალურად გაგიწევთ კონსულტაციას, რის საფუძველზეც გადაწყდება, რამდენი პროცედურის ჩატარებაა თქვენთვის მიზანშეწონილი. როგორც აღვნიშნეთ, პროცედურების რაოდენობა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე.

საშუალოდ მკურნალობის კურსი მოიცავს 6-10 პროცედურას. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთია. ეფექტის შესანარჩუნებლად განმეორებითი პროცედურები ტარდება ერთი წლის ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები, რაც მეზოთერაპიას გააჩნია

პროცედურის შემდეგ შესაძლოა ინექციის ადგილზე გამოიკვეთოს სიწითლე, რომელიც მაქსიმუმ ორ საათამდე შენარჩუნდება და ამის შემდეგ გაივლის.

პროცედურა უფრო კომფორტულია და გართულებების რისკიც ნაკლებია, როცა ციკლის პერიოდი მთავრდება. ამიტომ ეცადეთ პროცედურა ისეთ დროს ჩაიტაროთ, როცა ციკლის პერიოდი გაივლის. პროცედურის დღეს არ დაიტანოთ სახეზე დეკორატიული კოსმეტიკა, სასურველია თავი შეიკავოთ მაკიაჟისგან.

პროცედურას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. არ საჭიროებს ანესთეზიას, რადგან სრულიად უმტკივნეულოა.

ეს მნიშვნელოვანია!

პროცედურის ჩატარება დაუშვებელია ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის. ასევე მათთვის, ვისაც აწუხებს კანის ანთებითი პროცესები და ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, ალერგია კონკრეტულ მოქმედ ნივთიერებაზე და პრეპარატებზე.

 

მთავარი თემები