უხვი ნალექის შედეგად საქართველოს რამდენიმე რეგიონში სახლები და ქუჩები დაიტბორა

© press-service of the municipality of Poti cityკოკისპირული წვიმა და ქარი ფოთში
კოკისპირული წვიმა და ქარი ფოთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში მოსული უხვი ნალექი ზოგიერთ რეგიონში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში, ასევე საჩხერის რაიონში პრობლემები შექმნა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაიტბორა სახლების ეზოები. ამასთან ერთად სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევამ რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია. ამ დროისათვის დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

უამინდობამ პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე სახნავ-სათესი სავარგულები, ათამდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა ხიდბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და საუბნო გზები.

„უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ყველა შესაბამისმა სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში, მუშაობს ტექნიკა და ფაქტობრივად დღის ბოლომდე ყველგან იქნება აღდგენილი მდგომარეობა“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრობლემა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.

გუდამაყარში მეწყერი ჩამოწვა: გეოლოგები მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ>>

გარდა ამისა, უხვი ნალექისა და ყინვის გამო დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს – ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს.

უამინდობის და უხვი ნალექის გამო გუშინ კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა დუშეთის რაიონის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი–გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, რის შედეგადაც გარე სამყაროს მოსწყდა 22 სოფელი.

ცაგერში 10 ოჯახი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი: გეოლოგები ალტერნატიულ გზას ეძებენ>>

ასევე მეწყერი ჩამოწვა გუშინ ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში–ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. მეწყერმა დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარე სამყაროს მოსწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0