თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა –20 გრადუსამდე დაიკლებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
24 იანვარს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი.
უწყების ინფორმაციით, 25-27 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა საქართველოს დაბლობში, სადაც ტემპერატურა –4-–6 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია –7 გრადუსი, მთაში –15, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში კი ტემპერატურა –20 გრადუსამდეც შემცირდება.
25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსამდე დათბება, ხოლო 26-27 იანვარს ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
ქალაქ თბილისში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 25-27 იანვარს ღამის საათებში თბილისში ჰაერის ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.