გიორგი შაქარაშვილის სიტყვების გახსენებაზე მეგობარმა იტირა – ემოციური ვიდეო

© Photo: TV Pirveli / FBგიორგი შაქარაშვილის მეგობარი სტუდიაში ატირდა
გიორგი შაქარაშვილის მეგობარი სტუდიაში ატირდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული წლები.

გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა ბექა ფილფანმა, რომელიც ფეხბურთს მასთან ერთ გუნდში თამაშობდა, შაქარას დარიგება გაიხსენა. ამაზე საუბრისას მან ცრემლები ვერ შეიკავა.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი რელიგიური ადამიანი იყო და ერთხელ ურჩია, რომ სანამ ვარჯიშს ან თამაშს დაიწყებდა, შემდეგი სიტყვები ეთქვა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, რაც ძალიან დაეხმარებოდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრის თქმით, იმ დღის შემდეგ ყოველთვის ამ სიტყვებს ამბობს და ყოველთვის მეგობარი ახსენდება.

18 ივნისს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო მეგობრების ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ყველა ახალი ამბავი
0