საზარელი სანახაობა: ავსტრალიაში ობობებმა მთელი შტატი ქსელით დაფარეს – ვიდეო

გამოწერა
ავსტრალიის შტატ ვიქტორიას დიდი წყალდიდობის შემდეგ ახალი პრობლემა დაატყდა თავს – ობობები. ქალაქ გიფსლენდის მახლობლად მათ ქსელები გააბეს ყველგან – ხეებზე, საგზაო ნიშნებზე, ბალახზე.

ეს საკმაოდ შემაძრწუნებელი სანახაობაა, თუმცა, მეცნიერების აზრით, წყალდიდობის შემდეგ, რომელიც შტატში რამდენიმე კვირის წინ მოხდა, ობობები იძულებული გახდნენ თავშესაფარი მოეძებნათ სიმაღლეებზე და მოექსოვათ ქსელები, რომლებიც ვიზუალურად ჩვეულებრივისგან განსხვავებულია.

„ისინი ხშირად უფრო კომპაქტური ტიპის ქსელს ქსოვენ, ხოლო აქ ჩვენ ერთ დიდ ქსოვილს ვხედავთ. ძლიერი წვიმების დროს ობობები, რომლებიც მიწაზე ცხოვრობენ, იძულებული ხდებიან საცხოვრებლად უფრო შემაღლებული და მშრალი ადგილი მოიძიონ“, – აღნიშნა სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორმა დიტერ ხოჩულიმ.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სურათების ნახვის შემდეგ დაწერეს: „დაწვით ყველაფერი“; „თუ წყალდიდობა არ გეყოთ, ახლა ობობების აპოკალიფსი მიიღეთ“; „ეს ადგილი ჩემს საშინელ კოშმარს ჰგავს“.

მსგავსი მოვლენა ავსტრალიაში არცთუ იშვიათია. წყალდიდობის საფრთხისგან თავის დაცვის მიზნით ობობები ხშირად იქცევიან ასე, რასაც „ჰაერში ცურვას“ უწოდებენ.

2012 წელს ახალ სამხრეთ უელსში გადაუღებელი წვიმები იყო, რა დროსაც ათასობით ობობა შემოესია ქალაქ ვაგა-ვაგას. ობობებმა მაშინაც უზარმაზარი ქსელი მოქსოვეს, რის გამოც 9 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.

ვიქტორიაში გავრცელებული ობობები ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ისინი ადამიანებს იშვიათად კბენენ და მათი ნაკბენი შხამიანი არ არის.

უფრო ადრე, მარტში ძლიერი წვიმების გამო ავსტრალიის შტატებს – ახალ სამხრეთ უელსსა და კვინსლენდს მილიონობით ობობამ და შხამიანმა გველმა შეუტია.

ყველა ახალი ამბავი
0