პოლიციამ ინტერნეტით ნარკოვაჭრობის სქემა გამოავლინა – ვიდეო

გამოწერა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაზახეთის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს.

დაკავებული ნარკორეალიზატორთა ჯგუფს წარმოადგენს და ჩართულია ინტერნეტ-ნარკორეალიზაციაში და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ახდენდა ინტერნეტით.

სამართალდამცველებმა რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და აღნიშნული შესყიდვები ფარულად ჩაიწერეს. პოლიციამ ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებიც წარმოადგინა.

სამართალდამცველებმა ა.ა.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილზე მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 2,3 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აგრეთვე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1,2 მლნ ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0