მთებში გზის მშენებლობის შთამბეჭდავი კადრები გამოაქვეყნა დაღესტნის საგზაო მშენებლობის სააგენტომ საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე. იხილეთ "დაგავტოდორის" ვიდეო, თუ როგორ აშენებენ "გუნიბის შოსეს — ვანტლიაშევსკის უღელტეხილს".
სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება "დაგავტოდორის" ახალი ვიდეო, რომელიც "ვანტლიაშევსკის უღელტეხილზე" გზის მშენებლობას ეხება. ეს გზა დაღესტნის რამდენიმე რეგიონს კვეთს. როგორც Facebook-ის მომხმარებლები მიიჩნევენ, მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2013 წლის ბოლოს დაღესტნის მთავრობამ რამაზან აბდულატიპოვის მეთაურობით საქართველოს მიმართულებით ავარო-კახეთის გზის მშენებლობის განახლების იდეა წამოაყენა. 2014 წლის აგვისტოში მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება 85 კმ გზის დაგება, 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენება დაღესტნის მთიან რეგიონებში. ეს გზა გახდება ახალი სახმელეთო მარშრუტი, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა და შავ ზღვაზე გასვლა იქნება შესაძლებელი.
ავარო-კახეთის გზის მშენებლობის პროექტი XIX საუკუნის შუა პერიოდიდან არსებობს. მშენებლობაც იმავე პერიოდში დაიწყო, ვინაიდან გზას ენიჭებოდა სტრატეგიული მნიშვნელობა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა კასპიის ზღვის მიმდებარედ რკინიგზის მშენებლობის გამო ეს რთული და ძვირადღირებული პროექტი გაიყინა.
ახლა გზას მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისით ენიჭება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მოხდება ტვირთის ტრანსპორტირება და განვითარდება ტურიზმი. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე მანძილმა 470 კმ უნდა შეადგინოს. ამავდროულად ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ავარო-კახეთის გზა იქნება ბევრად უსაფრთხო, ვიდრე მოქმედი საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც ხშირად იმეწყრება.