ეს იყო თბილი და კეთილი ადამიანი: თბილისში ანდრეი კარლოვი გაიხსენეს

გამოწერა

საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სვენტიცკიმ ჩანაწერი დატოვა სამძიმრის წიგნში, რომელიც თბილისში ანდრეი კარლოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიხსნა. „Sputnik-საქართველოს“ გადამღები ჯგუფი მივიდა შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც ინტერვიუ ჩაწერა სვენტიცკისთან.

საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, "რუსული კლუბის" პრეზიდენტი და გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის დირექტორი ნიკოლოზ სვენტიცკი მივიდა შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც ჩანაწერი დატოვა სამძიმრის წიგნში, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიხსნა.

"მე პირადად ვიცნობდი ანდრეი კარლოვს, მაშინ, როდესაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოს დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. ეს იყო კეთილი, ჭკვიანი, კეთილსინდისიერი და თბილი ადამიანი. და, რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკარგია მისი ყველა კოლეგისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ამ ადამიანთან შეხება ჰქონია", — განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში ნიკოლოზ სვენტიცკიმ.

საზოგადო მოღვაწემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ანდრეი კარლოვი "ლაჩრულად, ზურგიდან მოკლეს" და დასძინა, რომ "ზურგში, როგორც წესი, მოღალატეებს სჩვევიათ სროლა".

"ჩვენ ვგლოვობთ და პროტესტს გამოვხატავთ ძალადობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ტერორისტული აქტია, საშინელი პრეცედენტი. მაგრამ, ვიმედოვნებ, ასეთი საშინელი შემთხვევის შემდეგ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის არ შეიცვლება, ვინაიდან ერი არაფერ შუაშია", — დაამატა სვენტიცკიმ.

რუსეთის ინტერესების სექციაში თბილისში უკვე იყვნენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური მისიების მეთაურები და წარმომადგენლები, მათ შორის, აშშ-ის და ევროპული სახელმწიფოების საელჩოებიდან, საქართველოს საზოგადო მოღვაწეები და ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს რუს დიპლომატს, რომელიც ტერაქტს ემსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0