18:44 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (327)
76 0 0

რუსეთიდან საქართველოში ტურისტები სახმელეთო გზით ჯერ ვერ მოხვდებიან, რადგან რუსეთის მხრიდან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს გადაწყვეტილება 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ არ აისახება რუსეთიდან საქართველოში ავტომობილით მოხვედრის მსურველებზე, იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია.

საქართველოს ხელისუფლება სახმელეთო საზღვრებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილია, 1 ივნისიდან ხსნის. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა ექნებათ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის ან ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი PCR-ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს. 

„მთავრობის განკარგულება 763-р განაგრძობს მოქმედებას და გამშვები პუნქტები რუსეთის საზღვარზე ამ განკარგულებით ხელმძღვანელობენ. ამჟამად ოპერატიული შტაბის რაიმე სახის გადაწყვეტილება საქართველოში შესვლის შესაძლებლობის თაობაზე არ არსებობს“, – განმარტავს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ნადეჟდა ეფრემოვა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის 30 მარტიდან დროებით შეზღუდულია მოძრაობა რუსეთის სახელმწიფო საზღვრის საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, მდინარისა და შერეული გამშვები პუნქტების, ასევე რუსეთ-ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის გავლით.

ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც დადგენილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და რუსეთის ფედერაციის სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მოქალაქეებისთვის. სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ ასევე მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან ავადმყოფი ახლო ნათესავების მოსავლელად, მაგალითად, მეუღლის საცხოვრებელ ადგილზე.

გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს სახმელეთო საზღვრების გადაკვეთა ტურისტებს შეუძლიათ მხოლოდ სამკურნალო მიზნით გაცემული დოკუმენტებით, რომლებსაც საზღვარზე საგულდაგულოდ შეამოწმებენ.

როგორ მოხვდებიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

რუსეთს ჯერ არ განუახლებია საქართველოსთან ავიამიმოსვლა, რომელიც 2019 წლის ივლისში, ჯერ კიდევ პანდემიამდე შეწყდა.

რუსეთიდან საქართველოში საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელია სხვა ქვეყნების გავლით. ივნისის შუა რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრენა და უკან დაბრუნება სომხეთის გავლით 40 ათასი რუბლი ეღირება.

ბილეთების ფასი სტამბულის გავლით დაახლოებით 31-35 ათასი რუბლი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვიდან სტამბულში ავიარეისები კვირაში ორჯერ Аэрофлот-ის და Turkish Airlines-ის თვითმფრინავებით კვლავ სრულდება. ჯერ უცნობია, გაუქმდება თუ არა შეზღუდვები ივნისში. 

საქართველოში ხმელეთით მოხვედრის შესაძლებლობა რუსებს მაინც აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თვითმფრინავით მგზავრობა დასჭირდებათ. საუბარია საქართველოში სომხეთიდან ან თურქეთიდან სახმელეთო ტრანსპორტით შესვლაზე. თურქეთში დაწესებული შეზღუდვებისა და ფასების გათვალისწინებით, საქართველოში შესვლა უმჯობესია სომხეთიდან.

„მაგრამ ახლა ტუროპერატორებს ოფიციალურად ეკრძალებათ საქართველოში ტურების გაყიდვა. როდესაც გაჩნდება ნებართვა, ტურისტებს შორის მოთხოვნილებაც მაღალი იქნება. ამჟამად კომბინირებული ტურების შედგენა ტურისტებს დამოუკიდებლად შეუძლიათ. რაც შეეხება სომხეთს, ჩვენს ასორტიმენტში ეს მიმართულება არის და მასზე მოთხოვნილებაც არსებობს, რასაკვირველია, პანდემიის გათვალისწინებით არსებული შესწორებებით“, – განმარტავს კომპანია Музенидис Трэвел-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ცანდეკიდი.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა 2019 წლის ივნისში დაიძაბა, როდესაც თბილისი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლა შეწყდა.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (327)

მთავარი თემები