12:30 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

შეხვედრაზე შეთანხმნენ, რომ სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორის წარმომადგენელი შევა

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

შეხვედრაზე ტუროპერატორები გაეცნენ პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, შემუშავებულია საქართველოს ტურიზმის გაჯანსაღების გეგმა, მათ შორის მარკეტინგული აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსოფლიომ ხელახლა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა, რისთვისაც ყველა წინაპირობა არსებობს.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების, კერძო კომპანიებისა და ტურიზმის ბაზრის სხვა წარმომადგენლების დახმარებით გვსურს ეს გეგმა საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, დავხვეწოთ, რომ უფრო მიზნობრივი იყოს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, ჩვენი ორიენტაცია სხვადასხვა ბაზარზე და უკვე პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.

„შეხვედრაზე გვითხრეს, თუ რომელ ქვეყნებზე იქნება ორიენტირება, რომელი ქვეყნებიდან უნდა მოვიზიდოთ ტურისტები. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამინისტრო შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც იქნება ტურისტული ინდუსტრიის ყველა სექტორის წარმომადგენელი, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები. ანუ ყველა ის სეგმენტი, რომელიც წარმოადგენს ტურიზმს. ველოდებით, რომ ეს ჯგუფი ამ კვირაში შეიქმნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურისტული კომპანია „ბითიელის“ დირექტორმა, მაია ბიბილურმა.

ტურისტული სააგენტო „ომნესტურის“ დირექტორმა, ირაკლი ტაბულაშვილმა კი აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა დღეიდან დაიწყო, მაგრამ ის სრულყოფილად ვერ ამუშავდება, რადგან ჯერ კიდევ მოქმედებს კომენდანტის საათი, დახურულია სასტუმროები და რესტორნები.

„ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან დაინტერესება ნამდვილად არის და ისინი ჩვენგან ელოდებიან მეტი დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას. გვგონია, რომ გვიანი გაზაფხულისთვის უკვე შესაძლებელია ტურისტული ნაკადები ვიხილოთ. იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია იმდენად დასტაბილურდება, რომ საშუალება მოგვეცემა – ერთი, რომ კომენდანტის საათი შეიცვალოს და მეორე – სრულად აღდგეს ყველანაირი სერვისები. ამის გარეშე ტურიზმის აღდგენა არარეალურია“, - განაცხადა ირაკლი ტაბულაშვილმა.

მთავარი თემები