თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას 1 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას, ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საქართველო რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით აღადგენს.
„კონკრეტული დეტალები, თუ რა ტიპის სამედიცინო ტესტი, ვაქცინაცია ან სერტიფიკატი იქნება საჭირო, ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. ამიტომ, ნებისმიერი გაუგებრობისა და უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია მოთმინებით დაველოდოთ შემდგომ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საქართველოსა და ისრაელის მთავრობების ოფიციალური წყაროების მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ისრაელსა და საქართველოს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა საქართველომ უმოკლეს დროში შეძლოს ისრაელიდან ტურისტების მიღება.
„21 იანვარს აღნიშნული საკითხი დეტალურად იყო განხილული ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, აშკენაზისა და მისი ქართველი კოლეგის, ზალკალიანის სატელეფონო საუბრისას. შესაბამისად, ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის აღნიშნულ განცხადებას და მზად არის, ისრაელელ ვიზიტორებს გაუწიოს ყველა აუცილებელი საკონსულო მომსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით გასული წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო უმეტესი მათგანი ისევ შეჩერდა. ბოლოს ავიამიმოსვლის აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.