21:55 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

როცა მოგზაურობის შესახებ სტატიის წერას ვიწყებ, იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი მაქვს, ბევრს ვფიქრობ – რომელ რეგიონზე დავწერო, მთაზე თუ ბარზე, ზღვაზე თუ უდაბნოზე, ისინი ხომ მრავლადაა ჩვენს დალოცვილ მიწაზე.

მოდით ისევ მთაზე დავწერ, ან უკეთესზე რაზე უნდა ვწერო? - „რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო“... ჰოდა, მოდი, იყოს თუშეთი.

თუშეთი
თუშეთი

ამბობენ, თუ პირიქითა არ ნახე, მაშინ თუშეთი არ გინახავსო. როდესაც თუშეთში პირველად მიდიხარ, უცნაური შეგრძნება გიპყრობს – შიშის, თან ბედნიერების. მიდიხარ ცად აზიდულ ქარაფებზე, ექცევი ხევების თავზე და ამ ურთულეს გზაზე მანქანით უმწეოდ მგზავრობ. გგონია, სადაცაა ეს თვალუწვდენელი ბუნება გშთანთქავს. თუმცა პეიზაჟები იმდენად სწრაფად იცვლება, შთაბეჭდილებებიდან გამოსვლას ვერ ასწრებ და შიშიც გავიწყდება.

თუშეთში ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილით მოხვდებით, რომელიც 72-კილომეტრიანი მონაკვეთია. აუცილებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მგზავრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არც იოცნებოთ. გზად ულამაზეს მთაგორებს, ჩანჩქერებს და მდელოებს შეხვდებით. თუშეთის გზა ექსტრემალური და სახიფათო გზის სახელით არის ცნობილი. ის შესულია მსოფლიოს ხუთ ყველაზე საშიშ და ექსტრემალურ გზებს შორს.

თუშეთი, სოფელი კვავლო
თუშეთი, სოფელი კვავლო

პირიქითა თუშეთს მიეკუთვნება სოფლები დართლო, კვავლო, დანო, ჩიღო, ჭეშო, ფარსმა, გირევი, ბასო. ეს არის სოფლები, სადაც მოსახლეობა ზაფხულობით ცხოვრობს. ზამთარში ჩიღოში მხოლოდ ერთი ოჯახი, ხოლო ჭეშოში ორი ოჯახი რჩება. თუმცა არის ნასოფლარები ჰეღო, ჭონთიო, ნაკუდურთა. კოშკებისა და სახლების ნაშთები განაკუთრებულ სევდას ტოვებს – კარი აღარ აქვთ, გვერდები მორღვევიათ... ისინი ეულად, უმწეოდ დარჩენილ, უიმედო მოხუცს ჰგვანან…

თუშური კოშკი
თუშური კოშკი

თუშეთი გამოირჩევა თავისი ძველისძველი ტრადიციებით, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. თუშები არ კარგავენ მამა-პაპის დანატოვარ ადათებს, წესებს, ტრადიციებს. ყოველწლიურად ყველა სოფელს აქვს თავისი სოფლის დღეობა.

თუშეთში საკულტო დღეობები „ათნიგენობები“ (იგივე ათენგენობა) აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირის მანძილზე გრძელდება. „ათნიგენობის“ მასპინძელია „შულტა“, სოფლის მიერ არჩეული ჯვარის ყმა. თუშური დღეობა ტრადიციული ლუდის გარეშე წარმოუდგენელია. დღეობისთვის ლუდი სპეციალურად იხარშება და თუშები მას ალუდას ეძახიან. დღეობაზე მისულ ყველა სტუმარს ალუდით უმასპინძლდებიან. თუშური დღეობები დოღის გარეშე არასდროს მთავრდება.

თუშეთი, სოფელი კვავლო
თუშეთი, სოფელი კვავლო

შემორჩენილია ასევე თუშური ტრადიციები: თუშური მისალმება, მომთაბარეობა, სტუმარ-მასპინძლობა, პიროვნებათა შეძმავება, დობილ-ძმობილობა, გარდაცვალება, ქორწილი, მარიამობა, გიორგობა, მზებუდობა, დიდმარხვა, ამაღლება, წელწდობები და სხვ.

სასტუმრო “კვავლო” სოფელ კვავლოში
სასტუმრო “კვავლო” სოფელ კვავლოში

ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სტუმარმასპინძლობის ტრადიცია. ცხენოსანი მგზავრი სოფლის სიახლოვეს ჩამოქვეითდება და ვიდრე არ გასცდება სოფელს, ცხენზე არ შეჯდება. ეს წესი დღესაც ცოცხალია და მას გულდასმით იცავენ. მის დაცვას ელიან სტუმრისგანაც. სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან იყო  ასოცირებული და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. შემდგომში ამ ჩვეულებამ დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა და სოფლის მიმართ კეთილგანწყობის უსიტყვო გამოხატულებისა და მისალმების ჟესტის მნიშვნელობა შეიძინა.

აღსანიშნავია თუშური ფოლკლორი. ცნობილია თუშური გარმონი. თუშური სიმღერებია: „ლაშარის სიმღერა”, „ზეზვა გაფრინდაული”, „დალა”, „ეს შემოდგომა მოვიდა”, „მეითის სიმღერა”, „დედა მოგიკვდესა”, „მეცხვარის სიმღერა” და სხვ. საკრავებიდან გავრცელებულია სალამური, ფანდური და, როგორც აღვნიშნეთ, გარმონი.

სულის შემძვრელი და შთამბეჭდავია თუშური დატირება - „დალაი“. ის მხოლოდ თუშეთშია გავრცელებული და შეეხება ყველას, ყველა მოყმეს, ვინც კი ოდნავ მაინც მიუახლოვდება, ან თვლიან რომ უახლოვდება კაი ყმის იდეალს. „დალაი“, როგორც ხმით ნატირალი, სრულდება მიცვალებულის არა დაკრძალვის დღეს, არამედ წლისთავზე, როცა მის პატივსაცემად იმართება დოღი, რომელშიც საგანგებოდ შეკაზმულ-მორთული მისი ცხენიც მონაწილეობს.

გამორჩეულია თუშური კერძები: ხინკალი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ცხვრის ხორცით დამზადებული. ხინკალი ნელდება მხოლოდ ხახვით და თუშური „წყლის ქონდარით". ასევე კოტორი (ხაჭაპური), რომელიც მზადდება ხაჭოს გულით. აღსანიშნავია ჩობან-ყაურმა, ხავიწი, გორდილა, ქუმელი, ანუ მოხალული ქერი. ზელენ ერბოში ან ხაჭოში. ქუმელს ასევე იყენებენ ჩვილი ბავშვების საკვებად რძეში ან წყალში, თუშები სწორედ ამით ზრდიდნენ ბავშვებს.

თუ თუშეთში დასვენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, აქ ძირითადად შეხვდებით საოჯახო სასტუმროებს, რომლებიც თითქმის ყველა სოფელშია. ასევე აქ არის თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც გააცნობენ სტუმრებს თუშეთის ისტორიულ წარსულს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმი, სადაც ნახავთ ძველ თუშურ ნაკეთობებს, ისტორიულ ფოტოებს. აქ გაგაცნობენ ტურისტულ მარშრუტს. მიმდებარედ არის საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ცხენებით და ველოსიპედებით.

თუშეთი, სოფელი კვავლო
თუშეთი, სოფელი კვავლო

განსაკუთრებული და შთამბეჭდავია თუშური სახლები, რომლებიც ნაშენებია სიპი ქვის მშრალი წყობით. მშენებლობის დროს არ არის გამოყენებული კირი და ცემენტი. ეს კი სახლებს უნიკალურობას სძენს.

ქვემო ომალოში არის ამბულატორია. არის სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. თუმცა თუ მძიმე და განსაკუთრებული შემთხვევაა, ინიშნება სპეციალური რეისი ვერტმფრენით, რათა დაშავებული დროულად იყოს გადაყვანილი უახლოეს კლინიკაში. აქვეა აფთიაქი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტებით უზრუნველყოფს ამბულატორია.

პირიქითა თუშეთის თითქმის ყველა სოფელი უზრუნველყოფილია ინტერნეტით, ჰელიოსისტემებით. ადგილობრივებს მზის ენერგიაზე აქვთ დენი და ცხელი წყალი, ამიტომ აქ ხანგრძლივად დასვენების არ შეგეშინდეთ.

ვწერ ამ ყველაფერს და სინანული მიპყრობს, რადგან თუშეთი პირადად არ მინახავს! მოკლედ, ოცნებები იქით იყოს და, მივდივართ თუშეთისკენ. მომავალ წელს აუცილებლად უნდა ვნახო!..

სტატიის მომზადებაში დაგვეხმარა მამუკა გაწირიძე.

 

მთავარი თემები