თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს სრულად 459 სასტუმრო აკმაყოფილებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სასტუმროებისთვის შემუშავებული ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, ხშირ დეზინფექციას და ოთახების დალაგების ახალ წესებს ითვალისწინებს.
„ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველზე განთავსების საშუალებები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას“, - განაცხადეს ტურიზმის ადმინისტრაციაში.
24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1 675 სასტუმრო.
შემოწმება დაიგეგმა 1 331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა, 291-მა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა, 581 სასტუმროს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.
ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტს შეაჩერა. პანდემიასთან საქართველოს წარმატებული ბრძოლის წყალობით ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან აღადგინოს შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან გახსნას საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის.