Forbes-ის შეფასება: მოხვდა თუ არა საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში

გამოწერა
საქართველოს გარდა, უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად ეთიოპია, ირანი, მიანმარი, ფილიპინები, სლოვენია და ტუნისია დასახელებული.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ჟურნალმა Forbes-მა საქართველო იმ შვიდი ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში, შესაძლოა, ძირითად ტურისტულ მიმართულებებად იქცნენ.

სტატიაში Rising Stars in Travel საქართველო ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასთან და ტუნისთან ერთადაა მოხსენიებული.

სტატიის ავტორი წერს, რომ იმ დროს, როცა ტურიზმის გლობალური ინდუსტრია უპრეცედენტო ვარდნას განიცდის, ბევრი ქვეყანა უცხოელი ტურისტების ნაკადის მისაღებად ემზადება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კი კრიზისი შეიძლება გახდეს საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარი თავის შესახებ განაცხადის გასაკეთებლად. 

გიორგი გახარია
 - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს გახსნის

„საქართველო უკვე იმ გზაზეა, რომ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა ქვეყნის დედაქალაქიდან. თბილისი – ეს საუცხოო ქალაქია, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ამავე დროს, სტატიის ავტორი უცხოელ ტურისტებს ურჩევს, დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ დატკბნენ საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით. ასევე გასინჯონ ქართული ღვინო, რამდენადაც საქართველო მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა.

საქართველო ტურიზმისთვის საზღვრებს 1 ივლისიდან გახსნის, თუმცა იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი სიტყვებით, საქართველო ტურისტებს იმ ქვეყნებიდან ელოდება, რომლებშიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად საქართველოს მსგავსია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმ სასტუმროებისა და აპარტამენტებისთვის, რომლებიც ახალ სეზონზე ტურისტებს უმასპინძლებენ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოგზაურთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უკვე დაამტკიცა რეკომენდაციები. მათთვის ასევე იქმნება დასვენების „მწვანე ზონები“.

თუმცა, იმისთვის, რომ საქართველოში დაისვენონ, ვიზიტორებმა საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინონ ე.წ. COVID-პასპორტი – ცნობა იმის შესახებ, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხი უარყოფითი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0