16:26 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
62010

მაშ ასე, ჩვენი ვირტუალური ტური გრძელდება და ამჯერად ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ფერად და ლამაზ ქალაქს, ჟირონას დავათვალიერებთ.

ჟირონა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიის რეგიონში მდებარეობს. ეს არის ძირითადად შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქი თავისი მდიდარი წარსულით და ისტორიით. ქალაქი ბარსელონიდან სულ რაღაც 100 კილომეტრითაა დაშორებული. ასე რომ, ერთ ტურში ორი ულამაზესი ქალაქის მონახულებას შეძლებთ.

ისტორიული წყაროებით ჟირონას დაარსების თარიღად მიიჩნევა ძვ.წ. 79 წელი. ცნობილია, რომ თავადაპირველად აქ სახლობდნენ აუსტინელები (ანტიკური ხანის იბერიული ეთნოსი). მე-12 საუკუნეში ქალაქში ებრაელები დასახლდნენ. ისინი დღესაც ქალაქში ცხოვრობენ, მათი დასახლების ძირითადი არეალი ებრაელთა უბანია.

უძველესი გრაგნილი ქუჩები, ფერადი შენობები თვალწარმტაცი ხიდებით - სწორედ ამ მიზეზით სტუმრობს ტურისტების უმეტესობა ჟირონას. თუმცა აქ სანახავი კიდევ ბევრია.

წმინდა მარიამის ტაძარი
წმინდა მარიამის ტაძარი

წმინდა მარიამის ტაძარი

ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე ონარი. მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს თანამედროვე ქალაქი, მარჯვნივ - ისტორიული ცენტრი, სადაც კარგად არის შემონახული შუა საუკუნეების ნაგებობები. ძველი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჟირონას გოთური, წმინდა მარიამის ტაძარი (Catedral de santa maria). ის ერთსაფეხურიან ტაძართა შორის სიდიდით მეორე ტაძარია (რომში არსებული წმინდა პეტრეს ბაზილიკის შემდეგ). საკათედრო ტაძარი 1416 წელს გილიომ ბოფილის მიერ არის აშენებული.

არაბული აბანო
არაბული აბანო

არაბული აბანოები

ჟირონაში აუცილებლად უნდა ეწვიოთ არაბულ აბანოებს, რომელიც 1194 წელს აშენდა. შენობა დაფარულია დიდი თაღოვანი ჭერით და მოიცავს ცივი და ცხელი წყლის ოთახებს. ქალაქის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში იყენებდა აბანოს, თუმცა დღეს ის უფუნქციოა და მუზეუმად გადაკეთდა. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ, თუ როგორი იყო შუა საუკუნეების აბანო ჟირონაში.

ეიფელის ხიდი
ეიფელის ხიდი

ეიფელის ხიდი

ახლა კი ეიფელის ხიდზე გავისეირნოთ. ეიფელის ხიდი ჟირონაში 1827 წელს ააშენა გუსტავ ეიფელმა. ამ დროს არქიტექტორს სახელგანთქმული ეიფელის კოშკი ჯერ აშენებული არ ჰქონდა. ხიდი მდინარე ონარზეა გადაჭიმული, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. აქ შეგიძლიათ ფერადი შენობების სილამაზით დატკბეთ და უამრავი სასიამოვნო ფოტო გადაიღოთ.

სალვადორ დალის მუზეუმი
სალვადორ დალის მუზეუმი

მუზეუმები ჟირონაში

ჟირონაში რამდენიმე მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ.

·სალვადორ დალის თეატრი-მუზეუმი - დალის მუზეუმი ესპანეთში, პრადოს შემდეგ, მეორე ყველაზე პოპულარული მუზეუმია. ყველა სხვა მუზეუმისგან ის იმით განსხვავდება, რომ თავად დალის მიერაა შექმნილი. აქ შეგიძლიათ ნახოთ მხატვრის უდიდესი შედევრები და საუცხოო გარემოთი დატკბეთ.

·ებრაელთა ისტორიის მუზეუმი - მუზეუმი შედგება 11 გამოფენისგან და იკვლევს რეგიონის ებრაული საზოგადოების ისტორიასა და კულტურას.

დამოუკიდებლობის მოედანი
დამოუკიდებლობის მოედანი

·ხელოვნების მუზეუმი - მუზეუმში თავმოყრილია 8000-ზე მეტი ექსპონატი, რომელიც რომაულ და  გოთური ხელოვნებას უკავშირდება.

·კინოს მუზეუმი - ეს მუზეუმი მოიცავს კინოს ისტორიას. ის სავსეა ძველი ფილმების აფიშებით და კინემატოგრაფიული აღჭურვილობით.

·არქეოლოგიის მუზეუმი - ეს არის რეგიონის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი, რომელიც ამაყობს არქეოლოგიური აღმოჩენებით, საოცარი კოლექციებით.

წმინდა დანიელის მონასტერი

ჟირონას სილამაზეს სრულად ვერ შეიგრძნობთ, თუ წმინდა დანიელის მონასტერს არ ეწვევით.

მონასტერი მე-11 საუკუნეში აშენდა. ის ქალაქის გარეუბანში მდებარეობს და თავისი იდუმალი სილამაზით გამოირჩევა. აქ ნახავთ წმინდა დანიელის სამარხს, სადაც თავად წმინდანის ნაშთებია შენახული. მონასტერი თვალწარმტაც ბუნებაშია ჩაფლული, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

წმინდა მარიამის ტაძარი
წმინდა მარიამის ტაძარი

დამოუკიდებლობის მოედანი

აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ულამაზესი ნეოკლასიკური, ბაროკოს სტილის, გოთური შენობებით გაფორმებული დამოუკიდებლობის მოედანი. ეს არის ქალაქის მთავარი საცალფეხო ქუჩა, რომელიც 1885 წლით თარიღდება. ქუჩა სავსეა მაღაზიებით, კაფეებით და რესტორნებით. შაბათს ყვავილების ბაზარიც იხსნება, რომელიც ულამაზესი სანახავია.

თუ ამ ქალაქში მოხვდებით, ისე არ დაბრუნდეთ უკან, რომ არ ახვიდეთ 89 საფეხურზე, რომელიც Girona Cathedral-ზე ადის და იქიდან ულამაზესი ხედი იშლება. 

ბოლოს მინდა ერთი ლეგენდა მოგითხროთ ამ საოცარ ქალაქზე, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც მოგახსენეთ, ქალაში ჩამოედინება მდინარე ონარი, რომელიც ჟირონის შუასაუკუნოვან უბნებსა და თანამედროვე ქალაქს ერთმანეთისგან ჰყოფს. მდინარეზე არაერთი ხიდია აგებული. ტურისტები და ადგილობრივები რომანტიკულ მთვარიან ღამით ერთ არსებას ეძებენ, რომელიც ზოგჯერ ნაზად დაცურავს უძველესი შენობების სიახლოვეს. ამ იდუმალ არსებას კოკოლონას (cocollona) ეძახიან და ის უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ჟირონაში...

ჟირონა
© CC0 / Pixabay
ჟირონა

ლეგენდის თანახმად მდინარე ონარზე ქალთა მონასტერი იდგა. მონაზვნები ნაკლებ დროს უთმობდნენ თავიანთ მოვალეობებს, მსახურებას, მონაზვნურ ცხოვრებას. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ საერო ცხოვრებით მიღებულ სიამოვნებას. მხოლოდ ერთი გოგონა იყო ღვთისნიერი, რომელიც ხშირად ლოცულობდა და ყოველთვის ამხელდა მონასტრის მცხოვრებლებს მათ ცოდვებსა და უწესობაში.

მონაზვნებს ისე მობეზრდათ გოგონას შენიშვნები, რომ გადაწყვიტეს მიწისქვეშა საკანში გამოეკეტათ, რომელიც მდინარესთან ახლოს იყო აშენებული. მონაზონმა ცივ, ნესტიან საკანში მრავალი უბედური წელი ტანჯვასა და წამებაში გაატარა. რთული და გაუსაძლისი პირობებიდან გამომდინარე გოგონას სხეული დაიფარა ქერცლით, ხელები გადაიქცა თათებად, რაზეც გაეზარდა საშინელი კლანჭები და გოგონა დაემსგავსა ხვლიკს. საზარელი გარეგნობის მიუხედავად მონაზონს შერჩა სპეტაკი სული, ამიტომ ხვლიკს გამოეზარდა პეპლის მაგვარი ლამაზი ფრთები. კატალონიელებმა მას კოკოლონა შეარქვეს.

კოკოლონამ გათხარა საპყრობილედან მდინარისკენ გასასვლელი ხვრელი და ერთ მთვარიან ღამეს სენაკიდან გაუჩინარდა.

მას შემდეგ ჟირონას ძველი ხიდების ქვეშ შეიძლება შეამჩნიოთ კოკოლონას სილუეტი, რომელიც ნაზად დაცურავს სწორედ იმ ადგილზე, სადაც ამდენი წელი ტყვეობაში გაატარა.

ჟირონაში ძალიან უყვართ კოკოლონა და მის გამოსახულებას ხშირად შეხვდებით ქალაქის ქუჩებში და შენობების კედლებზე.

 

მთავარი თემები