07:02 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
პარიზი

მსოფლიოს ტურისტული ადგილები, რომელთა სურათების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში აკრძალულია

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
9810

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა და სიახლეების ნახვა არ უყვარს. დღეს კი, როცა სოციალური ქსელები ასე ღრმადაა შემოჭრილი ჩვენ ცხოვრებაში, ასევე ძნელად მოძებნით ადამიანს, ვინც მოგზაურობისას თავის ემოციებს სოციალური ქსელით არ უზიარებდეს დანარჩენ სამყაროს.

ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში არსებობს ცნობილი ტურისტული ადგილები, რომელთა სურათების გადაღება და სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნება აკრძალულია. ბევრ ადგილზე კი არა თუ სურათის გადაღება, კამერის შეტანაც კი გეკრძალებათ.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ცნობილ ადგილებს, სადაც ვერც სურათს გადაიღებთ და ვერ მეგობრებს მოაწონებთ თავს სოციალურ ქსელში.

ეიფელის კოშკი, ქალაქი პარიზი
© photo: Sputnik / ირინა კალაშნიკოვა
ეიფელის კოშკი, ქალაქი პარიზი

1. ეიფელის კოშკი

დიახ, თქვენ ნამდვილად არ გატყუებთ თვალი, ეს სწორედ ასეა! ეიფელი ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგრაფიული ღირსშესანიშნაობაა. თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუ მის ფოტოს განთავსებას სოციალურ ქსელში შეეცდებით.

საქმე ისაა, რომ მისი ღამის განათება ხელოვნების ერთგვარი სახეა და დაცულია საავტორო უფლებების კანონით. ასე რომ, წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ღამით გადაღებული ეიფელის კოშკის სურათების გავრცელება. მაგრამ თუ თქვენ პროფესიონალი ფოტოგრაფი არ ხართ და სამოყვარულო სურათს იღებთ მხოლოდ თქვენთვის, მაშინ ნებართვა საჭირო არაა.

2. დიდი კანიონი

მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ღრმა კანიონს ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტურისტები ხშირად დადიან სპეციალურ გემბანზე, რათა შუშის ხიდიდან ისიამოვნონ ფანტასტიკური ხედებით. სწორედ აქ არ შეგიძლიათ სურათების გადაღება – ტურისტებს, ფაქტობრივად, ეკრძალებათ კამერების ტარება, ასევე უწევთ  სპეციალური ფეხსაცმლის დამცავების ჩაცმა, რომ მინა არ დაიკაწროს.

3. ტაჯ მაჰალი

თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთ საოცრება ტაჯ მაჰალში შეგიძლიათ იმდენი ფოტო გადაიღოთ, რამდენიც გსურთ, მაგრამ მხოლოდ გარედან! შიგნით ფოტოების გადაღება  აკრძალულია. ასევე აკრძალულია ჭამა, ხმაური და მოწევა. თქვენი სმარტფონი უნდა გამორთოთ ან ჩუმ რეჟიმში დააყენოთ.

4. სიქსტის კაპელა

სიქსტის კაპელა ადრე ეკლესია იყო, დღეს კი ის მუზეუმი და რენესანსის შესანიშნავი ძეგლია. გასაკვირი არაა, რომ ის ათასობით ტურისტს იზიდავს. შიგნით შენობაში სურათებისა და ვიდეოს გადაღება აკრძალულია. ასევე მოგიწევთ სიჩუმის დაცვაც.

5. უესტმინსტერის სააბატო

უესტმინსტერის სააბატოს შენობაში ფოტოების გადაღება აკრძალულია, რადგან მიიჩნევენ, რომ სურათების გადაღება სხვა ადამიანებს არ აძლევს საშუალებას ისიამოვნონ სააბატოს უნიკალური სილამაზითა და ისტორიით. ამასთან, ფოტოგადაღებამ შეიძლება შეაფერხოს შენობაში მიმდინარე ღვთისმსახურებები, რადგან ის, უპირველეს ყოვლისა, მოქმედი ეკლესიაა. რისი გაკეთება შეგიძლიათ? ჩამოტვირთეთ ფოტოები ვებ-გვერდიდან, მაგრამ მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისთვის.

6. ლენინის მავზოლეუმი

საბჭოთა კავშირის ბელადის ვლადიმირ ლენინის ბალზამირებული ცხედარი 1924 წლიდან ლენინის მავზოლეუმში ინახება. მავზოლეუმი ტურისტებს დღესაც იზიდავს. თუმცა მათ არ აქვთ უფლება, ლენინს ფოტოები გადაუღონ. სხვათა შორის, ლაბორატორია, რომელიც ლენინის სხეულის შენახვაზე მუშაობს, ასევე მუშაობდა სხვა ქვეყნების რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის ცხედრების ბალზამირებასა და მოვლაზე.

7. ლას–ვეგასის ზოგიერთი კაზინო

უსაფრთხოების გამო ლას–ვეგასის ზოგიერთ კაზინოში ფოტოების გადაღება აკრძალულია – ისინი თავიდან იცილებენ შესაძლო ძარცვას და ასევე მომხმარებლის პირად ცხოვრებას გასაჯაროებისგან იცავენ. ადრე აკრძალული იყო სურათების გადაღება თითქმის ყველა კაზინოში, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგიერთ მათგანში შეზღუდვები მოხსნეს.

8. ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკი

ავსტრალიის ამ ეროვნულ პარკში ფოტოების გადაღება ყოველთვის აკრძალული იყო. კომერციული მიზნებით გადაღებისთვის სპეციალური ნებართვა გჭირდებათ (მათ შორის, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებისთვისაც). მაშინაც კი, თუ მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის გსურთ სურათის გადაღება, გახსოვდეთ, რომ ზოგ ადგილზე სრულიად შეზღუდულია ფოტოგადაღება, რადგან წმინდა ადგილებად მიიჩნევენ. ამ ადგილების დახატვაც კი მკაცრადაა აკრძალული.

9. ნოიშვანშტაინის სასახლე 

სულაც არაა ადვილი, რომ გერმანიაში მდებარე ამ რომანტიკულ ციხე-სიმაგრეს ფოტოები გადაუღოთ. უსაფრთხოების რეგულაციების გამო თქვენ მხოლოდ 35-წუთიანი მოგზაურობის უფლება გაქვთ. ციხე-სიმაგრეში ფოტო- და ვიდეოგადაღება მკაცრადაა აკრძალული. აკრძალულია ზურგჩანთის შეტანაც.

10.  კუმსუსანის მზის სასახლე

კუმსუსანის მზის სასახლე ჩრდილოეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის კიმ ირ სენისა და მისი ვაჟის კიმ ჩენ ირის მავზოლეუმს წარმოადგენს. სასახლეში შესვლისთვის ნებართვა გჭირდებათ. ის ადამიანები კი, რომლებიც სასახლეში შესვლას მოახერხებენ, განსაზღვრულ წესებს უნდა დაემორჩილონ. მაგალითად, მავზოლეუმის ნებისმიერ ადგილზე აკრძალულია ფოტოს და ვიდეოს გადაღება, მოწევა და საუბარი.

 

სტატიაში გამოყენებულია მასალები გვერდიდან brightside.me

 

მთავარი თემები