03:37 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
შატილში

მერაბ ჩიტაშვილის არასტანდარტული მოგზაურობა: რამ აიძულა ქართველ მოგზაურს ტარაკნები ეჭამა

© photo: Merabi Chitashvili / FB
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
247 0 0

მერაბ ჩიტაშვილი სამოგზაუროდ პირველად 2016 წელს ჩინეთში გაემგზავრა. სწორედ ჩინეთში ყოფნის შემდეგ იქცა მოგზაურობა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. ჯერჯერობით შვიდ ქვეყანაშია ნამყოფი და ამბობს, რომ ყველაფერი წინ აქვს.

ფავორიტი ქვეყანა საქართველოა. თუმცა აფრიკაში, ამაზონის ჯუნგლებში, იაპონიასა და ვიეტნამში მოგზაურობაზე ოცნებობს.

სტამბულის აკვარიუმი
სტამბულის აკვარიუმი

- მე ვარ ადამიანი, რომელიც არ უშინდება ახალ გამოწვევებს. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი, მაგრამ მონეტების, სიძველეებისა  და ისტორიის სიყვარულმა  არქეოლოგიასთან დამაკავშირა.  უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პარალელურად  ვცდილობდი ეს სფეროც რაღაც დონით ამეთვისებინა. დღეს ტურიზმის სფეროში ვმოღვაწეობ.  თავისუფალ დროს როგორც წესი ფიქრში ვატარებ და მიმაჩნია,  რომ უკვე ჰობადაც კი  ჩამოყალიბდა ეს პროცესი.

- როდის და როგორ იქცა მოგზაურობა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?

- მოგზაურობა ჩემში  დაუკითხავად  შემოვიდა და სამუდამოდ დაიდო ბინა.  ერთერთი აგრო პროექტის ფარგლებში,  2016  წლის  ზაფხულში პირველად დავტოვე საქართველო და ვესტუმრე აზიური ქვეყნების მარგალიტს, ჩინეთს.  ქვეყნის დატოვებისთანავე  მოგზაურობა ჩემს განუყრელ მეგობრად იქცა. ამ დროს პირველ კურსზე ვიყავი და  ფინანსების სიმცირის გამო პრობლემატური იყო საზღვარგარეთის პასპორტის გაკეთება, თან დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთი მქონდა იმისთვის, რომ პასპორტზე მეზრუნა. თუმცა ფინანსები ერთერთმა იტალიელმა  მოგზაურმა, შემდგომ უკვე ჩემმა მეგობარმა გაიღო და დამიფინანსა  ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. თან პატარა  შეტყობინებაც მომწერა „Discover the world " და ასე დაიწყო ჩემი ამბავიც. ჩემს მოგზაურობას რომიდან  ჩაეყარა საფუძველი, რის გამოც შემიყვარდა  იტალია.

მერაბ ჩიტაშვილი
მერაბ ჩიტაშვილი

- დღემდე რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

- ჯერ   მხოლოდ  შვიდ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა  ვთვლი,  რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.  უკანასკნელი ორი წლის მანძილზე  ქვეყნის დატოვება 30-ზე მეტჯერ მომიწია. ახალ წლამდე კი ვაპირებ ოთხი ქვეყანა შევმატო  ჩემს სიას.

- ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო თუ კარავი?

- რა თქმა უნდა კარავი.  ჩემთვის ერთი  ბედნიერებაა  მდუმარე  ადგილას საამური სიჩუმის მოსმენა და  ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება.

- ავტოსტოპით გიმოგზაურიათ?

-  რა თქმა უნდა მიმოგზაურია. ავტოსტოპს ახლაც საკმაოდ  ხშირად ვიყენებ გადასაადგილებლად. მოტივაცია კი მომცა ჩემი მეგობარი გოგოების  ფერადმა ისტორიებმა, თუ როგორი საინტერესოა მინიმალური ფინანსებით  ძალიან მაგარი ამბების შექმნა.  აქვე კი აღვნიშნავ #სტოპიარისშესაძლებლობა.

- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ავტოსტოპით მოგზაურობას?

- უარყოფითი აქვს ის, რომ გიწევს ლოდინი, რაც ჩემი აზრით საკმაოდ მოსაწყენი  და არაფრის მომცემი პროცესია. თუმცა მანქანის გაჩერების მომენტში გრძნობ, თუ როგორ გამოანათა  მზემ მოღრუბლულ ამინდში და გამოჩნდა ცისარტყელა. იმუხტები ადამიანი  ახალი ენერგიით,  ახალ კონტაქტებს იძენ, საინტერესო ისტორიების მომსწრე ხდები,  შენს ცხოვრებას ამრავალფეროვნებ  და ხდები უფრო მეტად თავდაჯერებული.

- თქვენი ფავორიტი ქვეყანა რომელია?

- ჩემი ფავორიტი ქვეყანა რა თქმა უნდა საქართველოა. თუმცა სიამოვნებით ვიმოგზაურებდი აფრიკაში, ამაზონის ჯუნგლებში, იაპონიასა და ვიეტნამში.

ჯოჯოხეთის კანიონი, თურქეთი
ჯოჯოხეთის კანიონი, თურქეთი

- მოგზაურობის დროს კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდნილხართ?  

- ჩინეთში ერთხელ ორ დოლარად 10 წყვილი მზის სათვალე  გაუსინჯავად ვიყიდე და სასტუმროში, რომ მოვისინჯე  უსინათლოების სათვალე აღმოჩნა, რომელიც ჩამოვიტანე და  შემდუღებლებს  ვაჩუქე, თუმცა მგონი  დღემდე  გამოუყენებიათ.

- ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავთ უცხო ქვეყანაში?

- არ ვიცი რამდენად უცნაურია, მაგრამ გამისინჯავს ბაყაყის ხორცი და მოზრდილი ხოჭოები. არ მომეწონა, მაგრამ გასინჯვად ღირდა.

ლებაისკარი, ხევსურეთი
ლებაისკარი, ხევსურეთი

- საქართველოშიც ხშირად მოგზაურობთ. როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყანას?

- დიახ საქართველოში ხშირად მიწევს სიარული და თითქმის ყველა კუთხე მაქვს  ნანახი, ტან არაერთხელ.   ვფიქრობ საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს ტურიზმის განვითრების მხრივ.

საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზება შეგვიძლია, როგორც ტურისტებისთვის, ასევე  მოგზაურებისთვის და რა თქმა უნდა ქართველი ვიზიტორებისთვის.  უფრო მეტად განსავითარებელი გვაქვს სალაშქრო მიმართულებები. დროთა განმავლობაში ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს  აგრო ტურიზმს, რაც ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ასევე საკმაოდ კარგი მომავალი უჩანს  კულინარიულ ტურიზმს, რომელიც ბევრად უფრო  საინტერესოა, ვიდრე სტანდარტული ლოკაციების მონახულება.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველაზე მწვავედ რა პრობლემა დგას ტურიზმის სფეროში?

- ჩვენ გვჭირს ერთი დღით გამდიდრების მანია. ერთერთ ტურისტულ ადგილას, სადაც ძალიან ხშირად დადის ხალხი და აქტუალური ადგილია, წლის ნებისმიერ დროს, ოთხი ცალი ვაშლის ღირებულება შეაფასეს ,,Twenty five dollars ''. ძალიან რთული სიტუაციაა ასევე  სალაშქრო მიმართულებებზე კომუნიკაციის მხრივ. ძალიან ბევრი ადგილია სადაც არ იჭერს ტელეფონი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის  ვიზიტორებს.  აგრეთვე  ინფრასტრუქტურულად უფრო მოწესრიგებულს ვისურვებდი ჩემს ქვეყანას.

- როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე რა მოგცათ მოგზაურობამ?

- მოგზაურობამ მომცა ფასეულობათა შორის ყველაზე ღირებული- კონტაქტები. მოგზაურობამ მომცა  ძალა  იმის, რომ შემეცნო  საკუთარი შესაძლებლობები და გავმხდარიყავი მეტად თავდაჯერებული. ახლაც, თითქმის ყველა გადაწყვეტილებას სპონტანურად ვიღებ და  არ მაქვს იმის შიში, თუ რა მოყვება მას, მთავარია მე ამით ვარ ბედნიერი.

მთავარი თემები