15:14 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
მოგზაურობა

რა ღირს აგვისტოს ბოლოს ევროპაში დასვენებაა - ბუდაპეშტი, ვენა, პრაღა ქართულ ფასად

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
38410

თუ შვებულებას სექტემბერში ფიქრობთ და გული ევროპისკენ მიგიწევთ, ჩვენ მოგიყვებით როგორ გადაანაწილოთ თქვენი ძვირფასი შვებულება ევროპაში ისე, რომ სამ ქვეყანას ქართულ ფასად ესტუმროთ

ავსტრია - ვენა

ვენა, ავსტრია
ვენა, ავსტრია

თუ გსურთ კულტურული შოკის მიღება, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვენა. ხელოვნების, მუსიკისა და რომანტიკის ქალაქი–დღესასწაული გპირდებათ დაუვიწყარ შთაბეჭიდელებებსა და ემოციებს. ამ ქალაქს თავისი განუმეორებელი შარმი აქვს განსაკუთრებული შენობებით, ღვინით, მიმზიდველი და მყუდრო კაფეებით, ყავახანებითა და განუმეორებელი ყავით.

ქუთაისიდან ვენაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ით მგზავრობის ღირებულება 201 ლარიდან იწყება. თუ „ვიზეარის“ ფასდაკლების კლუბის წევრი ხართ, ‎შეღავათებითაც ისარგებლებთ. ფასდაკლების კლუბში გაწევრიანება ერთი წლით 30 ევრო ღირს, ეს დამატებითი ხარჯი გამართლებულია, თუ ხშირად მოგზაურობთ.

ამ ქალაქმა საკუთარი ქუჩების ფასი იცის და ნამდვილად არ არის იაფი.

წმინდა სტეფანეს ტაძარი (შტეფანსდომი)
წმინდა სტეფანეს ტაძარი (შტეფანსდომი)

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობისას შედარებით იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ამ დროს საუკეთესო არჩევანია საერთო საცხოვრებელი, იგივე Dormitory room. ტრადიციულად Booking.com ის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ საშუალოდ ერთი ღამის გათენება 50 ევრო დაგიჯდებათ. გამოცდილი მოგზაურების აზრით, როდესაც უცხო ქვეყნის სანახავად მიდიხართ, იმას, თუ რამდენად კეთილმოწყობილია საცხოვრებელი, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.  საცხოვრებელში დაზოგილი თანხა კი ნამდვილად დაგჭირდებათ, მით უფრო ვენაში.

შენბრუნის სასახლე
შენბრუნის სასახლე

ვენაში რამდენიმე დღიანი ტკბობის შემდეგ Flixbus-ის ავტობუსით შეგიძლიათ (უნდა) გაემგზავროთ პრაღაში. ავტობუსები საკმაოდ კომფორტულია. არის ინტერნეტიც. მგზავრობას 4 საათი და 30 წთ ჭირდება და ბილეთის ფასი 13 ევროდან 20 ევრომდე მერყეობს. დამეთანხმებით, მეორე ქვეყანაში მგზავრობის კვალობაზე საკმაოდ დაბალი ფასია. დღის განმავლობაში, თუ მგზავრობაში დროის დაკარგვა არ გსურთ, ავტობუსები ღამის საათებშიც დადიან და შეძლებთ დასვენება-გამოძინებას.

ჩეხეთი - პრაღა

პრაღა
photo: courtesy of Teona Gogniashvili
პრაღა

პრაღას „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპიროს“, „ოქროს ქალაქს“, „ქალაქთა დედას“ და „ევროპის გულს“ უწოდებენ. 1992 წლიდან კი პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

უკვე პრაღაში ხართ და ვიზრუნოთ საცხოვრებელზე. საერთო საცხოვრებელში, სადაც 6-8 ადამიანთან ერთად ინაწილებ ოთახს, ერთი საწოლის ქირაობა საშუალოდ 30 ევრო ღირს. როგორც წესი, ამ შემთხვევაში სველი წერტილებიც საერთოა, თუმცა როგორც უკვე შევთანხმდით, ჯობს საცხოვრებელში ფული დავზოგოთ, თანაც მხოლოდ რამდენიმე საათს ვატარებთ. ჩეხურ ფულს კრონა ჰქვია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 10 კრონა 1.2635 ლარია.

პრაღის საოპერო თეატრი, ჩეხეთი
პრაღის საოპერო თეატრი, ჩეხეთი

პრაღაში ტრანსპორტი ინტეგრირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს ერთიანი ბილეთი. ეს საშუალებას გაძლევთ ბილეთით განსაზღვრული დროის მანძილზე იმგზავროთ (გადაჯდეთ, ჩამოხვიდეთ და ახვიდეთ) ავტობუსით, მეტროთი და ტრამვაით. 30 წუთიანი ბილეთი 24 კრონა ღირს, 90 წუთიანი – 32 კრონა, 24-საათიანი – 110 კრონა, ხოლო 72 საათიანი - 310 კრონა.  და თუ უბილეთოდ არ იმგზავრებთ და ჯარიმაში გადასახდელ თანხას (რომელიც საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 250 ლარამდე) დაზოგავთ, თქვენ გაემგზავრებით მესამე ქვეყანაში - უნგრეთში.

პრაღიდან ბუდაპეშტში ისევ ერთგულად Flixbus-ის ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 17 ევროდან იწყება და 7 საათში დანიშნულების ადგილზე ხართ. აქაც, ავტობუსები როგორც დღის საათებში, ასევე ღამით გადიან და ვერც გაიგებთ ისე გადახვალთ კომფორტული ავტობუსით მეორე ქვეყანაში.

უნგრეთი - ბუდაპეშტი

ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტი დამსახურებულად შედის ულამაზესი ქალაქების რიცხვში. ქალაქის ცენტრალური ნაწილის პანორამა დუნაის ხედით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ყველაფერ სიკეთესტან ერთად, ნახავთ პარლამენტის შენობას, ჯაჭვის ხიდს, ტრამვაი №2, სეჩენის აბანოებს, გელერტის აბანოებს, პალატინუსის აბანოებს, წმინდა სტეფანის ბაზილიკას, მუზეუმებს, ფეხსაცმელს სანაპიროზე...

უნგრეთში ფულის ერთეულია ფორინტი და 100 უნგრული ფორინტი 1 ლარზე ოდნავ მეტია.

წმინდა სტეფანეს ბაზილიკა
წმინდა სტეფანეს ბაზილიკა

ვენისა და პრაღის საერთო საცხოვრებელში დაგროვებული გამოცდილებით ბუდაპეშტში არ გაგიჭირდებათ და არც იუკადრისებთ, თუ იგივე პირობებით დასასვენებელს 18 ევროდ იქირავებთ. მოინახულეთ ბუდაპეშტიც და სამშობლოში დაბრუნების დროც მოვიდა...

ბუდაპეშტიდან ქუთაისში გამზავრების ღირებულება 185 ლარიდან იწყება, ფასები ცვალებადია და შესაძლოა მოიმატოს, თუმცა თქვენ ხომ როგორც მოწესრიგებულმა მოქალაქემ ჯარიმაში გადასახდელი თანხა დაზოგეთ, ამიტომ თუ რამდენიმე ლარით გაგიძვირდათ ბილეთი, კარგზე იფიქრეთ.

თერმული აბანო
თერმული აბანო

ტურისტული კომპანია

მართალია თითქმის უკვე სრულად დავგეგმეთ თქვენი მოგზაურობა, მაგრამ, თუ პირველად მიდიხართ საზღვარგარეთ, ან უბრალოდ გსურთ, თქვენს მოგზაურობაზე სხვამ იზრუნოს, ტურისტული სააგენტოები გთავაზობენ:

ტურის ხანგრძლივობაა - სექტემბრის თვეში (6ღამე - 7დღე). ტურის ღირებულება 1 000 ლარიდან იწყება. ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე და მოიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს; სამოგზაურო სიცოცხლის დაზღვევას; სასტუმროში განთავსებას; ქალაქებს შორის მატარებლის/ავტობუსის ბილეთს; კვებას (საუზმეს); ტურ-ოპერატორის მომსახურებას.

ბილეთებს რაც უფრო ადრე დაჯავშნით, მით უფრო ნაკლებ თანხას გადაიხდით. არსებობს ერთი ოქროს წესი: ნუ დაიწყებთ დახარჯული თანხის კონვერტაციას ლარებში, იანგარიშეთ ევროებში და ისიამოვნეთ.

 

მთავარი თემები