როგორ ვიმოგზაუროთ ფლორენციაში იაფად - პრაქტიკული რჩევები

CC0 / John Marino / Florenceფლორენცია
ფლორენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი პრობლემა, რომელსაც მოგზაურობისას აწყდებით, დროის ან ფულადი სახსრების ნაკლებობაა. ჩვენ შევეცდებით დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მოგზაურობა მხოლოდ მდიდრების ხვედრია...

ჩვენი რუბრიკის მეშვეობით თქვენ მიიღებთ უამრავ საინტერესო რჩევას, როგორ იმოგზაუროთ მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით.

დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ იტალიის უმშვენიერეს, შედევრების გამოფენად  წოდებულ ქალაქ ფლორენციას. უცხო ქვეყანასა და ქალაქში მოგზაურობა ყოველთვის ასოცირდება უამრავ ახალ გამოცდილებასთან, ხოლო ისეთი ქალაქის მონახულება, სადაც ცხოვრობდნენ სანდრო ბოტიჩელი, მიქელანჯელო ბუონაროტი, გალილეო გალილეი, რაფაელი, ლეონარდო და ვინჩი, ამერიგო ვესპუჩი და სხვები, ნამდვილად დატოვებს თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს.

ფლორენცია იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქია. ის  ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. იტალიელები ხშირად  ამბობენ: „ღმერთს რომ დედამიწაზე სამოთხისთვის ადგილი მოეძებნა, ის მას ტოსკანაში შექმნიდაო“.

ფლორენცია მდინარე არნოს გასწვრივ მდებარეობს. ის უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით კი მისი არქიტექტურითა და ხელოვნებით. აქ უამრავი ტაძარი, ბაზილიკა, მუზეუმი, გალერეა, სასახლე თუ ხიდია, რომელთა დასათვალიერებლად ერთი-ორი დღე არ გეყოფათ.

ფლორენციას ხშირად უწოდებენ იტალიური რენესანსის აკვანს, იტალიის კულტურულ დედაქალაქს, მსოფლიო ხელოვნების მარგალიტს, აღორძინების აკვანს, შუა საუკუნეების ათენს, მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ქალაქი 1982 წელს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევეცდებით თქვენთან ერთად დავგეგმოთ ფლორენციაში მოგზაურობა, გირჩევთ, რა არ უნდა დაგრჩეთ უნახავი და როგორ მოახერხოთ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური სიამოვნების მიღება.

დაჯავშნეთ ბილეთები: თუ დროში არ ხართ შეზღუდული და წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა, მაშინ ხშირად ესტუმრეთ ვებ-გვერდებს, რომლებიც მრავალი ავიაკომპანიის ფასს ერთმანეთს ადარებს და მომხმარებელს პირველ რიგში ყველაზე დაბალფასიან ვარიანტს სთავაზობს.

გაგაცნობთ საიტს, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, რომ მოძებნოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით ყველაზე იაფად. www.aviasales.com — ესაა საიტი, სადაც თქვენთვის სასურველ, მოსახერხებელ დროს შეარჩევთ ბილეთებს.  თქვენ შეგიძლიათ, ბილეთი პირდაპირ აქვე შეიძინოთ, ან ავიაკომპანიის საიტზე გადახვიდეთ და იქ დაჯავშნოთ ბილეთი. მაგალითად, ზაფხულის სეზონზე  ფლორენციის მიმართულებით ორმხრივი ბილეთი 450$-დან იწყება.

დაჯავშნეთ სასტუმრო/ჰოსტელი/ბინა:  მცირებიუჯეტიანი მოგზაურობისას იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. სასტუმროების მოძებნაში დაგეხმარებათ საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი საიტები hotelscombined.com ან booking.com. ფლორენციაში  დაახლოებით 50$-დან  შეგიძლიათ დაიქირაოთ ნომერი აბაზანით, კონდიციონერით და უფასო wi-fi-ით.

ტრანსპორტი ფლორენციაში: მიუხედავად იმისა, რომ ფლორენცია ტოსკანას ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია,  მის  ქუჩებში იშვიათად ნახავთ საცობებს. მძღოლები მკაცრად იცავენ მოძრაობისა და პარკირების წესებს.  მოსახლეობა აქტიურად იყენებს ველოსიპედს, თუმცა ველობილიკები ყველგან არ არის.

ფლორენცია პატარა ქალაქია და აქ მეტროს საჭიროება არ არის. თანაც, ყველა მნიშვნელოვანი ადგილი არც თუ დიდ ტერიტორიაზეა თავმოყრილი.

ფლორენციის ავტობუსები ასობით მარშრუტითაა წარმოდგენილი. მთავარ სატრანსპორტო კომპანიას ( ATAF) ბილეთებისა და აბონემენტების ერთიანი სისტემა აქვს. ავტობუსები სტაფილოსფერია, ან უფრო ახალი მოდელები მუქი იასამნისფერი და თეთრი. ერთჯერადი ბილეთით 90 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ. მისი ყიდვა ყველგან შეგიძლიათ - თამბაქოსა თუ პრესის ჯიხურებში, ბარებში, ყველგან სადაც ვიტრინაზე გამოკრულია წარწერა - ATAF.

გარდა ამისა, ტურისტებს სთავაზობენ 24-საათიან აბონემენტს – 5 ევროდ; 3- დღიანს – 12 ევროდ და ერთ კვირიანს – 18 ევროდ. ასევე, შეგიძლიათ 72 ევროდ იყიდოთ Firenze Card, რომელიც 72 საათის განმავლობაში 67 მუზეუმის კარს გაგიღებთ. ბონუსი – უფასო მგზავრობა ავტობუსებსა და ტრამვაიში ბარათის ვადის ამოწურვამდე.

დიდი ხანი არ არის (2010 წ), რაც ფლორენციაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტრამვაის ხაზი (T1) აღადგინეს (7.4 კმ). ის სანტა მარია ნოველას სადგურს გარეუბანში, სკანდიჩის კომუნას აერთებს და გზად 14 გაჩერებას გაივლის. ერთ მარშრუტს დააახლოებით 25 წუთი სჭირდება. ტრამვაი მუშაობას დილის 05:30 წთ-ზე იწყებს.

რაც შეეხება ტაქსებს, ფლორენციაში ქუჩაში ტაქსს ვერ გააჩერებთ. ის წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ფასები საკმაოდ დამაბნეველია და გირჩევთ მანამდე გაარკვიოთ, ვიდრე ტაქსიში ჩაჯდებით.

კვება: ფლორენციული სამზარეულოს შესახებ ლეგენდები დადის. ითვლება, ადგილობრივი კულინარების შემოქმედების გვირგვინია კილოგრამიანი სტეიკი (bistecca fiorentina). ადგილობრივი კერძები ტოსკანური არომატით გამოირჩევა.

ფლორენციაში ბევრი რესტორანი და კაფეა, სადაც ნოყიერადაც ისადილებთ და უბრალოდ წაიხემსებთ კიდეც. როგორც ტურისტებისთვის მიმზიდველ ბევრ ევროპულ ქალაქში, ფლორენციაშიც კვება არცთუ ისე იაფი ღირს. 2019 წლის ივლისის მონაცემებით (www.numbeo.com), იაფფასიან რესტორანში სადილობა დაახლოებით 50  ლარი დაგიჯდებათ, კაპუჩინოს 4 ლარად დალევთ, თეთრ პურს 5 ლარად შეიძენთ, 12 ცალი კვერცხი კი 13 ლარამდე ღირს, 1 კგ ადგილობრივი ყველი 50 ლარამდე მერყეობს, ერთი კოლოფი სიგარეტი (Marlboro) კი 17 ლარამდე დაგიჯდებათ.

რა არ უნდა გამოგრჩეთ ფლორენციაში მოგზაურობისას:

ეს ულამაზესი ქალაქი აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს თავისი ისტორიული ძეგლებით, საოცარი არქიტექტურით, უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილით.

უფიცის გალერეა Uffizi Gallery

სასახლე ფლორენციაში, რომელიც 1560-1581 წლებშია აგებული და ამჟამად ევროპული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმად ითვლება.

უფიცის გალერეა  ფლორენციის საგანძურია. აქ ინახება ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“, მიქელანჯელოს „წმინდა ოჯახი“, ასევე ჯოტო დი ბონდონეს,  ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ჯორჯონეს, ტიციანის, პაოლო უჩელოს, ფრა ფილიპო ლიპის, პიერო დელა ფრანჩესკას და სხვების შედევრები. აქვეა ანტიკური, ფრანგული, ესპანური, გერმანული და ჰოლანდიური ხელოვნების ნიმუშები.
სანტა მარია დელ ფიორე La Cattedrale di Santa Maria

წმინდა მარიას ტაძარი, რომლის გუმბათი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობია,  ფლორენციის სავიზიტო ბარათი გახდა. ის ნამდვილი საგანძურია. ტაძართან არის მუზეუმი, სადაც აუცილებლად უნდა შეხვიდეთ, რადგან სწორედ აქ არის მიქელანჯელოს „პიეტა“, დონატელოს მარია მაგდალინელის ხის ქანდაკება, გიბერტის „სამოთხის კარები“ და სხვა (შესვლა 6 ევრო).

პონტე-ვეკიო Ponte vecchio

შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი ქალაქ ფლორენციაში, მდინარე არნოზე. საღამოობით ხიდი მოციმციმე სინათლის ფონზე გაცოცხლებული ზღაპარივით გამოიყურება. ხიდი ვაჭართა და სოვდაგართა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა. ლეგენდის თანახმად ხიდზე ვაჭრობა გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა.

1593 წელს ხიდის პრესტიჟის ასამაღლებლად ყასბებს ხორცის გაყიდვა აეკრძალათ, რის შემდეგაც ხიდი ოქროთი მოვაჭრეებმა დაიკავეს. აქ დღესაც ძალიან ძვირადღირებულ საიუველირო ბრენდებს ნახავთ.

ხიდზე ვაჭრებს დახლები ჰქონდათ გაშლილი, რომლებზეც მათი საქონელი ეწყო. თუ კი რომელიმე მოვაჭრე ვალებს ვერ იხდიდა, მას დახლს უმტვრევდნენ და საქონლის გაყიდვას უკრძალავდნენ, ლეგენდის თანახმად სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა ტერმინი „ბანკროტი“, რაც იტალიურად „გატეხილ სკამს“ (banco rotto) ნიშნავს.

პიტის სასახლე Palazzo Pitti

რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლე ფლორენციაში, სასახლის ძირითადი ნაწილი 1058 წლით თარიღდება და თავდაპირველად ამბიციური ფლორენციელი ბანკირის, ლუკა პიტის რეზიდენცია იყო. 1539 წელს მედიჩების ოჯახმა შეისყიდა, როგორც ტოსკანის დიდი საგრაფოს მმართველი ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია. ამჟამად რამდენიმე მცირე დანამატის გარდაб მედიჩების ოჯახის განძთან ერთად სასახლეში სახალხო ბიბლიოთეკაცაა.

გალერეა აკადემია და დავითი Galleria dell'Accademia & David (Michelangelo)

ნატიფი ხელოვნების აკადემია (Accademia di belle arti di Firenze) პირველი ევროპული სამხატვრო სასწავლო დაწესებულებაა. აქ თავმოყრილი კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია იტალიაში. ტურისტების უმრავლესობა ფლორენციაში მოხვედრას იმიტომაც ლამობს, რომ გალერეა აკადემიაში აღმოჩნდნენ.

გალერეასთან ყოველთვის დიდი რიგებია, აქ ხალხს ჯგუფებად (დაახლოებით 30 კაცი) უშვებენ. ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 12 ევროა.

სწორედ აქ არის ყველა დროის უდიდესი ქმნილება მიქელანჯელოს „დავითი“.

გარდა მიქელანჯელოს ნამუშევრისა, აქ ნახავთ სხვა იტალიელი მხატვრების  ნამუშევრებსაც.

ბობოლის ბაღები - Giardino di Boboli


განთქმული პარკი ფლორენციაში, რენესანსის სტილის საპარკო ანსამბლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იტალიაში.

ბობოლის ბაღები იყოფა კერძო და სახალხო ნაწილებად - გროტებით, ნიმფებით და კლასიკურ სტილში შესრულებული, მოქმედი, ბაღის კოლონადებიანი ეკლესიებით. ბობოლის ბაღების ღირსებას წარმოადგენს ის, რომ აქედან იშლება ქალაქის მშვენიერი ხედები.

 

ყველა ახალი ამბავი
0