23:45 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
გუდაური

საქართველოს სამთო კურორტებზე პარკინგის პრობლემა აღარ იქნება

© Sputnik / Levan Avlabreli
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

ზამთრის კურორტებზე ტურისტების დიდი რაოდენობის გამო ავტომობილებისთვის სადგომი ადგილები არასაკმარისია

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები>>>

კობში 700 ავტომობილზე - 680 მსუბუქი, 15 მიკროავტობუსი, 5 ავტობუსი - გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება. 

გუდაურში 200 ავტომობილსა და ორ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.

ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება ბაკურიანშიც. ტენდერი გამოცხადდა 1,1ათას ავტომობილზე: მათ შორის, 980 მსუბუქი ავტომობილი, 80 მიკროავტობუსი და 40 ავტობუსი.

პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობა დაიწყება.

სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, ავტოსადგომებზე იფუნქციონირებს საპირფარეშოები, კაფეტერია, ასევე თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ამ კურორტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და პიკურ პერიოდში დამსვენებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო კურორტებზე არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

კობი - გუდაური - ბაკურიანი

წელს კობში გუდაურთან დამაკავშირებელი საქართველოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა გაიხსნა. 

ხელისუფლების აზრით, აღნიშნული საბაგირო  ერთგვარი შეღავათი იქნება დამსვენებლებისთვის, რამდენადაც ზამთარში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი პერიოდულად იკეტება.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის სიგრძე 7,5 კილომეტრია. მშენებლობა ერთ წელს გაგრძელდა და 81 მლნ ლარი დაიხარჯა. საბაგიროზე 111 გონდოლა მდებარეობს, გამტარუნარიანობა საათში 2,8 ათას მგზავრს შეადგენს.

გუდაური - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია, რომელიც დიდი პოპულარობით როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. კურორტი ზღვის დონიდან 2,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, დიდი კავკასიური  ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს.

კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამთო კურორტი ბაკურიანი, რომელმაც ფუნქციონირება მე-19 საუკუნეში დაიწყო, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. უნიკალური კლიმატური პირობების გამო კურორტი საყვარელი ადგილია როგორც ტურისტებისთვის ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის.


 

მთავარი თემები