თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიის მუშაობა შეაჯამა და იმ მასალების ფოტოების გამოფენა მოაწყო, რომლებიც მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში გამოქვეყნდა.
საქართველო – იაფი ქვეყანა: რა ხიბლავთ ტურისტებს>>>
უწყებამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის 150 ტური და 128 პრეს-ტური ჩაატარა. საქართველოს 800 ჟურნალისტი ეწვია, რომლებმაც ათასზე მეტი სტატია და 150 სიუჟეტი მოამზადეს. საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა, ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა სხვადასხვა ქვეყნების მრავალმილიონიან აუდიტორიას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ისეთ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიები, როგორიცაა National Geographic, Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, Vogue და ა.შ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით ტურისტული კომპანიებისა და საერთაშორისო მედიისთვის 469 ტური იყო ორგანიზებული. საქართველო 2,6 ათასზე მეტმა ჟურნალისტმა და ათასზე მეტმა ტუროპერატორმა მოინახულა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს შესახებ მომზადდა 3 ათასზე მეტი სტატია და ბლოგი და ასევე 408 სატელევიზიო სიუჟეტი.
იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს 8,1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც 11%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 11 თვის განმავლობაში ტურისტულმა ვიზიტებმა 4,4 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც 17,2%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დარწმუნებული არიან, რომ ასეთი შედეგის მიღწევა სწორი და წარმატებული მარკეტინგული კამპანიის დამსახურებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება.