თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დასრულდა ყაზბეგში გერგეტის სამებისკენ მიმავალი გზის მშენებლობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
5,6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც სტეფანწმინდასა და გერგეტის სამების ტაძარს აკავშირებს, 2017 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.
„ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 7,8 მილიონი ლარია. პროექტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებს შორის. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის რაიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ნათქვამია განცხადებაში.
გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სალოცავი და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია.