როგორ ვიმოგზაუროთ იაფად ავსტრიის ულამაზეს დედაქალაქ ვენაში

CC0 / Pixabay / Julius_Silver / ვენა, ავსტრია
ვენა, ავსტრია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გსურთ კულტურული შოკის მიღება, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვენა. ვენა — ეს არის ხელოვნების, მუსიკის, რომანტიკის ქალაქი–დღესასწაული. ამ ქალაქს თავისი განუმეორებელი შარმი აქვს განსაკუთრებული შენობებით, ღვინით, მიმზიდველი და მყუდრო კაფეებით, ყავახანებითა და განუმეორებელი ყავით.

უცხო ქვეყანასა და ქალაქში მოგზაურობა ყოველთვის ასოცირდება უამრავ ახალ გამოცდილებასთან, ხოლო ისეთი ქალაქის მონახულება, სადაც ცხოვრობდნენ კომპოზიტორები — მოცარტი, შუბერტი, ბეთჰოვენი, ჰაიდნი, შტრაუსი, ხელოვანები — გუსტავ კლიმტი, ოსკარ კოკოშკა, ეგონ შილე და სხვები, ნამდვილად დატოვებს თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს.

ავსტრიის დედაქალაქი ვენა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ის ერთ-ერთია იმ ცხრა ავსტრიული პროვინციიდან, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ცხოვრობს (1,8 მილიონი ადამიანი). დუნაის ნაპირებზე გადაჭიმული ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, დახვეწილი და ულამაზესია ევროპაში, თავისი მდიდარი ისტორიითა და უამრავი ღირსშესანიშნაობით.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევეცდებით თქვენთან ერთად დავგეგმოთ მოგზაურობა კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების დედაქალაქ ვენაში, გირჩევთ, რა არ უნდა დაგრჩეთ უნახავი და როგორ მოახერხოთ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური სიამოვნების მიღება.

დაჯავშნეთ ბილეთები: თუ დროში არ ხართ შეზღუდული და წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა, მაშინ ხშირად ესტუმრეთ ვებ-გვერდებს, რომლებიც მრავალი ავიაკომპანიის ფასს ერთმანეთს ადარებს და მომხმარებელს პირველ რიგში ყველაზე დაბალფასიან ვარიანტს სთავაზობს.

დღევანდელი მონაცემებით, ზამთრის თვეებში თბილისის აეროპორტიდან ვენაში ორმხრივი მიმართულებით ბილეთის დაჯავშნას 300$-დან 400$-მდე შეძლებთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფასები საკმაოდ ცვალებადია.

დაჯავშნეთ სასტუმრო/ჰოსტელი/ბინა: შემდეგი ნაბიჯი, თუ როგორ დავგეგმოთ იაფად მოგზაურობა ვენაში, არის შედარებით იაფფასიანი საცხოვრებელი ადგილის შერჩევა და დაჯავშნა. ამისათვის ესტუმრეთ გვერდებს hotelscombined.com ან booking.com, სადაც ორადგილიანი ნომრის ერთი ღამით დაქირავებას ვენაში საშუალოდ 90 ლარიდან შეძლებთ. ნომრები აღჭურვილია უფასო wi-fi-ით, პლაზმური ტელევიზორით, სააბაზანოთი და ზოგ შემთხვევაში საუზმესაც მოგართმევენ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ბინის ვარსკვლავების რაოდენობას და თვალი გადაავლეთ მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს. ეს ყველაფერი ბინის პირობებს, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას და მის  სანდოობას ასახავს.

აიღეთ სამოგზაურო დაზღვევა: ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარიდან დაგიჯდებათ.  სამოგზაურო დაზღვევის შეძენა სადაზღვევო კომპანიების სერვის-ცენტრებში შეგიძლიათ, აგრეთვე ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად.

ტრანსპორტი ვენაში: ვენას საკმაოდ კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა აქვს. ავტობუსები, მატარებლები, მეტრო, ტრამვაი ქალაქის ყველა წერტილში მიგიყვანთ. მგზავრობაც კომფორტულია, იშვიათად გადატვირთული, სწრაფი, სუფთა, უსაფრთხო ტრანსპორტი ვენის ერთ-ერთი ღირსებაა.

მეტრო ავსტრიის დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ის 5 ხაზისა და 101 სადგურისგან შედგება. ამასთანავე ყოველ ხაზს თავისი ფერი აქვს. კვირის ბოლოსა და დღესასწაულებზე ვენის მეტრო 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

ქალაქში ტრამვაის 29 და ავტობუსის 127 ხაზია, მათგან 24 ხაზი ღამით მოძრაობს. ღამის ავტობუსები პირველის ნახევრიდან დილის ხუთ საათამდე მუშაობენ.

ერთჯერადი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 2.30€ დაგიჯდებათ. ასეთი ბილეთის გარდა შეგიძლიათ შეიძინოთ 24-საათიანი, 48-საათიანი ან 72-საათიანი სამგზავრო ბარათი, ე.წ. Vienna City Card.  შიდა ზონაში ულიმიტო, უფასო მგზავრობის გარდა, ამ ბარათებით უამრავი ღირსშესანიშნაობის, მუზეუმის დათვალიერებასაც შეძლებთ უფასოდ, ან საკმაოდ კარგი ფასდაკლებით. 24-საათიანი Vienna city card 13.90€ ღირს, 48-საათიანი – 21.90€, 72-საათიანი – 24.90€ დაგიჯდებათ. თუ აპირებთ აქტიურად იაროთ და დაათვალიეროთ ეს უმშვენიერესი ქალაქი, მაშინ ღირს ამ ბარათის შეძენა, თუ მკაცრად განსაზღვრული ბიუჯეტით მიემგზავრებით, ბევრი იხეტიალეთ ფეხით და ასე უკეთესად შეიგრძნობთ ქალაქის ხიბლსა და სურნელს.

კვება: როგორც ტურისტებისთვის მიმზიდველ ბევრ ევროპულ ქალაქში, ვენაშიც კვება ძვირი ღირს. 2018 წლის იანვრის მონაცემებით (www.numbeo.com), იაფფასიან რესტორანში სადილობა დაახლოებით 35 ლარი დაგიჯდებათ. თეთრ პურს 6 ლარად იყიდით, კაპუჩინოს კი 9 ლარად დალევთ.

ავსტრიული სამზარეულო მთელი მსოფლიოსთვის, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია ვენური შნიცელით. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხში და პურის ნაფხვენში ავლებენ და ასე წვავენ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი და ვენაში სტუმრობისას აუცილებლად გასინჯეთ ის.

როგორც ამბობენ, ვენის მცხოვრებნი ყველაზე მეტ ყავას მოიხმარენ ევროპაში – თითქმის 10 კილოგრამს წლის განმავლობაში. ყავა აქ ყველაზე პოპულარული სასმელია წყლის შემდეგ. მათ სჯერათ, რომ არსად ისე არ უყვართ ყავა, როგორც მათ ქალაქში, რადგან სწორედ ყავახანებში წერენ წიგნებს, ქმნიან ოპერებს, მუშაობენ. ვენელები იმასაც ამბობენ, აპოკალიპსი მაშინ დაიწყება, როცა აქ ბოლო ყავახანა დაიხურებაო. ყველაზე პოპულარული აქ ყავა „მელანჟეა“ — ნახევარი შავი ყავა, ნახევარი რძე და ზემოდან ათქვეფილი ნაღები. ცნობილია აგრეთვე „მარია ტერეზა“ — ყავა ფორთოხლის ლიქიორითა და ათქვეფილი ნაღებით.

ავსტრიელები დიდი რაოდენობით დესერტს მიირთმევენ — შტრუდელს, რომელიც ვენის სავიზიტო ბარათია, ლინცურ ტორტს, შტრიცელს.

რა არ უნდა გამოგრჩეთ ვენაში მოგზაურობისას:

ვენის ღირშესანიშნაობები, რაც დღეს ამ ქალაქში უამრავ ტურისტს იზიდავს, არის: 100 მუზეუმი, 27 ციხე–სიმაგრე და დაახლოებით 150 სასახლე.

CC0 / Pixabay / domeckopol / ჰოფბურგი
ჰოფბურგი - Sputnik საქართველო
ჰოფბურგი

Hofburg ჰოფბურგი

უძველეს დროში აშენდა პირველი სასახლე, რომელიც შემდგომ დიდებული და პომპეზური ჰოფბურგის საფუძვლად იქცა. ჰოფბურგი ჰაბსბურგთა ძლევამოსილი დინასტიის ზამთრის რეზიდენცია იყო, 1945 წლიდან კი იგი ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენციაა. დღეს აქ თავმოყრილია მუზეუმები, ციხე-დარბაზები, მინისტრების კაბინეტები.

შესვლა: 11.50€

Schönbrunn Palace შენბრუნის სასახლე

CC0 / Pixabay / 12019 / შენბრუნის სასახლე
შენბრუნის სასახლე - Sputnik საქართველო
შენბრუნის სასახლე

ამბობენ, თუ ეს სასახლე არ გინახავს, არ გინახავს ვენაო. შენბრუნის სასახლე იმპერატორების საგვარეულოს – ჰაბსბურგთა დინასტიის საზაფხულო სახლი გახლდათ. შენბრუნი 1441-ოთახიანი სასახლეა, რომლის ბაღებში 2 კილომეტრამდე სიგრძის ლაბირინთიცაა. მიუხედავად ამდენი ოთახისა, სასახლეში სამზარეულო არ არსებობდა. კერძები სხვა შენობაში მზადდებოდა და შემდეგ მოსამსახურეებს მოჰქონდათ მონარქებისთვის.

მონაქრიის დაცემის შემდეგ, 1918 წელს შენბრუნი ახლად დაარსებული ავსტრიის რესპუბლიკის მფლობელობაში გადავიდა და მუზეუმად იქცა. დღეს სასახლე ვენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.

შესვლა: 11.50€

Schönbrunn Zoo (Vienna Zoo) ვენის (შენბრუნის) ზოოპარკი

CC BY-SA 2.0 / KLMircea / Schönbrunn Palaceვენის (შენბრუნის) ზოოპარკი
ვენის (შენბრუნის) ზოოპარკი - Sputnik საქართველო
ვენის (შენბრუნის) ზოოპარკი

ვენაშია მსოფლიოში უძველესი და ულამაზესი ზოოპარკი, რომელიც დაარსდა 1752 წელს. იგი ექსპერტებმა (Anthony Sheridan) ევროპის საუკეთესო ზოოპარკად აღიარეს. აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და საკმაოდ კარგადაა შენახული ბაროკოს სტილში აშენებული შენობები. ვენის ზოოპარკი ცნობილია უზარმაზარი პანდებით, ველური ჯუნგლების ორსართულიანი სექციით და ვარდისფერი ფლამინგოებით.

შესვლა: 16.50€

Belvedere ბელვედერის მუზეუმი

CC0 / Pixabay / bogitw / ბელვედერის მუზეუმი
ბელვედერის მუზეუმი - Sputnik საქართველო
ბელვედერის მუზეუმი

XVIII საუკუნეში აგებული ბელვედერი – თავისი დროის ერთ–ერთი უდიდესი მთავარსარდლის, სავოის პრინცის საზაფხულო რეზიდენცია იყო. ბელვედერის ისტორიული შენობა შედგება ბაროკოს სტილის ორი სასახლისგან, ორანჟერეისგან და სასახლის თავლებისგან. დღეს აქ განთავსებულია ავსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეებიდან დღემდე. მუზეუმი 4 სართულს მოიცავს და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში. აქ ნახავთ გუსტავ კლიმტის კოლექციას და მის არაჩვეულებრივ „კოცნას“ (1907-1908 წწ). მართლაც, საოცარ ემოციას გამოიწვევს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი „კოცნის“ ორიგინალში დათვალიერება.

შესვლა: 13.71$

Stephansdom (St. Stephen's Cathedral) წმინდა სტეფანეს ტაძარი

CC0 / Pixabay / domeckopol / წმინდა სტეფანეს ტაძარი (შტეფანსდომი)
წმინდა სტეფანეს ტაძარი (შტეფანსდომი) - Sputnik საქართველო
წმინდა სტეფანეს ტაძარი (შტეფანსდომი)

ამ ტაძრის გარეშე დღეს არა მხოლოდ ვენის, არამედ მთელი ავსტრიის წარმოდგენაც შეუძლებელია – ეს ნაგებობაც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის.

შესვლა: 5.5 €, თუმცა საეკლესიო მომსახურების დროს შესვლა უფასოა.

Karlskirche კარლსრიხის ეკლესია

CC BY 2.0 / Aapo Haapanen / Karlskircheკარლსრიხის ეკლესია
კარლსრიხის ეკლესია - Sputnik საქართველო
კარლსრიხის ეკლესია

უჩვეულო არქიტექტურა აქვს კარლსრიხის, იგივე წმინდა კარლოსის ეკლესიას, რომელიც შავი ჭირისგან დამცველად მიიჩნეოდა. იგი ყველაზე ცნობილი ბაროკოს სტილის შენობაა ვენაში.

Austrian Parliament Building ავსტრიის პარლამენტი

CC BY-SA 2.0 / Dennis Jarvis / Austrian Parliamentავსტრიის პარლამენტი
ავსტრიის პარლამენტი - Sputnik საქართველო
ავსტრიის პარლამენტი

აშენებულია 1874–1883 წლებში. იგი ვენის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა. ცოტა მოგვიანებით მის წინ ათენა პალადას დახვეწილი სკულპტურა დაიდგა.

Vienna State Opera ვენის ოპერის შენობა

CC BY 2.0 / Miguel Mendez / The Vienna State Operaვენის ოპერა
ვენის ოპერა - Sputnik საქართველო
ვენის ოპერა

მსოფლიო მუსიკალური ცენტრის სახელი, რასაც ვენა უკვე მრავალი საუკუნეა ატარებს, XIX ასწლეულში გაამყარა ვენის ოპერის შენობამ, რომელიც დღესაც ავსტრიის უდიდესი მუსიკალური თეატრია. აქ ტარდება უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის, ცნობილი ვენური მეჯლისი. მდებარეობს ქალაქის ცენტრში.

ჰუნდერტვასერის სახლი

CC BY-SA 2.0 / Dario Sušanj / Hundertwasserhausჰუნდერტვასერის სახლი
ჰუნდერტვასერის სახლი - Sputnik საქართველო
ჰუნდერტვასერის სახლი

კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი – ჰუნდერტვასერის სახლი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. ეს ნაგებობა 1983-1986 წლებში აშენდა ფრიდენსრეიჰ ჰუნდერტვასერის პროექტით და ის მსოფლიოს არც ერთ სხვა შენობას არ ჰგავს – სახლს არ აქვს ერთი სწორი ხაზიც კი, თუმცა, ბევრია სიმწვანე და სხვადასხვა ფერის კედლები, სახურავზე – მიწა და ბალახი.

Prater ვენის პრატერი

CC BY 2.0 / Sarah_Ackerman / Praterვენის პრატერი
ვენის პრატერი - Sputnik საქართველო
ვენის პრატერი

ვენაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ვენის პრატერი“ – უზარმაზარი პარკი და დასასვენებელი ზონა. ასობით ატრაქციონთან ერთად აქ არის ცნობილი „ეშმაკის ბორბალი“.

Wiener Riesenrad (Big Wheel) ეშმაკის ბორბალი

CC BY 2.0 / Anonymous Account / Praterეშმაკის ბორბალი
ეშმაკის ბორბალი - Sputnik საქართველო
ეშმაკის ბორბალი

პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქის პანორამით შეგიძლიათ დატკბეთ „ეშმაკის ბორბლიდან“, რომელიც პრატერის პარკში მდებარეობს. ის 64.75 მეტრი სიმაღლისაა და ბრიტანელმა ინჟინრებმა ააგეს 100 წლის წინ.

ვენური კაფეები

უამრავ ღირსშესანიშნაობასთან ერთად, რომლებსაც აუცილებლად მოინახულებს აქ ჩასული ტურისტი,  ვენაში არის კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ – ვენური კაფეები. ვენაში 1717 კაფეა, რომლებიც ავსტრიელების ცხოვრების სტილის დამახასიათებელი, ტურისტებისთვის კი ავსტრიის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ვენაში იმდენი ღირსშესანიშნაობაა, ალბათ, ვერასოდეს მოვრჩებით მათზე საუბარს. მდიდრული სასახლეები, დიდებული მოედნები, მრავალრიცხოვანი სკვერები, თვალწარმტაცი ბაღები — ეს ის ქალაქია, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ, რომ ცხოვრების ბოლომდე გაგყვეთ მისი სურნელი და მომაჯადოვებელი სილამაზე.

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა

ყველა ახალი ამბავი
0