09:42 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
მოგზაურობა შვედეთში: მერი ბლიაძე

ევროპაში პირველად წასული ქართველი ჟურნალისტის უცნაური თავგადასავალი შვედეთში

მერი ბლიაძის პირადი არქივი
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
1191203

„Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი მერი ბლიაძე რუბრიკაში „ცნობილების ვოიაჟი" სტოკჰოლმში თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე გვიამბობს.

სტოკჰოლმი იმდენად შთამბეჭდავი, გასაოცარი და განუმეორებელი ქალაქია, რომ მისი ხილვით მიღებული შთაბეჭდილებების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვფიქრობ, გამიჭირდება ერთ სტატიაში მოვაქციო ყველა ის ემოცია, რაც სტოკჰოლმში ყოფნის დროს, ერთი კვირის განმავლობაში დამიგროვდა. ეს არის ქალაქი, რომელსაც ვერ ამოწურავ, ბოლომდე ვერ შეიცნობ. დამთვალიერებლებისთვის სტოკჰოლმი ნამდვილი სამოთხეა. აქ უცნაური სურვილი გიჩნდება ადამიანს, გინდა ძველი ქალაქის ფერად ქუჩებში უსასრულოდ იხეტიალო და მერე დაღლილ-დაქანცული, სადღაც შორეულ წარსულში გაუჩინარდე…

სტოკჰოლმის ბინადარი მტრედები მდინარის სანაპიროზე
მერი ბლიაძის პირადი არქივი
სტოკჰოლმის ბინადარი მტრედები მდინარის სანაპიროზე

ამ მოგზაურობას რამდენიმე თვის განმავლობაში ვგეგმავდი. ეს ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო ევროპაში და განსაკუთრებული ემოციით და გულისფანცქალით ველოდებოდი. სტოკჰოლმი შემთხვევით არ შემირჩევია, იქ ხომ ჩემი უსაყვარლესი ბავშვობის მეგობრები – ონავარი და ცელქი კარლსონი, ახტაჯანა პეპი, ყაჩაღის ასული რონია, ემილი და სხვები მელოდებოდნენ. ღრმა ბავშვობაში სწორედ მათი დახმარებით შევიტყვე სტოკჰოლმის შესახებ. კარლსონის თვალით, სახურავიდან ვათვალიერებდი ამ ულამაზეს ქალაქს, ყურს ვუგდებდი ადამიანების გულისცემას, სახლის სახურავიდან ვუთვალთვალებდი მათ, როგორ დაფუსფუსებდნენ ჭიანჭველებივით. თუმცა სტოკჰოლმი რეალობაში უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემ წარმოსახვაში იყო…

და, რაც ყველაზე მთავარია, სტოკჰოლმში ჩემი უსაყვარლესი ადამიანები მეგულებოდნენ, რომელთა დახმარებით შევიცანი და შევისისხლხორცე ეს საოცარი ქალაქი, გავეცანი მათ კულტურას, ტრადიციებს და ა.შ.

არლანდის აეროპორტი, სტოკჰოლმი
არლანდის აეროპორტი, სტოკჰოლმი

აეროპორტი

…და, აი, დადგა ნანატრი წუთები. ჩვენი თვითმფრინავი ნელი რწევით დაეშვა არლანდის აეროპორტში. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. ეს უზარმაზარი აეროპორტი ზუსტად ასახავს შვედი ხალხის ხასიათს. თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიპყრო წარწერამ „კეთილი იყოს ჩემ მშობლიურ ქალაქში ჩამობრძანება“. თუმცა ამ ქალაქში „შებრძანება“ ჩემთვის და ჩემი მეგზურისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ევროპის კარები ჩემთვის შვედეთს უნდა გაეღო და ალბათ ზედმეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა…

მესაზღვრემ „მუშტრის თვალით“ შეგვათვალიერა და ჩვენი „დაკითხვა“ დაიწყო. დამტვრეული ინგლისურით გაგვიჭირდა აგვეხსნა, ვინ ვიყავით, რა გვინდოდა და სად მივდიოდით. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მერვე დღეს გვქონდა აღებული, სასტუმრო კი მხოლოდ სამი დღით გვქონდა დაჯავშნილი. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა დააეჭვა შვედი მესაზღვრე და გვთხოვა თარჯიმანს დავლოდებოდით. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ორი ახოვანი პოლიციელი ამოგვიდგა გვერდით და გაყოლა გვთხოვეს, შეგვიყვანეს საგანგებოდ განკუთვნილ ოთახში და საგულდაგულოდ გაგვჩხრიკეს. მერე უშველებელი ავტობუსით გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს, ცარიელ შენობაში შეგვიყვანეს, პასპორტები ჩამოგვართვეს და გაუჩინარდნენ. საათი საათს მისდევდა, მაგრამ არც თარჯიმანი ჩანდა და აღარც პოლიციელები…

არლანდის აეროპორტი, სტოკჰოლმი
არლანდის აეროპორტი, სტოკჰოლმი

 

უკვე შიშის ზარები წკრიალებდა ჩვენ გულებში. ოთხი საათის მერე გამოჩნდა სულ სხვა პოლიციელი, რომელიც რუსულად საუბრობდა. მოკრძალებული ღიმილით მკითხა, თუ რატომ მქონდა სასტუმრო მხოლოდ სამი დღით დაჯავშნილი და არა მთელი კვირით. მოვმართე მთელი ჩემი „ორი კაკალი“ რუსული და ჟურნალისტური ალღო. გამახსენდა, რომ საფულეში პრესის ბარათი ე.წ. პრესკარტა მედო. სწრაფად ამოვიღე და ამაყად მოვახსენე პოლიციელს, რომ ვარ ქართველი ჟურნალისტი, ჩავედი სტოკჰოლმის დასათვალიერებლად და მინდა შემდეგ მათი ქალაქი ჩემ თანამემამულეებსაც გავაცნო. ხოლო სასტუმრო იმიტომ დავიქირავე მხოლოდ სამი დღით, რომ შემდეგ სხვა რაიონში მინდა გადასვლა. პოლიციელმა გამიღიმა და მზის სხივმაც გამოანათა. მან საგულდაგულოდ გადათვალა ჩემ საფულეში ევროები და ჩემი ჟურნალისტობის დამადასტურებელ ბარათთან ერთად გაუჩინარდა. ნახევარ საათში ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან, კეთილი იყოს თქვენი სტოკჰოლმში მობრძანებაო, ჩაგვსვა საკუთარ მანქანაში და გასასვლელამდე მიგვაცილა (ყოველთვის უზომოდ მიყვარდა ჩემი პროფესია, ამის მერე კი უფრო მეტად დავაფასე).

აეროპორტიდან ჯერ არ ვიყავით გასული, (არ ვიცი რა დავარქვა) „დავგოიმდით“ თუ კურიოზული შემთხვევა იყო, თქვენ შეაფასეთ. მოკლედ, მე და ჩემს მეგზურს, ეკა საგინაშვილს გვაქვს ბარგი, რომელიც თითო იწონის 23 კილოს. ასევე მხრებზე გვკიდია 8-8-კილოიანი ჩანთები. ჩვენი ორივე ჩემოდანი სავსეა: სამწვადით, იმერული ყველით, ყელმოღერებული დედლებით, ხაჭაპურებით, კახური ჭაჭით, ღვინით, ალუჩით და სხვა, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის იყო განკუთვნილი. აეროპორტიდან მეტროს სადგურამდე რომ მივსულიყავით, არც ისე მოკლე მანძილი გვქონდა გასავლელი. მათ ერთმანეთთან გრძელი კორიდორი აკავშირებდა. მძიმე ჩემოდნებით კორიდორი დიდი წვალებით გავიარეთ. თუმცა წინ უარესი გველოდა… უშველებელი დახვეული კიბეები დაგვხვდა, რომლის გარეშეც მეტროს სადგურზე ვერ ჩავიდოდით.

ექსკალატორი სტოკჰოლმის მეტროში
მერი ბლიაძის პირადი არქივი
ექსკალატორი სტოკჰოლმის მეტროში

ესკალატორი გაჩერებული იყო, შესაბამისად, ესკალატორით ვერ ვისარგებლებდით. ავიკიდეთ 23-23-კილოიანი ჩემოდნები და რახრახით, კვნესით, ვაებით, გოდებით ძლივს ჩავათრიეთ პირველ სართულზე. სიმწრის ოფლი გვასხამს, თითქოს ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნის, გაოცებული, გაფართოებული თვალებით, როგორც პაპუასებს, ისე გვიყურებენ შვედები. გზის გაგრძელება აღარ შეგვეძლო, დასასვენებლად იქვე კიბეებთან გავჩერდით. 5 წამში ჩემ ყურთან ისმის გაურკვეველი ხმა, ვიხედები გვერდზე და ვხედავ, როგორ იღება ლიფტის კარები და ბედნიერი სახეებით გამოდიან ჩემოდნიანი ტურისტები და აგრძელებენ გზას მეტროს სადგურისკენ…

სტოკჰოლმის ხედი, შვედეთი
მერი ბლიაძის პირადი არქივი
სტოკჰოლმის ხედი, შვედეთი

სტოკჰოლმი

საოცარი ისტორია, განსაცვიფრებელი არქიტექტურა, ულამაზესი მდინარეები, ტბები, მოვლილი პარკები და ეზოები, მჭიდრო დასახლებები, აეროპორტში სწრაფი ტრანსფერი და მოქნილი მეტროს სისტემა — ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ სტოკჰოლმი შეაფასო, როგორც ერთ-ერთი განვითარებული, დახვეწილი, ლამაზი, ჰარმონიული და შთამბეჭდავი ქალაქი. აქ ერთმანეთს ერწყმის მდიდარი ისტორია და თანამედროვე მსოფლმხედველობა. შვედები განსაკუთრებული პატრიოტიზმით გამოირჩევიან. აქ ჰავა სუსხიანი, ცა კი მუდამ ნისლიანია. ფერადი სახლები და დახვეწილი არქიტექტურა განსაკუთრებულ ელფერს მატებს ქალაქს. ღია სარკმლებიდან აფეთქებული, ათასფერად გადაშლილი ყვავილები იმზირებიან. არსად იმდენი სახეობის, ფერის, ფორმის, სურნელის მქონე ტიტა, ხასხასა და მოვლილი ბალახი არ მინახავს, რაც აქ ვნახე.

სტოკჰოლმი, შვედეთი
© Sputnik/ Meri Bliadze
სტოკჰოლმი, შვედეთი

შვედებისთვის სამუშაო დღე დილის 5-6 საათზე იწყება. სწორედ ამ დროს იღვიძებს ქალაქი და იწყება ფუსფუსი, ყველა სამსახურში მიიჩქარის. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო, ტროლეიბუსი, ავტობუსი და გემია. ამის მიუხედავად დიდი თუ პატარა ველოსიპედით მგზავრობს. გაგიკვირდებათ და ველოტრასებზე უფრო ნახავთ საცობებს, ვიდრე სამანქანო გზაზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად შეიძლება წააწყდე როგორც ქალაქის მერს, ისე რომელიმე ცნობილ ტელეწამყვანს, ან მსახიობს. გენდერული ბალანსი მკაცრად არის დაცული. მეტროს მატარებლებს, ავტობუსებს, ტროლეიბუსებს ულამაზესი შვედი ქალები ისე მართავენ, მათ პროფესიონალიზმში და სანდოობაში ეჭვს ვერ შეიტან. მშენებლობაზეც არაერთხელ შევხვდი ქერათმიან, სიფრიფანა, ლამაზ გოგონებს სამუშაო იარაღებით ხელში და მივხვდი, რომ აქ ყველა ტიპის სამუშაო ერთნაირად საამაყოა, მთავარია იყოს სამუშაო, შვედები არანაირი სახის სამუშაოს არ თაკილობენ. საღამოს 5-6 საათზე მათი სამუშაო დღე სრულდება და იწყება საკუთარ თავზე, სიამოვნებაზე, გართობაზე ზრუნვა.

სტოკჰოლმის საქმიანი ნაწილი
მერი ბლიაძის პირადი არქივი
სტოკჰოლმის საქმიანი ნაწილი

ულამაზესი სანაპიროები, უღრანი ტყეები, უამრავი ტბა და კუნძული… ყოველივე ამის ხილვის შემდეგ სულაც აღარ მიკვირს, თუ რატომ გიჟდებიან შვედები საკუთარ ბუნებაზე, რატომ უვლიან ასე გამალებით თითოეულ ხეს, ბუჩქს და ყვავილს. წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში ისინი ყოველთვის პოულობენ მიზეზს, რომ სასიამოვნოდ გაატარონ დრო გარეთ, ბუნებაში. განსაკუთრებით იზიდავთ ტბის სანაპიროზე პიკნიკი. შვედებს სამუშაო დღეებში დალევა ეკრძალებათ, ისინი მხოლოდ პარასკევ და შაბათ საღამოს სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს. ამ დღეს ხმაურის, სიმღერის უფლებაც გაქვს, რაც სხვა დღეებში გეკრძალება.

სტოკჰოლმი, შვედეთი
© Sputnik/ Meri Bliadze
სტოკჰოლმი, შვედეთი

ქალაქში სეირნობის დროს ხშირად მოჰკრავთ თვალს ბაღის მოსწავლეებს, რომლებსაც სპეციალური ფორმები აცვიათ და მასწავლებლების დახმარებით ასუფთავებენ ბაღებს, სკვერებს, უვლიან ყვავილებს, კრეფენ ხმელ ფოთლებს, ნარჩენებს და ა.შ. მათი შეგნება და კულტურა, რომ უნდა მოუარონ საკუთარ ქალაქს, დაიცვან სისუფთავე, ღრმა ბავშვობიდან იხვეწება და ვითარდება. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ 2017 წლის აპრილში შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი  ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა 10 დედაქალაქს შორის პირველ ადგილზე დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევაზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph გამოაქვეყნა. რაც შეეხება ხალხს, ჩემი დაკვირვებით და დასკვნებით, შვედები ყურადღებით და სითბოს გამოხატვის უნარით ნამდვილად არ გამოირჩევიან, თუმცა აშკარად იგრძნობა, რომ ისინი სხვა ადამიანის შეხედულებებს, მისწრაფებებს, ინტერესს, აღმსარებლობას, ორიენტაციას პატივს სცემენ და გაგებით ეკიდებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ვცდილობდი პარალელი გამევლო ქართველებსა და შვედებს შორის. როცა მეტროში პირველად შეყვარებული მამაკაცი წყვილი დავინახე, წარმოვიდგინე, ისინი რომ თბილისის მეტროში შემოსულიყვნენ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას. ან ქართველი მამაკაცი დაენახათ იასამნისფერი თმებით, გახვრეტილი ცხვირით და ყურით, ხშირი და გრძელი წვერით (წვერიც შეღებილი). არ იფიქროთ, რომ შვედებს ყველაფერი მოსწონთ და ყველაფერს ეთანხმებიან, უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ყველა ადამიანის შეხედულებას ერთნაირად სცემენ პატივს.

ველოსიპედების სადგომი სტოკჰოლმის ერთ-ერთი მეტროსადგურის წინ
მერი ბლიაძის პირადი არქივი
ველოსიპედების სადგომი სტოკჰოლმის ერთ-ერთი მეტროსადგურის წინ

დაუშვებელია შვედმა მოგატყუოს მაღაზიაში რაიმეს შეძენის, ვალუტის გადახურდავების დროს, ან, ზოგადად, ნებისმიერ საკითხში. და ისინიც ნდობით გიყურებენ, არც კი უშვებენ, რომ რამეს მოატყუებ, ან მოპარავ. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენგან განსხვავებით მაღაზიებში არ დგას ვიდეოკამერები და ჰყავთ მხოლოდ ერთი კონსულტანტი. ამით ძალიან ბევრი ემიგრანტი ბოროტად სარგებლობს… ძალიან არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამის შესახებაც მომეყოლა. თუ პოლიციას გვერდი გაუარე და შენი ქართული საუბარი იცნო, დიდი ალბათობით გაგაჩერებს და საბუთებს მოგთხოვს, რათა დარწმუნდეს, რომ დამნაშავე არ ხარ, ვინაიდან ქართველების მხრიდან უამრავი ქურდობის ფაქტია დაფიქსირებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის.

ყველაზე მეტად ჩემი გაოცება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არც ორსულს, არც მოხუცს და არც ბავშვიან ქალს ადგილს არავინ დაუთმობს. თუ სცადეთ და მოხუცს ადგილი დაუთმეთ, დიდი ალბათობით მის წყრომას და საყვედურს გამოიწვევთ.

შვედები ძალიან ამაყობენ საკურას ულამაზესი ბაღით, რომელიც სტოკჰოლმის ძველ უბანშია განფენილი მთელი თავისი ბრწყინვალებით. მაისის თვეში აფეთქებული, ულამაზესი საკურა საუცხოო სანახავია და მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს.

ნორდიკის მუზეუმი სტოკჰოლმში
მერი ბლიაძის პირადი არქივი
ნორდიკის მუზეუმი სტოკჰოლმში

არქიტექტურა

სტოკჰოლმი მდიდარი არქიტექტურით გამოირჩევა.

ქალაქის ყველაზე ძველ უბნებს Gamla Stan-ს („ძველ ქალაქს“) უწოდებენ. ეს უბნები გაშენებულია ცენტრში არსებულ მცირე ზომის კუნძულებზე. აქ შეიძლება ის ადგილებიც ნახო, საიდანაც შუა საუკუნეების შვედეთში სტოკჰოლმის მშენებლობა იწყებოდა. ძველი სტოკჰოლმის ვიწროდ ნაშენები ქუჩები, სახლები, სახურავები ფერადი და განსაკუთრებით ლამაზია. ძველ ქუჩებს სანაპირო ზოლი აკრავს გარს. წყლის ნაპირებთან ხშირად შეხვდებით შეყვარებულ წყვილებს, სტუდენტებს, მოხუცებს, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და წყლის ჩურჩულს უსმენენ.

სწორედ ძველ ქალაქში მდებარეობს სტოკჰოლმის მერია, რომელიც განსაკუთრებული, დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის აშენებას 12 წელი და 8 მილიონი აგური დასჭირდა. იგი 1923 წელს გაიხსნა და 1930 წლიდან ნობელის პრემიას მასპინძლობს. შენობას დღესაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

მუზეუმები

სტოკჰოლმი მსოფლიოში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამუზეუმო ქალაქია. ქალაქში დაახლოებით 70 მუზეუმია, რომელთაც ყოველწლიურად 9 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო მუზეუმების მხოლოდ მცირე ნაწილის დათვალიერება მოვასწარით, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა შვედეთის კულტურას და წარსულს გავცნობოდით.

სტოკჰოლმში პირველად Nordic მუზეუმი (ნორმანდიული მუზეუმი) დავათვალიერეთ. ამ მუზეუმს 1891 წელს ჩაეყარა საფუძველი. დღეს მუზეუმში უამრავი ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც შვედეთის ტრადიციების, კულტურის, სამოსის, სამზარეულოს განვითარებას ასახავს.

საუცხოოა ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი სკანსენი. აქ შვედეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი და გამართული საცხოვრებელი ნაგებობებია განთავსებული. კუნძული ურგოდენზე 1891 წელს აშენდა. აქ ყველაფერი შუა საუკუნეების ტრადიციების დაცვითაა გაკეთებული.

სკანსენის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სტოკჰოლმი
მერი ბლიაძის პირადი არქივი
სკანსენის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სტოკჰოლმი

აქ მთელი შვედეთიდან თავმოყრილია ცხოველები. მათთვის დიდი ვოლიერებია გამოყოფილი. ასევე კარგად არის განვითარებული სხვადასხვა ხელსაქმე. ტარდება მასტერ-კლასები მჭედლობაში, დურგლობაში და სხვა. აქვე არის საცხობი, სადაც ძველებური კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. ყველაფერი ძალიან ბუნებრივადაა გაკეთებული, თითქოს მართლაც შუა საუკუნეებში იმყოფებით. უმნიშვნელოვანესია მუზეუმის არქიტექტურა. ქუჩები და სახლები მშენებლობის ძველებური პრინციპებით არის ნაგები. ამ სახლებში შესვლის შემდეგ ძველი შვედების ყოფას გაიცნობთ — როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რა ნივთებს იყენებდნენ ოჯახში, რა საოჯახო საქმე ჰქონდათ ოჯახის წევრებს დაკისრებული.

ულამაზესი ხომალდი-ვაზა სტოკჰოლმში
მერი ბლიაძის პირადი არქივი
ულამაზესი ხომალდი-ვაზა სტოკჰოლმში

თუ ოდესმე გიოცნებიათ იალქნიან ხის ხომალდზე მოხვედრაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ გუსტავ ვაზას ხომალდ-მუზეუმი. ვაზა შვედური საბრძოლო ხომალდია, რომელიც ზღვაში პირველად 1628 წელს გავიდა. იმ დროს შვედეთს ვაზას დინასტია მართავდა, გემს სახელი სწორედ ამ დინასტიის პატივსაცემად დაერქვა. გემის მშენებლობისთვის ხის მასალა ყოფილა საჭირო, ამიტომ 16 ჰექტარი მუხის ტყე გაუჩეხავთ, ანუ ათასზე მეტი ხე მოუჭრიათ. ჩამოუსხამთ ბრინჯაოს ზარბაზნები. ხომალდის კორპუსი მდიდრული, მოოქროვილი, ხეში ნაკვეთი სკულპტურებით და ფერადი დეკორაციებით მოურთავთ. თავის დროზე ხომალდი სტოკჰოლმის მოსახლეობის სიამაყის საგანი გამხდარა.

მაგრამ, სამწუხაროდ, გემის მშენებლობისას ბევრი შეცდომა ყოფილა დაშვებული, რის გამოც 1826 წლის 10 აგვისტოს, ზღვაში ჩაშვებისთანავე, გემი გადაბრუნებულა და ჩაძირულა. გემბანზე ეკიპაჟის 100-მდე წევრი ყოფილა, მათ შორის ბავშვები. ვაზა სტოკჰოლმის ნავსადგურიდან მხოლოდ 100 მეტრში ჩაძირულა, ამიტომ მგზავრების და ეკიპაჟის უმეტესობა უვნებლად გადარჩენილა. ხომალდთან ერთად მხოლოდ 30 ადამიანი დაღუპულა. ჩაძირული გემი ზედაპირზე 1961 წლის 24 აპრილს ამოუტანიათ. შვედებმა გემს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარეს და 1990 წლის 16 აგვისტოს მასში მუზეუმიც გახსნეს.

შვედეთის მეფის სასახლე, სტოკჰოლმი
მერი ბლიაძის პირადი არქივი
შვედეთის მეფის სასახლე, სტოკჰოლმი

მუზეუმი იურგორდენში, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარეობს. უფრო ხშირად კი მას სკანსენის პარკად, ლუნა-პარკად და ნორდიკ–მუზეუმად მოიხსენებენ. ვაზას მუზეუმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმია სტოკჰოლმში.

გაგვიმართლა და სწორედ იმ დროს მივედით შვედეთის მეფის კარლ მეთექვსმეტე გუსტავის სასახლესთან, როცა სასახლის დაცვა იცვლებოდა, ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო, თავი მე-17 საუკუნის შვედეთში მეგონა.

მეტრო

1950 წელს სტოკჰოლმის გარეუბნებს მეორე სუნთქვა გაეხსნა – ქალაქში მეტროპოლიტენი გაიყვანეს. სტოკჰოლმის მეტროს დახასიათებას ალბათ ცალკე სტატია დასჭირდება. ეს არ არის უბრალოდ მეტრო – ეს ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, უზარმაზარი გალერეა საუცხოო ფერებითა და მღვიმეებით, დახვეწილი ქანდაკებებით, ორნამენტებით. მეტრო სათავეს იღებს ქალაქის ცენტრში მდებარე T-Centralen-ში და ქალაქის გარშემო მატარებლის 110-კილომეტრიან მარშრუტს მიჰყვება.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, იმ პერიოდში შვედეთში მიაჩნდათ, რომ ხელოვნება ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო უფრო ფართო საზოგადოებისთვის და არა მარტო ელიტარული წრეებისთვის. ეს იდეა რეალობად 1950-იანი წლების მიწურულს აქციეს და ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, მეტროში განახორციელეს. შედეგი სახეზეა…

მეტროს სადგურის ინტერიერი სტოკჰოლმში
მერი ბლიაძის პირადი არქივი
მეტროს სადგურის ინტერიერი სტოკჰოლმში

ჩვენი ბოლო გაჩერება სწორედ სტოკჰოლმის მეტრო იყო. ბოლო საღამოს უღიმღამოდ ჩავალაგეთ ბარგი. უკვე მენატრებოდა და მიხმობდა ჩემი პატარა საქართველო, მაგრამ გულიც მწყდებოდა, რომ კიდევ ბევრი რამ მრჩებოდა სტოკჰოლმში სანახავი და, ღმერთმა იცის, კიდევ მომეცემა თუ არა მისი ნახვის შანსი. ეს არის ქალაქი, რომელიც გინდა თუ არა, თავს მაინც დაგამახსოვრებს და შენ ნაწილად იქცევა…

 

მთავარი თემები