10:41 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (160)
14610

კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი ტყუილ-მართალი ვრცელდება. და, როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა იჯერებს იმ ინფორმაციას, რომელიც უფრო შემაშფოთებლად გამოიყურება.

ასეთთა რიგშია საკმაოდ ფეხმოკიდებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავაქცინო პრეპარატები უნაყოფობას იწვევს.

სწორედ ამ კითხვით მიმართა ერთ-ერთმა მკითხველმა ცნობილ უკრაინელ პედიატრს, უმაღლესი კატეგორიის ექიმ ევგენი კომაროვსკის.

„კორონავირუსზე აცრაზე ბევრი უარს იმიტომ ამბობს, რომ არაერთი პუბლიკაცია წაიკითხეს და ვიდეორგოლებიც ნახეს იმის შესახებ, თითქოს აცრის შემდეგ ადამიანი სტერილური ხდება... ნუთუ ეს მართალია? არსებობს თუ არა მსგავსი შემთხვევების შესახებ მონაცემები?“ — ინტერესდება მკითხველი.

აი, რას პასუხობს მას ექიმი:

რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს სისულელეა და მანიპულაცია.

საერთოდ, ხმები იმის შესახებ, რომ ვაქცინები უნაყოფობას იწვევს, არახალია, ის კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით არ წარმოშობილა. პოლიომიელიტის ვაქცინაზეც იმავეს ამბობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამას არც მაშინ ჰქონდა საფუძველი და არც ახლა აქვს.

როცა ფიზიოლოგიურად თუ სტატისტიკურად სრულიად უსაფუძვლო, ალოგიკური ვარაუდები ჩნდება ხოლმე, ნორმალური ადამიანები მათ ყურადღებას არ აქცევენ. აი, მაგალითად, რომ გითხრან, კორონავირუსზე ვაქცინაცია თავზე მეტეორიტის დაცემის რისკებს ზრდისო, ხომ იკითხავთ, რა კავშირია ამ ორ ამბავს შორისო? მერე კი იმასაც დაასკვნით, რომ მსგავსი რამ მხოლოდ შიზოფრენიკს მოუვა აზრადო. შესაბამისად, ამაზე რეაგირება იგივეა, რომ თავადაც შიზოფრენიკად იქცეთ.

სწორედ ამიტომაა, რომ სამედიცინო საზოგადოება საჭიროდ არც მიიჩნევს (თუმცა მე ეს დიდ შეცდომად მიმაჩნია), უარყოს ეს კონცენტრირებული ბოდვა. იმგვარად მოაზროვნეების რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აცრა: მის გენოტიპს შეცვლის, უნაყოფოდ აქცევს, ლიბიდოს დაუქვეითებს, რამდენიმე თაობით დაუსუსტებს იმუნიტეტს, მის შვილებს გადაეცემა, ვაქცინაცია დაჩიპვაა, რათა მართონ ადამიანი... მაინც შეზღუდულია.

არადა, ნებისმიერი მარკეტოლოგი გეტყვით, რომ მოწინააღმდეგეებთან მუშაობა ლამის ყველაზე მთავარია ნებისმიერი პროდუქციისა თუ იდეის პოპულარიზაციის საქმეში...

რატომ არ ცდილობს ვინმე ან მსოფლიო დონეზე, ან ჯანმოს დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროების დონეზე, იმუშაონ ასეთი სულელური მითების, უსაფუძვლო მოსაზრებების წინააღმდეგ – ჩემთვის სრულიად გაუგებარია. არადა, წესით, როგორც კი ვინმე ვაქცინებთან დაკავშირებით საჯაროდ წარმოთქვამს სიტყვას „უნაყოფობა“, ჯანმოსა და ეროვნული ჯანდაცვის სამინისტროების რესურსებზე მაშინვე უნდა გაჩნდეს ამ ბოდვის არგუმენტირებული უარყოფა.

ასეთი პუბლიკაცია მაქსიმუმ რამდენიმე ათეული შეიძლება იყოს, თუმცა ვაქცინაციის შესახებ მითების პრობლემა მაინც მოიხსნება. და ამის შემდეგ ჯანსაღად მოაზროვნე არცერთი ადამიანი უბრალოდ ყურადღებას აღარ მიაქცევს უაზრობის მომდევნო ულუფას.

თემები:
ექიმი გირჩევთ (160)

მთავარი თემები