19:20 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
85610

„ეს ფილმი ზოგადად დღევანდელი ადამიანების პორტრეტია, სარკეა, რომელშიც, მინდა, მაყურებელმა საკუთარი თავი ამოიცნოს“ – ამბობს 17 წლის საბა ბოდოკია, რომელიც ფილმ „ავტოპორტრეტის“ რეჟისორი, სცენარის ავტორი, ოპერატორი, მემონტაჟე, ხმის რეჟისორი და მხატვარი ერთდროულად არის.

აქვე ვიტყვით, რომ ფილმი მობილური ტელეფონითაა გადაღებული და მასშივეა დამონტაჟებული.

ადრე უკვე ვახსენეთ, რომ საბა საბავშვო ფილმების მეათე საიუბილეო (ON LINE) საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა-2020" მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მაშინ ფესტივალის დამაარსებელმა და ორგანიზატორმა, რეჟისორმა ირაკლი ჯაოშვილმა მას აღმოჩენა უწოდა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ საბამ მაყურებლის წინაშე უკვე მეორე ფილმი გამოიტანა. ამჯერად მისი „ავტოპორტრეტი“ ფართო ეკრანზე გავა. ფილმის პრემიერა 13 ივნისს ქუთაისში, კინოთეატრ „საქართველოში“ შედგება.

ამ ფილმის სცენარი საბამ 15 წლის ასაკში დაწერა. როგორც გვითხრა, ფილმით სურს, რომ ადამიანი დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს, როგორ გრძნობს და სინამდვილეში რა არის მთავარი, რაც მას ყოველდღიურობის მიღმა რჩება ხოლმე...

კადრი ფილმიდან ავტოპორტრეტი
კადრი ფილმიდან "ავტოპორტრეტი"

- საბა, თავიდანვე განვმარტოთ, ვისი ავტოპორტრეტია ფილმი?

- ეს ფილმი „ჩემი“, „შენი“, „თქვენი“ და „ჩვენი“ პორტრეტია, ეს არის სარკე, რომელშიც ჩახედვისას თითოეული მაყურებელი საკუთარ თავს დაინახავს. ეს არის ჩვენი რეალური ცხოვრება, რომელშიც ვცდილობ მაყურებელს საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსითაც ვაჩვენო. ჩვენ ხომ დაძაბულ ფსიქოლოგიურ ფონზე გვიწევს ცხოვრება, სადაც არც დრამა გვაკლია, არც მისტიკა და არც ტრაგიზმი. ამ ოცწუთიან ფილმში მაყურებელი იგრძნობს ყველაფერს ერთად: სევდას, თავისუფლებას, ბედნიერებას, შიშს, სიყვარულს, ზიზღს, რისხვას, სისატიკეს, მწუხარებას და საერთო ჯამში – გრძნობათა სრულ პალიტრას...

ფილმის აფიშა
ფილმის აფიშა

- რა არის ფილმის მთავარი სათქმელი, რისი თქმა გინდა?

- ამ ფილმის სცენარი 15 წლის ასაკში დავწერე, ჩემი სურვილი იყო, რომ ხალხს საკუთარი თავი მაყურებლის პოზიციიდან დაენახა და ის სიძულვილი ეგრძნო, რაშიც არსებობა უწევს... ჩვენ, ადამიანები, ვცხოვრობთ ირმის ნახტომში, რომელიც 100 000 სინათლის წელიწადია, კოსმოსში კი არსებობს ჩვენს გალაქტიკაზე ორჯერ დიდი, მილიარდობით ასეთი გალაქტიკა საკუთარი მზეებით და პლანეტებით. გამოდის, რომ ცაში ყოველი ახედვისას იმ სამყაროს ვუსწორებთ თვალს, რომელიც ჩვენს ზემოთაა გადაშლილი.

კადრი ფილმიდან ავტოპორტრეტი
კადრი ფილმიდან "ავტოპორტრეტი"

- ამიტომაც დედამიწას, როგორც საკუთარ სახლს ისე წარმოაჩენ?

- დიახ, გალაქტიკის ფონზე ჩვენი სახლი, დედამიწა იმდენად პატარაა, რომ ის შემიძლია ოთახში გარედან შემოსულ, მზის სხივებში მოფარფატე მტვერს შევადარო. სწორედ მტვრის ამ ნაწილზე ვცხოვრობთ ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც დედამიწა სამყაროს ცენტრად ვაქციეთ... ამ პატარა სამყაროში ყველას აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული რელიგია, მსოფლმხედველობა, აზრი, შეხედულება, სტილი, კანის ფერი, სხეული, ორიენტაცია და ა.შ. კაცობრიობა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს, ანუ ფაქტობრივად არც ისე მნიშვნელოვანს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ არსებითი ამის მიღმა რჩება ხოლმე.

კადრი ფილმიდან
photo: courtesy of Saba Bodokia
კადრი ფილმიდან

- ფილმში ადამიანების გარკვეული კატეგორიის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენ...

- დიახ, ვფიქრობ, არავის აქვს სხვისი თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის უფლება, არ გეჩვენებათ, რომ საკმაოდ ბევრ დროს ვხარჯავთ იმ ადამიანის კრიტიკაში, ვინც განსხვავებულ სტილს ქმნის, განსხვავებულ აზრს წარმოთქვამს, ვინც მავნე და მოძველებულ ტრადიციებს თავს არიდებს, ანუ ვინც უბრალოდ ყველას არ ჰგავს? ბრბო ხომ ყველა დროში განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ იმიტომ ილაშქრებს, რომ ინდივიდუალიზმის არსს ვერ წვდება. ფილმში ამ ყველაფრის მიმართ კრიტიკა მხატვრული ფორმებითაა წარმოჩენილი. ჩემი კინოესთეტიკა ემოციებით თამაშია, რასაც ბუნების სურათებითაც გადმოვცემ. იმედი მაქვს, ამ ფილმში ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და არა მარტო ამოიცნობს, შეეცდება ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება შეცვალოს კიდეც.

კადრი ფილმიდან ავტოპორტრეტი
კადრი ფილმიდან "ავტოპორტრეტი"

- ფილმი თავიდან ბოლომდე მხოლოდ შენი პროდუქტია?

- ჯერ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფილმი მობილური ტელეფონითაა გადაღებული და მასშივეა დამონტაჟებული, ყოველგვარი ეფექტებისა და ტექნიკური აპარატურის გარეშე. ფილმის შექმნაში დიდი წვლილი აქვთ ჩემს ძმას და მამას, რომლებიც მთელი გადაღების მანძილზე აქტიურად მეხმარებოდნენ, რათა ფილმისთვის აუცილებელი რეკვიზიტები გადაღების ადგილზე მიგვეტანა. დედა და ბებო სწრაფად და ადვილად ჭრიდნენ იმ პრობლემებს, რაც მოულოდნელად იჩენდა თავს გადაღებების დროს. პროდიუსერის როლს ამ ეტაპზეც აქტიურად ასრულებენ დედა, ჩემი ძმა თემო და მეგობარი ვიოლეტა. მოკლედ, ყველანი გვერდში მედგნენ და, იმედია, ამ ერთობლივი შრომის შედეგი ყველას მოეწონება.

კადრი ფილმიდან ავტოპორტრეტი
კადრი ფილმიდან "ავტოპორტრეტი"

- როლების შემსრულებლებზე რას გვეტყვი?

- ფილში მთავარი როლების შემსრულებლები არიან ჩემი ბიძაშვილები - ფაბი ბოდოკია და ნინა ხაინდრავა. მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, დედის როლს თამაშობს ჩემი რეალური დედა - ეკატერინა ტყეშელაშვილი. ე.წ. „თავისუფალ ადამიანთა“ როლებში არიან ნაზიბროლა გიგიაძე და მარიამ ბრეგვაძე. ფილმში ყველაზე პატარა მონაწილე ერთი წლის თომა მჟავანაძეა. „უსახო არსებათა“ როლში ჩემი მეგობრები და კლასელები არიან, რომელთა წყალობით ფილმი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა.

კადრი ფილმიდან ავტოპორტრეტი
კადრი ფილმიდან "ავტოპორტრეტი"

- შეგიძლია მითხრა, პანდემიამ როგორ შეცვალა შენი თაობის ცხოვრება?

- ისე გამოვიდა, რომ გარდატეხის ასაკის სირთულეების გადალახვა ჩვენ პანდემიის პირობებში გვიწევს. ეს მაშინ, როცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრებთან ურთიერთობაა. გამოდის, რომ ახლა ერთბაშად ორ სამყაროში ვცხოვრობთ - რეალურში და ვირტუალურში. ამ უკანასკნელში შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ერთმანეთს ხშირად დავუკავშირდეთ და ვუამბოთ ყოველდღიური ამბები, გრძნობები თუ განცდები. ჩემი თანატოლების მონაყოლიდან ვხვდები, რომ ყველა გულჩათხრობილი და სევდიანია, რეალურ სამყაროში ამის გადაფარვა ხალხთან ურთიერთობით ხდება, მაგრამ ღამით, როცა ვირტუალურ სამყაროში შევდივართ, იქ ვიძირებით, რადგან მხოლოდ საკუთარ თავთან ვრჩებით. მარტოობას კი, ვიცი, ყველა ჩემი თანატოლი როგორ მძაფრად განიცდის... ეს ყველაფერი ალბათ ერთ დღეს ჩემს მომავალ ფილმებში აისახება. ბევრი იდეა მაქვს, რომელთა დალაგებას დროსა და სამყაროს ვანდობ...

 

მთავარი თემები